Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

რა სჭირდება სტარტაპის გუნდს სწრაფი ზრდისთვის?

სტარტაპის შექმნისა და განვითარების პირველ თვეებში გუნდებს ხშირად უწევთ კომპრომისებზე წასვლა: სწრაფი განვითარება წვრილმანი შეცდომებისა და უზუსტობების ხარჯზე, მოქნილი სამუშაო ფორმატი მდგრადი სტრუქტურის ხარჯზე, მიმზიდველი შედეგები გუნდის გადაღლის ხარჯზე.

500 Global in Eurasia-ს ერთ-ერთ მენტორს, ნიკოლას ჰოს, რომელსაც ბიზნესის ზრდის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ. ანტრეპრენერმა ძალიან საინტერესო რჩევები და მიმართულებები გაგვიზიარა, რომლებიც პატარა, დინამიკურ გუნდებში ყველაზე ეფექტურად მუშაობს.

#1 გაამარტივე მეტრიკების სისტემა

ხშირად, ადრეული სტადიის დამფუძნებლების მთავარი პრობლემა ბიზნესის წარმატების შეფასების სისტემების ზედმეტად გართულებით იწყება. ნიკოლასი სტარტაპებს სიმარტივისკენ მოუწოდებს და KPI-ების გასაკონტროლებლად მარტივ მიდგომას სთავაზობს: ერთი მაჩვენებელი – ერთი პასუხისმგებელი პირი

როცა საქმე ორ ადამიანს ერთად აბარია, რეალურად ის არავისია. თითოეულ მაჩვენებელზე (KPI) პასუხს მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანი უნდა აგებდეს. პასუხისმგებლობების ასეთი მკაფიო განაწილება მინიმუმამდე ამცირებს საქმის შეფერხებას.

#2 ფოკუსი პროცესზე და არა მხოლოდ შედეგზე

შემოსავალი, მოგება და კლიენტების შენარჩუნება უკვე დამდგარი შედეგებია. სტარტაპის ზრდისთვის კი აუცილებელია ყოველდღიური ქმედებების თანმიმდევრულობა. მაგალითად, იმის კონტროლი, რომ შესრულდეს დაგეგმილი ზარები, გაიგზავნოს პრეზენტაციები, დროულად გაეცეს პასუხი მომხმარებელს და ა.შ. პროცესის კონტროლი საქმეს წინასწარ პროგნოზირებადს ხდის.

ამასთან, მონაცემები საუკეთესო უკუკავშირია. რაც უფრო ხშირად აფასებთ შედეგებს, მით უფრო სწრაფად ვითარდებით. საუკეთესო გუნდები სამუშაო პროცესს ყოველ კვირას განიხილავენ. წარმატების საწინდარი დროული, მცირე ცვლილებებია, რომლებსაც დიდი შედეგი მოაქვს.

#3 ღირებულებათა თანხვედრა=ეფექტურ გუნდს

ყველაზე გავრცელებული შეცდომა ახალი გუნდის შედგენისას ინდივიდების უნარების მის ღირებულებებზე წინ დაყენებაა

ბიზნესის ზრდისას მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ხშირად გუნდის წევრების უნარების ნაკლებობა კი არა მათი ღირებულებითი აცდენაა.

გუნდის შედგენისას უმნიშვნელოვანესია შიდა კულტურისა და ეთიკის განსაზღვრა. ეფექტურ გუნდს საერთო ღირებულებების მქონე ინდივიდები ქმნიან. ნიკოლასი გირჩევთ, რომ პრიორიტეტი გრძელვადიან კულტურულ თავსებადობას მიანიჭოთ, რადგან ადამიანის ხასიათს მისი პროფესიული უნარებისაგან ვერ გამიჯნავ.

არაეფექტური გუნდი გაცილებით მეტ დროს, ფულსა და ენერგიას გაკარგვინებთ, ვიდრე ამ გუნდის ხელფასები გიჯდებათ. კადრები ჯერ ღირებულებების და მხოლოდ შემდეგ უნარების მიხედვით უნდა შეარჩიოთ, რათა შექმნათ ერთიანი სისტემა, სადაც მთლიანობა ცალკეულ ნაწილთა ჯამს აღემატება.

#4 პასუხისმგებლობათა გადანაწილება

ხშირად, განსაკუთრებით კარიერის ადრეულ ეტაპზე მყოფი დამფუძნებლები, დროს ფუჭად ხარჯავენ ისეთ საქმეებზე, რომელთა დელეგირებაც სავსებით შესაძლებელია. ნიკოლასი ორი კატეგორიისგან შემდგარ სისტემას გვთავაზობს, რომელიც დაეხმარება დამფუძნებლებს დროის მართვასა და ეფექტურობის გაზრდაში.

კატეგორია 1: ის, რაც მხოლოდ ანტრეპრენერს შეუძლია

  • ლიდერობა
  • ადამიანების ქოუჩინგი
  • ნეთვორქინგი

ამ სამ უმნიშვნელოვანეს პროცესს დამფუძნებლის ჩართულობა სჭირდება. აქ დროს ფულით ვერ იყიდი, პირიქით – ამ პროცესებში დაბანდებული დრო ნამდვილი ინვესტიციაა.

კატეგორია 2: გადასანაწილებელი პასუხისმგებლობები

  • მარკეტინგული კამპანიები
  • დიზაინი
  • კონტენტის შექმნა

აღნიშნული საქმეები, რომლებიც არანაკლებ პრიორიტეტულია, შეგიძლიათ კვალიფიციურ პირებს გადააბაროთ და დრო სტრატეგიული ფიქრისთვის გამოითავისუფლოთ.

#5 მომხმარებლის უკუკავშირი მნიშვნელოვანია

ხშირად მომხმარებლის უკუკავშირი სადღაც იკარგება და პროდუქტის გუნდამდე საერთოდ ვერ აღწევს. ხელოვნურმა ინტელექტმა ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრა. 

მაგალითად, 500 Global-ის პორტფელში შემავალი კომპანია Evermuse სხვადასხვა წყაროდან კრებს მომხმარებელთა შეფასებებს, აანალიზებს მათ და მიღებულ ინსაითებს გუნდისთვის მყისიერად ხელმისაწვდომს ხდის. პრობლემის აღმოჩენას, რასაც ადრე კვირები სჭირდებოდა, ახლა მხოლოდ 10 წუთი მიაქვს. ეს მყისიერი პროცესი საგრძნობლად ცვლის პროდუქტის განვითარების პრიორიტეტებს.


ახლა 500 Global in Eurasia-ს კულმინაციური ეტაპია და სტარტაპების ზრდის ტემპი ძალიან სწრაფია, ყოველ კვირას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სტაბილური განვითარებისთვის მონაწილეები 5 მთავარი პრინციპით ხელმძღვანელობენ:

  • ყველა KPI-ს ერთი კონკრეტული პასუხისმგებელი ჰყავს.
  • შედეგების გარდა, მკაცრად კონტროლდება პროცესიც (ყოველდღიური ქმედებები).
  • მონაცემების განხილვა ხდება ყოველკვირეულად.
  • კადრების შერჩევა იწყება ღირებულებებით და მთავრდება უნარებით.
  • მომხმარებლის უკუკავშირი პირდაპირ განსაზღვრავს პროდუქტის პრიორიტეტებს.

სწრაფი ზრდა უბრალოდ დროის მოგება როდია, ეს სამუშაო პროცესის მაქსიმალური სიცხადეა. ვის ვიყვანთ გუნდში, ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტულ მაჩვენებელზე და რაში ვხარჯავთ დროს – ეს ის სამი კითხვაა, რომელიც წყვეტს, გაუძლებს თუ არა გუნდი მასშტაბური ზრდის ფაზას.

პროცესის სიცხადითა და თანმიმდევრული მიდგომებით, განვითარების გზაზე ვერაფერი შეგაჩერებთ.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს

თაგები