Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ამისულაშვილის ჟინი: როგორ გაცოცხლდა 100-წლიანი მარანი

მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული მარანი გურჯაანის სოფელ კოლაგში ათწლეულების განმავლობაში უფუნქციოდ იყო. ეს მანამ, სანამ გიორგი ამისულაშვილმა მისი აღდგენა არ გადაწყვიტა.

ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ოჯახის მემკვიდრეობა წარმატებულ ბიზნესად იქცეს.

ჩვენი მარანი მე-19 საუკუნის ბოლოს, ჩემმა წინაპრებმა ააშენეს, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში გამოუყენებელი იყო. სახლის უკან დიდი ხეხილის ბაღი და ვენახი გვაქვს, და სწორედ ამიტომ, სამი წლის წინ გადავწყვიტეთ, ტურიზმის სფეროში ძალები მოგვესინჯა, ძირძველი მარნისთვის ფუნქცია დაგვებრუნებინა, ძველებური ქვევრის ღვინოები დაგვემზადებინა და ტურისტებისთვის ჩვენი ისტორია, ჩვენი ტექნოლოგიები გაგვეცნო – იხსენებს გიორგი ამისულაშვილი.

იდეის განხორციელებაში მას საქართველოს ბანკის მარნების თანადაფინანსების პროექტი დაეხმარა. ფინანსურმა მხარდაჭერამ გეგმები რეალობად აქცია: ძველ მარანს ახალი სიცოცხლე შთაბერა, მოეწყო სივრცეები მასტერკლასებისა და სტუმრების მისაღებად, წელს კი პირველი დეგუსტაციებიც ჩატარდა.

პირველმა წარმატებამ მასშტაბების გაზრდისკენ უბიძგა. გიორგიმ მეზობლად მიწა შეიძინა, იქ მდგარი მარანი საკუთარს დაუკავშირა და ახლა მის რესტავრაციასაც შეუდგა.

ამისულაშვილების მარანში სამი სახეობის ღვინო იწურება – რქაწითელი, საფერავი და მანავის მწვანე, ახლახან კი ქისის ვენახიც გააშენეს. აქვე მზადდება მუხის კასრში დავარგებული არაყი, რომელმაც თელავში გამართულ არყის საერთაშორისო ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფესტივალზე 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ამიტომ ეს ჯილდო ჩვენნაირი მცირე მარნისთვის დიდი წარმატებაა – ამბობს მეღვინე.

მარნის ამბავი მალე გასცდა სოფლის საზღვრებს და დღეს აქ სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მასპინძლობენ. ისინი ეცნობიან ღვინის წარმოების პროცესს, ათვალიერებენ ხილის ბაღებს, ეზიარებიან ქართული სუფრის ტრადიციებს და ალაზნის ველის ხედებით ტკბებიან.

ამ ეტაპზე 500-700 ბოთლამდე ღვინოს ვაწარმოებთ, გაისად კი შესაძლებლობა გვექნება, ეს რიცხვი 2000-მდე გავზარდოთ. წელს გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ვაპირებთ გასვლას, სადაც ჩვენს პროდუქტებს წარვადგენთ. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და იმედი გვაქვს, მომავალში კიდევ არაერთი მიღწევა გვექნება – ამბობს გიორგი.

გიორგი მეხუთე თაობის წარმომადგენელია, ვინც ამ მარანში ღვინო დაწურა. მან უცვლელად შეინარჩუნა ძველი ქვევრები და კედლები, დახვეწა ღვინის დაყენების ტექნოლოგია და დღეს სტუმრების, სხვა მეღვინეებისა თუ სომელიეების მოწონებას იმსახურებს.

მისი დაუღალავი შრომა და ის განსაკუთრებული ჟინი, რომლითაც საკუთარ საქმეს უდგება, ამტკიცებს, რომ ამისულაშვილების მარნის ასწლოვანი ისტორია ახალ, კიდევ უფრო საინტერესო თავგადასავლებს გვპირდება.

რაც გვქონდა გეგმაში, ამ დრომდე ყველაფერი ავასრულეთ. თუმცა, თანადაფინანსების გარეშე მარნის აღდგენა – გაფართოება ძალიან გაგვიჭირდებოდა. ბევრი მეღვინისა და მეწარმისგან გამიგია, რომ ბანკის მხარდაჭერით არაერთი კარგი საქმე გაკეთდა. რაც მთავარია, დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნა. ჩვენთან რამდენიმე ადამიანი მუდმივად დასაქმებულია. ამიტომაც რაც მეტი პროექტი განხორციელდება და მეწარმეები რაც უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებენ, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის ეს უკეთესი იქნება – აღნიშნავს გიორგი.

თუ გსურთ თქვენი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაწყება ან არსებული ბიზნესსაქმიანობის განვითარება, მაგრამ ფინანსები არ გყოფნით, ჩვენ დაგეხმარებით მიიღოთ თქვენი ბიზნესის მიზნებზე მორგებული დაფინანსება.

მოითხოვეთ აგრო სესხი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს