
2 წუთი წასაკითხად
3 ქართული ფინტექ სტარტაპი, რომელიც გლობალურ ბაზარზე გავიდა
14 სექ. 2022
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ფინტექ (ფინანსური ტექნოლოგიები) ეკოსისტემა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვნად ვითარდება. ამაზე კარგად მეტყველებს ქართული ფინტექ სტარტაპების ჩამოყალიბების მზარდი ტენდენცია და მათ მიერ შეთავაზებული ფინტექ სერვისების აქტუალობაც.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა ფინტექ სტარტაპმა უკვე შეძლო, თავიანთი სერვისები არამხოლოდ ლოკალურად შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის, არამედ – გლობალურადაც. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ ბლოგში იმ ქართულ სტარტაპებზე გიამბოთ, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ.
ბლოგი, რომელსაც ახლა კითხულობთ 2022 წელს დაიწერა.
გაეცანით უახლეს ბლოგებს სტარტაპებზე:
Kernel
ერთ-ერთი ასეთი კარგი მაგალითია კერნელი, რომელიც, მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების პლატფორმას წარმოადგენს. მისი მეშვეობით მომხმარებლებს თავიანთი ინვოისების მარტივად მართვა შეუძლიათ. გარდა ამისა, კერნელი მათ ასევე აძლევთ საშუალებას, გამოთვალონ გადასახადები და სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლები, რომლის მეშვეობითაც მარტივად შეაფასებენ საკუთარ ბიზნესს და მიიღებენ უკეთეს ფინანსურ გადაწყვეტილებებს.
კერნელი 2019 წლის დეკემბერში ბექა დალაქიშვილმა, ბექა ზღულაძემ და გუსტავ გროთმა დააფუძნეს. არსებობის განმავლობაში კერნელმა უკვე არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ერთ-ერთი ასეთი კი 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრა იყო, რომელმაც კომპანიის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდა. შედეგად, კერნელი დღეს საქართველოს გარდა, ინდოეთსა და ფილიპინებში ოპერირებს. თუმცა, კომპანია ასევე გეგმავს ისეთ ქვეყნებში შესვლასაც, როგორებიცაა ნიგერია და პაკისტანი.
Citypay.io
როცა ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე გასულ ფინტექ სტარტაპებზე ვსაუბრობთ, ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ Citypay.io-ც, რომელიც ბექა ქემერტელიძემ და ერალფ ჰატიპოღლუმ დააფუძნეს. პლატფორმა ერთგვარ ციფრული გადახდების მიღების საშუალებას წარმოადგენს ბიზნესებისთვის, რომლის დახმარებითაც ისინი გადახდების მიღებას კრიპტოვალუტით ახერხებენ. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა მოსახერხებელია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სავაჭრო ობიექტებზეც გადახსენბის მისაღებად.
დღესდღეობით Citypay.io 300-ზე მეტ ბიზნესს უწევს მხარდაჭერას და სულ რამდენიმე თვის წინ მან უკვე შეძლო გლობალურ ბაზარზეც შეეთავაზებინა ბიზნესებისთვის თავისი სერვისები და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კონკრეტულ სეგმენტებზე სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაცია განახორციელა. კომპანია ასევე წარმატებით უნდა შესულიყო უკრაინის ბაზარზეც, თუმცა, მიმდინარე მოვლენებმა ეს პროცესი გარკვეული პერიოდით შეაჩერა.
Payze
Payze ქართული ფინტექ სტარტაპია, რომელიც ფულის მიღების ინოვაციური ონლაინ-საშუალებაა, როგორც ტექნიკური, ასევე ინტეგრაციის ყველაზე გამარტივებული ხელსაწყოებით მათთვის, ვინც ონლაინ სივრცეში პროდუქტს ან სერვისს ყიდის. სტარტაპი გეგა წურწუმიამ, კახა გელაშვილმა და გეგა თოფაძემ ერთობლივად დააფუძნეს.
სტარტაპმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მას შემდეგ, რაც 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. კერძოდ, ის გახდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აქსელერატორის, Y Combinator-ის წევრი.
კომპანიის ორიენტირი დასაწყისშივე ცენტრალური აზიისკენ იყო მიმართული და მარტში სტარტაპმა უკვე მოახერხა, რომ უზბეკეთის ბაზარზე შესულიყო. Citypay.io-ს მსგავსად, Payze-ს ასევე ჰქონდა გეგმაში უკრაინის ბაზარზე შესვლაც, თუმცა, ეს პროცესი მათთვისაც დროებით შეფერხდა.

