4 წუთი წასაკითხად
წიგნები ყველასთვის: ზაფხულის საკითხავი ნებისმიერი გემოვნებისთვის
27 ივლ. 2026
4 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
არაფერი შეედრება წიგნის სამყაროში დაკარგვას მგზავრობისას, ჰამაკში ნებივრობისას, თუ ზღვის სანაპიროზე, ჩრდილქვეშ ჯდომის დროს. დასვენებასთან, ახალი ადგილების და გამოცდილებების შეცნობასთან და მოგონებების დაგროვებასთან ერთად, მხატვრულ სამყაროში მოგზაურობის გარეშე, ზაფხული ზაფხული არ არის.
საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია. ახალი ლიტერატურული ტერიტორიების დალაშქვრისას შენ გვერდში რომ გვიგულო, ამ ბლოგში ისეთი წიგნები შეგირჩიეთ, რომლებში დაკარგვაც ერთი დიდი თავგადასავალია.
ჰომეროსი, ოდისეა
არ აქვს მნიშვნელობა, რა გზით მიხვედი ამ ნაწარმოებამდე: ლიტერატურული რეფერენსით თუ ფილმის პრემიერაზე ზენდაიას განსაკუთრებული ლუქით. ოდისეა ის წიგნია, რომელიც არცერთ კითხვის მოყვარულ ადამიანს არ დატოვებს გულგრილს, იქნება ეს სიუჟეტით თუ პერსონაჟების სიღრმით.
ჰომეროსის ეს ეპოსი, რომელმაც ფაქტობრივად განსაზღვრა შემდგომი ლიტერატურული ტრადიცია, ერთი კაცის: მრავლისმნახველი ოდისევსის შესახებ გვიყვება. ამ სრულიად განსაცვიფრებელ ნარატივში ავტორი ყველა დიდ და განსაკუთრებულ ლიტერატურულ მოტივს სრულიად ბუნებრივად აერთიანებს.
ხუან რულფო, პედრო პარამო
შემდეგ წიგნზე, რომლის წაკითხვასაც გირჩევთ, გაბრიელ გარსია მარკესმა თქვა: ეს წიგნი რომ დამეწერა, მთელი ცხოვრების განმავლობაში არაფერზე ვიდარდებდი და აღარაფერს დავწერდიო. პედრო პარამო ზუსტად ისეთი ნაწარმოებია, რომელიც თავს არასდროს განებებს.
წაკითხვის შემდეგ პერსონაჟები შენს გონებაში დიდხანს ცოცხლობენ და პერიოდულად თავიანთი რეპლიკებით გახსენებენ თავს. ეს რომანი სამხრეთ ამერიკისთვის დამახასიათებელი მაგიური რეალიზმის ერთ-ერთ მთავარ საწყისად მიიჩნევა. თუ სიზმრებით, ალეგორიული მინიშნებებით, შთამბეჭდავი და ხანდახან დამზაფვრელი დიალოგებით სავსე ტექსტების კითხვა გიყვარს, ხუან რულფოს ეს რომანი აუცილებლად უნდა წაიკითხო.
ერნესტ ჰემინგუეი, კილიმანჯაროს თოვლი
თუ რომანების კითხვაზე მეტად სიამოვნებას მოთხრობები განიჭებს, არ უნდა გამოგრჩეს ჰემინგუეის კილიმანჯაროს თოვლი. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ამ სრულიად უნიკალური ამერიკელი ავტორის მოთხრობები პერიოდულად ითარგმნებოდა ხოლმე და ქართველ მკითხველს ძალიანაც შეაყვარა თავი. სულ ახლახან კი მისი 49 შედარებით ადრეული მოთხრობა პირველად გამოიცა ქართულად, გაერთიანებული სახით.
სწორედ ამიტომაა ეს კრებული გამორჩეული, რომ ერთგვარად თანაგანმცდელს გხდის იმ რთული გზისა, რომელიც ჰემინგუეიმ გაიარა, სანამ თავის დიდ რომანებს დაწერდა. მისი გენიალური სტილი, რომელიც მოკლე, სხარტ დაწურულ ფრაზებში გამოიხატება, უკვე მკაფიოდ ვლინდება ამ მოთხრობებში და ამერიკისა და ევროპის პატარა ქალაქებში, ხან კი სულაც აფრიკის უსასრულო სავანაში გამოგზაურებს.
იუკიო მიშიმა, ტალღების ხმაური
ახლა კი დასავლურიდან აღმოსავლურ ლიტერატურაში გადავინაცვლოთ. გვმინდა გირჩიოთ წიგნი, რომლის ავტორიც მეოცე საუკუნის იაპონური ლიტერატურის გამორჩეული წარმომადგენელია. იუკიო მიშიმას ნაწერები სრულიად განსაკუთრებული ესთეტიკური ხაზით გამოირჩევა, რომელიც მჭიდროდაა გადაჯაჭვული იაპონურ ტრადიციასა და სულისკვეთებასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნიც ნაწილობრივ ამ ტრადიციაშია, მაინც ძალიან განსხვავდება მიშიმას სხვა რომანებისა თუ მოთხრობებისგან. ტალღების ხმაური ახალგაზრდა მეთევზეზე გვიყვება, რომელსაც მდიდარი ოჯახის შვილი, მყვინთავი გოგო უყვარდება. ეს, ერთი შეხედვით, კლასიკური ისტორია მიშიმას სტილში განსაკუთრებულ ელფერსა და განვითარებას პოულობს. რომანში, რასაკვირველია, ზღვაც პერსონაჟია და თუ მას სანაპიროზე, სწორედ ტალღების ხმაურში წაიკითხავ, კიდევ უფრო მეტად შეიგრძნობ სიტყვებში მოხელთებულ სამყაროს.
