Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

პედრო ვიერას 5 რჩევა: რა სჭირდება სტარტაპს გლობალური წარმატებისთვის

სტარტაპის განვითარების გზაზე ინვესტიციის მოზიდვა მხოლოდ დასაწყისია. ნამდვილი გამოწვევა მცირე დროში მაქსიმალური შედეგის ჩვენებაა.

500 Global in Eurasia მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფონდი და აქსელერატორია, რომელიც პერსპექტიულ სტარტაპებს 100,000 დოლარით აფინანსებს და 12 კვირიან ინტენსიურ პროგრამას სთავაზობს. ამ დროის განმავლობაში გამოცდილი მენტორების დახმარებით, სტარტაპები იდეებს მასშტაბურ, გლობალურ ბიზნესად აქცევენ.

პროგრამის პარტნიორი და გამოცდილი ინვესტორი, პედრო სანტოს ვიერა, იმ მთავარი პრინციპების შესახებ გვესაუბრა, რომლებსაც გუნდები დიდ წარმატებამდე მიჰყავს.

#1 ინვესტიცია დროსა და სწავლის ტემპში

პროგრამის მთავარი ღირებულება მხოლოდ დაფინანსება არ არის, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სისწრაფეა. პედრო ამ პროცესს კომპრესიას უწოდებს: 12-კვირიანი სტრუქტურირებული წნეხი დამფუძნებლებს აიძულებს, თვეების ნაცვლად კვირებში დატესტონ ჰიპოთეზები, იდეები, რომლებზეც სხვა შემთხვევაში თვეებს დახარჯავდნენ. ამას ემატება 500 Global-ის მასშტაბური ქსელი 2900-ზე მეტი კომპანიით, ასობით თანაინვესტორითა და ბიზნესპარტნიორით.

#2 ფოკუსი რეალურ ზრდაზე

აქსელერატორის მიზანი ინვესტორების მოსახიბლად შედეგების ხელოვნურად გაზრდა არ არის. მთავარია, ვიპოვოთ ის, რაც რეალურად ამართლებს. ამიტომ გუნდები უამრავ ექსპერიმენტს ატარებენ, ცდიან გაყიდვების ახალ არხებს, მესიჯებსა თუ ფასებს. მაგალითად, სტარტაპმა Praktika ექსპერიმენტებით 20-მილიონიან წლიურ შემოსავალს (ARR) მიაღწია, ხოლო Katalist-მა 500,000-იან ნიშნულს ერთ წელზე ნაკლებ დროში გადააჭარბა. ლოგიკა ასეთია – რაც ამ 12 კვირას გადაურჩება და იმუშავებს, მომავალში სწორედ ის მოიტანს დიდ შედეგს:

ძლიერი განაცხადი ნიშნავს უკვე დაწყებულ საქმეს და არა მხოლოდ იდეის აღწერას.

#3 პრაქტიკული ჩართულობა თეორიული რჩევების ნაცვლად 

პროგრამაში გამოცდილი მენტორების ჩართულობა მხოლოდ რჩევებით არ სრულდება. ისინი თავადაც ყოფილან დამფუძნებლები და პრობლემაზე საფუძვლიანად მუშაობენ. მაგალითად, თუ გუნდი არასწორ მომხმარებელზე კარგავს დროს, მენტორი მათთან ერთად იწყებს მყიდველის რეალურ გამოცდილებაზე ფიქრს და საჭიროების შემთხვევაში, მიმართულებასაც აცვლევინებს. ამასთან, პროგრამა მონაწილეებისგან არ მოითხოვს მთელი დღის დათმობას. დამფუძნებლებს დღეში მხოლოდ რამდენიმე საათი სჭირდებათ, დანარჩენ დროს კი ამ ცოდნის საკუთარ კომპანიაში დანერგვას უთმობენ.

#4 მტკიცებულება ლამაზი პრეზენტაციის ნაცვლად

პედროს თქმით, პროგრამაში განაცხადის შემოტანამდე დამფუძნებელი 50 პოტენციურ მომხმარებელს მაინც უნდა ესაუბროს. პროგრამისთვის იდეალური კანდიდატი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია რჩევის მოსმენა და ადაპტაცია, რომელიც მზად არის, საკუთარი საბაზისო შეხედულებებიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. წარმატებული გუნდი არის ის, რომელიც კრიტიკას მტკიცებულებებით პასუხობს და არა თავის მართლებით. ლამაზი პრეზენტაცია არაფერს ნიშნავს, თუ მის უკან რეალური მონაცემები არ დგას:

ფინალურ ეტაპზე ვაკვირდები, როგორ უმკლავდება დამფუძნებელი კრიტიკას. ვეძებ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ პოზიციას ფაქტებით იცავენ და არა ზედმეტი თავმოყვარეობით.

#5 ადგილობრივი ტესტირება და გლობალური ხედვა 

პედროს თქმით, ქართველი დამფუძნებლები გამოირჩევიან მიზანდასახულობით და გლობალური აზროვნებით. მცირე ბაზრის გამო უწევთ პროდუქტი თავიდანვე გლობალური ბაზრისთვის შექმნან, ტესტირება კი ლოკალურად გაიარონ.

წარმატებას აღწევს ის, ვინც პროდუქტს სწრაფად ტესტავს ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ პირველივე დღიდან ქმნის გლობალური ბაზრისთვის.

ამ პროცესში უდიდესი როლი აქვთ პარტნიორებს. საქართველოს ბანკი სტარტაპებს ეხმარება საპილოტე პროექტებში, საგადახდო ინფრასტრუქტურასა და მარეგულირებელთან ურთიერთობებში – დამოუკიდებლად ამ ყველაფრის მოპოვებას წლები დასჭირდებოდა, GITA კი ზრდის სახელმწიფო სანდოობას და იძლევა თანადაფინანსების შესაძლებლობას.

პედრო სანტოსი მონაწილეებს ურჩევს, არ გაჩერდნენ და უარის შემთხვევაშიც განაგრძონ მცდელობა:

დაბრუნდით უკეთესი მტკიცებულებებით და არა უკეთესი პრეზენტაციით. უარი მხოლოდ ვარაუდია, რომელიც შეგიძლიათ ახალი მონაცემებით გააბათილოთ.

საბოლოოდ, 500 Global დამფუძნებლებს აძლევს სრულფასოვან გარემოსა და შანსს, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და დახვეწონ იდეები და მიდგომები. მთავარი უწყვეტი ტესტირების სურვილი, მონდომება და სიახლეებისადმი ღიაობა და შეუჩერებლობაა: სწორედ ამ თვისებებს მიჰყავს პატარა წამოწყება გლობალურ წარმატებამდე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს