2 წუთი წასაკითხად
SOLO წარმოგიდგენთ: ვინილი თაკარა – ბგერად ქცეული მოძრაობა
12 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
სცენაზე მუსიკა და მოძრაობა განუყოფელია – თან თაკარას სცენაზე, სადაც, ილიკო სუხიშვილის თქმით, მუსიკა ცეკვასთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ და ბგერა-ბგერა იქმნება. შეგვიძლია, ასეც წარმოვიდგინოთ, თაკარას მუსიკა საკუთარ თავში იტევს იმ უნიკალურ ენერგიას, მუხტსა და რიტმს, რომელიც აქ, ამ ზაფხულის მზით გახურებულ სცენაზე დაიბადა და ცოცხლობს.
ახლა უკვე ამ ენერგიის შეგრძნება სცენის მიღმაც არის შესაძლებელი, SOLO-ს მიერ შექმნილი ვინილით, სახელწოდებით თაკარა. 600 ეგზემპლარად გამოცემული ლიმიტირებული კოლექცია მსმენელს ნებისმიერი ადგილიდან, დაუსწრებლად აქცევს წარმოდგენის ნაწილად.

ფირფიტა სახელად თაკარა
სუხიშვილებზე საუბრისას, ყურადღება უმეტესად მათ მომაჯადოებელ ქორეოგრაფიაზე მახვილდება. მუსიკა, რომელიც წარმოდგენის მაგიურ ძალას განაპირობებს, ხშირად ჩრდილში რჩება. SOLO-ს ექსკლუზიურ პროექტში – ვინილში თაკარა, შვიდი მუსიკალური ჩანაწერია შვიდი წარმოდგენიდან. თაკარას მუსიკა იმ ჯადოსნური მომენტების კაფსულაა, რომელიც ამ სცენას არაერთხელ უნახავს.

კომპოზიციები ქართულ, უნიკალურ მრავალსახოვან ხასიათზე ჰყვებიან. მაგალითად, ალბომის პირველი კომპოზიცია დადგმა ქარაბშადანაა, რომელიც ცეკვის თავისუფალ, ლაღ და იმპროვიზაციულ ენერგიას ატარებს. მელოდია ჯარა სვანურ მოტივებზე შექმნილ დადგმას აფორმებს, იგი საოცრად ზუსტი, ტექნიკური და რიტმულია; აჭარული კინტრიში კი, პირიქით, მოქნილი, ენერგიული და მსუბუქია.
თავად სცენა თაკარა კოვიდ პანდემიის პერიოდში შეიქმნა. ღია სივრცე ნაფეტვრებში, ქალაქიდან მოშორებით მდებარეობს. როგორც მოცეკვავე თამარ დვალი აღნიშნავს, ბუნებასთან შერწყმული სცენა ანსამბლს უდიდესი ენერგიით ავსებს, სილაღეს ანიჭებს და ცეკვის სრულიად ახალი განზომილების აღმოჩენაში ეხმარება.
სცენის ბუნებაც მეტად თავისუფალია. აქ წარმოდგენასა და მაყურებელს შორის ზღვარი თითქმის წაშლილია. სცენაზე ძირითადად ახალი, ექსპერიმენტული წარმოდგენები იდგმება. განუმეორებელი ჟღერადობით და ენერგიით ეს დადგმები ქმნიან ჯადოსნურ მომენტს. ისეთს, მაყურებელს კიდევ დიდხანს, წლობით რომ გაჰყვება.
თაკარას სცენაზე გატარებული არაერთი საღამოსა და დაუღალავი რეპეტიციების შემდეგ ალბომი ერთი ამოსუნთქვით შეიქმნა. ილიკო სუხიშვილმა და მისმა გუნდმა კომპოზიციები სტუდია Leno Records-ში ერთი ვიზიტით ჩაწერეს.
თაკარას ვინილი მკაცრად ლიმიტირებული რაოდენობით გამოიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მფლობელის ხელში ექსკლუზიური, უნიკალური სერიული ნომრის მქონე ფირფიტა აღმოჩნდება. ვინილის შეძენა SOLO ბუტიკშია შესაძლებელი.

წარსულისა და აწმყოს დიალოგი
ექსპერიმენტები სუხიშვილების მემკვიდრეობაა. მე-20 საუკუნეში ჩატარებული ეთნოგრაფიული კვლევების საფუძველზე, ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა ქართული ხალხური ცეკვის უხეში და ქაოსური ბუნება კლასიკური ბალეტის ესთეტიკას, სინქრონს, დისციპლინასა და დახვეწილ ილეთებს შეურწყეს.
ამ დროიდან მოყოლებული, სუხიშვილები ტრადიციის იმპროვიზაციულ ბუნებაზე საკუთარი მუსიკითა და დაუვიწყარი დადგმებით საუბრობენ. თაკარას მუსიკაც, სადაც ექსპერიმენტული სცენისთვის შექმნილი მელოდიები ტრადიციულ და თანამედროვე ჟღერადობას ერთმანეთში ხლართავს, ანსამბლის ამ მემკვიდრეობას აგრძელებს.
სწორედ მუსიკის ეს მოქნილობა წარმოაჩენს მოძრაობას ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობად და მას ისტორიის თხრობის ავთენტურ საშუალებად აქცევს. SOLO-ს მიერ შექმნილი ვინილი თაკარა კი მფლობელს სუხიშვილების ისტორიის თანამონაწილედ აქცევს და მათ მემკვიდრეობასთან აზიარებს.