ჰან კანგი, ვეგეტარიანელი
თუ პოეტური პროზა შენი ინტერესის სფეროა და გიყვარს ისეთი რომანების კითხვა, სადაც ნარატიულ ხაზს მთავარი მნიშვნელობა არ ენიჭება, აუცილებლად უნდა წაიკითხო ჰან კანგის, თანამედროვე კორეელი ავტორის, რომანი ვეგეტარიანელი.
2024 წელს იგი გახდა პირველი აზიელი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო სწორედ იმ გამორჩეული წერის სტილისთვის, რომლითაც ახერხებს პოეტური ენით დაუპირისპირდეს იმ დომინანტურ დისკურსებს, რომლებიც ადამიანების ცნობიერებას ატყვევებენ. რომანი სამი სხვადასხვა პერსონაჟის პერსპექტივით მოგვითხრობს ქალის, იონგჰეს ისტორიას, რომელიც ერთი შეხედვით მარტივი გადაწყვეტილებით, გახდეს ვეგეტარიანელი, უპირისპირდება მის გარშემო არსებული რეალობის სიმძიმეს.
იუნ ფოსე, დილა და საღამო
ნორვეგიული ლიტერატურის ვარსკვლავის, იუნ ფოსეს წიგნები უკვე რამდენიმე წელია, რაც ქართულადაც გამოიცემა. მისი პატარა რომანი დილა და საღამო სკანდინავიური ლიტერატურის გამორჩეული ნიმუშია. მშვიდი, აუღელვებელი და გამეორებებით სავსე წერის სტილი ფოსეს წიგნების კითხვას თერაპიულ გამოცდილებად აქცევს.
წიგნი მეთევზის ცხოვრებაზე გვიყვება: პირველ ნაწილში მეთევზის მამის პერსპექტივაა გადმოცემული მისი დაბადებისას, ხოლო მეორე ნაწილი თავად მეთევზის ხედვაა საკუთარ სიკვდილზე, როდესაც იგი თავისი განვლილი ცხოვრების გამორჩეულ ეპიზოდებსა და ადგილებს სტუმრობს.
ჯონათან ფრანზენი, თავისუფლება
თუ ზაფხულის დასვენება შენთვის თავისთავად ასოცირდება სქელტანიანი წიგნების კითხვასთან და გიყვარს თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგრჩეს ჯონათან ფრანზენის რომანი: თავისუფლება. რომანი ბერგლანდების ოჯახური საგაა, რომელსაც თან ახლავს 2000-იანი წლების სოციალური ფონი და პრობლემატიკა, რომელიც ქართველი მკითხველისთვისაც ნაცნობია.
ფრანზენი საკუთარი პერსონაჟების აღწერისას ექსპერიმენტული თხრობის ხერხების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ტრადიციას არც ამ რომანის შემთხვევაში ღალატობს. ეს ეპიკური ტილო ხან ტრაგიკულად და ხანაც კომიკურად გვიყვება თანამედროვე ცხოვრების, პოლიტიკის, გლობალური საფრთხეების, იდეალებისადმი თავდადების, სიყვარულის, ერთგულებისა თუ ღალატის შესახებ. თავისუფლების მძიმე ტვირთსა და საცდურებზე. იგი მოგვითხრობს მოზარდთა ვნებებზე, საშუალო ასაკის ადამიანების ურთიერთობაში გაჩენილ კრიზისზე, მათ შეუპოვრობასა თუ კომპრომისებზე.
ტედ ჯიოია, მუსიკა: ამბოხის, სირცხვილისა და მითვისების ისტორია
ტედ ჯიოია თანამედროვე ამერიკელი კულტურის მკვლევარი და მუსიკის კრიტიკოსია, რომლის წიგნიც: მუსიკა: ამბოხის, სირცხვილისა და მითვისების ისტორია – ქართულად რამდენიმე წლის წინ ითარგმნა.
როგორც სათაური მიგვანიშნებს, ეს ნაშრომი მსოფლიო ისტორიის განმავლობაში მუსიკის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე გვიყვება. ჯაზი გიყვარს, პანკი თუ ტექნო – აქ ნახავ, თუ საიდან წარმოიშვა შენი საყვარელი მიმდინარეობები და რა გავლენა ჰქონდა მათ კულტურასა და პოლიტიკაზე.
იუვალ ნოახ ჰარარი, ნექსუსი
„ნექსუსი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მკვლევრის, იუვალ ნოახ ჰარარის, უახლესი წიგნია. ავტორს ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს მისი მსოფლიო ბესტსელერებით – „საპიენსი“ და „ჰომო დეუსი“.
„ნექსუსი“ თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემებს ეძღვნება: ხელოვნურ ინტელექტს, ინფორმაციის სწრაფ გავრცელებასა და ტექნოლოგიურ პროგრესს. ჰარარი გვთავაზობს ახალ პერსპექტივას ინფორმაციის როლზე და გვაფიქრებინებს, როგორ ცვლის ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს ყოველდღიურობას, გადაწყვეტილებებსა და მომავალს.
თავგადასავლებით სავსე ზაფხულს გისურვებთ!