2 წუთი წასაკითხად
როგორ ეხმარება Whisperr ბიზნესს მომხმარებლის შენარჩუნებაში | გაიცანი 500 Global-ის მონაწილე სტარტაპი
21 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
სააბონენტო მოდელზე მომუშავე ბიზნესისთვის ახალი მომხმარებლის დაკარგვა პირდაპირ ფინანსურ ზარალს ნიშნავს. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა ქართული სტარტაპი Whisperr, რომელიც 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მონაწილეა. ეს მასშტაბური პროექტი, რომელიც ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში ეხმარება, უკვე მეათედ ხორციელდება საქართველოს ბანკისა და GITA-ს პარტნიორობით.
როგორ გაჩნდა Whisperr-ის შექმნის იდეა?
Whisperr-ის გუნდი AI სტარტაპის შექმნადე ფასდაკლებების აპლიკაცია Hotcard-ზე მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია იზრდებოდა, ახალი მომხმარებლების ნახევარზე მეტი პირველივე სამ თვეში სერვისის გამოყენებას წყვეტდა.
გუნდი პროცესის მართვას სტანდარტული გზით ცდილობდა: თანამშრომლები აანალიზებდნენ მონაცემებს, ეძებდნენ მომხმარებლებს, რომლებიც დიდი ალბათობით სერვისის გაუქმებას აპირებდნენ, ამზადებდნენ სპეციალურ შეტყობინებებს, გეგმავდნენ კამპანიებს, თუმცა პროცესის მართვას კვირაში 20 საათზე მეტი სჭირდებოდა, სანამ გუნდი მონაცემებს დაამუშავებდა და შეთავაზებას გააგზავნიდა, მომხმარებლის ინტერესი უკვე დაკარგული იყო.
გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როცა დავსვით კითხვა: თუ ყველა მონაცემი გვაქვს და ვიცით, ვინ აპირებს წასვლას, რატომ ვაკეთებთ ამას ხელით? ბაზარზე არსებული ყველა ხელსაწყო მოითხოვს ადამიანს, რომელიც მას მართავს. ჩვენ კი შევქმენით ისეთი სისტემა, რომელსაც ოპერატორი საერთოდ არ სჭირდება
– გვიყვება ირაკლი ელიაშვილი, Whisperr-ის დამფუძნებელი და CEO
როგორ მუშაობს ტექნოლოგია?
Whisperr თითოეული მომხმარებლის ქცევას უწყვეტად და სრულად ავტომატურ რეჟიმში აანალიზებს. პროცესის ერთი სრული ციკლი 10 წამზე ნაკლებ დროში სრულდება და 5 ძირითად ეტაპს აერთიანებს:
- ამოცნობა: სისტემა რეალურ დროში აკვირდება მომხმარებელს და მყისიერად აფიქსირებს იმ ნიშნებს, რომლებიც სერვისის მიტოვებაზე მიუთითებს.
- გადაწყვეტილება: აფასებს რისკებს და დამოუკიდებლად საზღვრავს კონკრეტულ მომენტში ჩარევის აუცილებლობას.
- შეტყობინების შექმნა: სტანდარტული შაბლონების ნაცვლად, მომხმარებლის ქცევაზე დაყრდნობით, იქმნება ბრენდის სტილზე მორგებული პერსონალიზებული ტექსტი.
- გაგზავნა: სისტემა თავად არჩევს კომუნიკაციის იმ არხს (ელფოსტა, SMS თუ Push ნოტიფიკაცია), რომელზეც ადრესატი ყველაზე ეფექტურად რეაგირებს.
- თვითსწავლება: ტექნოლოგია მუდმივად აანალიზებს მიღებულ შედეგებს და ყოველი დასრულებული ციკლის შემდეგ კიდევ უფრო ზუსტი და ეფექტური ხდება.
რას ცვლის Whisperr ბიზნესისთვის და როგორია რეალური შედეგები
Whisperr ბიზნესს სთავაზობს არა უბრალოდ ინსტრუმენტს, არამედ სრულად ითავსებს შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი გუნდის (Growth მარკეტერის) როლს. თანამშრომლებს აღარ უწევთ სეგმენტების ხელით შექმნა და ტექსტების წერა. ტექნოლოგია ეფექტურად ზოგავს დროს, მარტივად ინტეგრირდება არსებულ ბაზებთან და რეაგირებს ზუსტად მაშინ, როცა მომხმარებლის დაკარგვის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
პლატფორმა უკვე წარმატებით მუშაობს რეალურ გარემოში. Hotcard-ის მაგალითზე, პირველივე 30 დღეში შემდეგი შედეგები დაფიქსირდა:
- 12%-ით გაიზარდა 30-დღიანი შენარჩუნების მაჩვენებელი
- 32%-ით გაუმჯობესდა 90-დღიანი შენარჩუნების მაჩვენებელი
- პროცესის მართვაზე დახარჯული დრო კვირაში 20 საათიდან 2 საათამდე შემცირდა
500 Global-ის როლი და საერთაშორისო გეგმები
500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა Whisperr-ის საერთაშორისო ზრდისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია
პროგრამა გვაძლევს ზუსტად იმას, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გვჭირდება: საუკეთესო მენტორებს, წვდომას გლობალურ ინვესტორებთან და სანდოობას.
– ირაკლი ელიაშვილი
საქართველოში მოდელის დატესტვის შემდეგ Whisperr-ის უახლოესი სამიზნე კავკასია და აღმოსავლეთ ევროპაა, საბოლოო მიზანი კი დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის ბაზრების ათვისებაა.
500 Global-ისა და სხვა მონაწილეების შესახებ მეტ ინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.