Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

„თუ ჟინი არ გაქვს, სტარტაპერი ვერ იქნები" – როგორ გადააქცია გიორგი რაზმაძემ Awork წარმატებულ ბიზნესად

გიორგი რაზმაძის Awork-ის ისტორია გიჩვენებს, როგორ გადალახო დაბრკოლებები და შექმნა წარმატებული სტარტაპი. აღმოაჩინე ჟინის ძალა და შენი იდეა რეალობად აქციე!

სტარტაპების სამყაროში გამარჯვება მხოლოდ იდეაზე არ არის დამოკიდებული. აქ გადამწყვეტია ის შინაგანი ძალა, ჟინი, რაც გიბიძგებს არ გაჩერდე მაშინაც კი, როცა ყველაფერი შენ წინააღმდეგაა.

ჟინი ყველა საქმეში აუცილებელია, მაგრამ სტარტაპებში – განსაკუთრებით.

სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება 500 Global in Eurasia-ს ერთ-ერთი მონაწილე და Awork-ის დამფუძნებელი გიორგი რაზმაძე, ვისი გამოცდილებაც ნათლად აჩვენებს, როგორ გარდაქმნის ჟინი იდეას პროდუქტად და მიზნებს – რეალობად.

ჟინი არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც შენს ყოველდღიურობას წარმართავს და გაძლევს მუხტს, მისცე მოტივაცია გუნდის წევრებს, ზოგჯერ გგონია, რომ კარგად მიდის საქმე – 500 Global-შიც მოხვდები, აქსელერაციას გაივლი, მაგრამ მეორე დღეს შეიძლება ისეთი ინვესტორისგან მიიღო უარი, რომ დემოტივაცია გახდეს. თუმცა, ჟინმა უნდა მოგცეს შესაძლებლობა, რომ მესამე დღეს ისევ იპოვო წინსვლის ძალა. თუ წარმატებისკენ სვლის ჟინი არ გაქვს, ძალიან გაგიჭირდება იყო სტარტაპერი.

Awork-ის შექმნისას ყველაზე დიდი გამოწვევა სკეპტიციზმი იყო.

ყველას ეგონა, რომ ეს მორიგი დასაქმების პლატფორმა იყო, რომლის მსგავსიც ბაზარზე ბევრი იყო, თუმცა, ჩვენ შევთავაზეთ არა სტატიკური ვებგვერდი, არამედ ტექნოლოგიური გადაწყვეტა – მობილური აპლიკაცია, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია Gen Z თაობისთვის.

ხედვამ გაამართლა: 0 მარკეტინგული დანახარჯით, პირველ 24 საათში აპლიკაციას 5000-ზე მეტი ჩამოტვირთვა ჰქონდა.

არ გაჩერების ძალა: 500 Global-ის ისტორია

სტარტაპ სამყაროში ხშირად გესმის უარი. შეიძლება მხოლოდ 1000 უარის შემდეგ მიიღო ერთი „კი”.

ჩვენ 500 Global in Eurasia-ში მოსახვედრად ორჯერ მივიღეთ უარი. მხოლოდ მესამე ცდაზე გვითხრეს „კი”. ამ ორი უარის შემდეგ, ორი არჩევანი გვქონდა – ან დავნებებულიყავით, ან კიდევ ერთხელ გვეცადა. სწორედ არ გაჩერება და ჟინი გახდა ის ძალა, რომლის გამოც 500-ებში მოვხვდით.

აქსელერაციის პროგრამაში მიღებულ გამოცდილებას გიორგი ორ მთავარ ნაწილად ყოფს: ბიზნესის ზრდა და პერსონალური განვითარება. პროგრამამ დააჩქარა კომპანიის მუშაობის პრინციპები, მისცა წვდომა ძვირადღირებულ რესურსებსა და ფასდაკლებებზე, რასაც დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ. პარალელურად, გუნდმა დახვეწა მოლაპარაკების და ლიდერობის უნარები, რაც ინვესტორების მოზიდვისთვისაა გადამწყვეტი.

Awork დღეს და მომავლის გეგმები

დღეს, სამი წლის შემდეგ, Awork-ი მყარად იკავებს თავის ნიშას, როგორც Gen Z თაობის კარიერული პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდებს პირველი სამსახურის პოვნაში ეხმარება.

კომპანია მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს სიახლეებს, მათ შორის აპლიკანტების სამართავ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროგრამას ბიზნესებისთვის.

სამომავლო გეგმებშია სტუდენტური სივრცის შექმნა, სადაც ახალგაზრდები ისწავლიან რეზიუმეს შედგენას, გასაუბრებისთვის მომზადებასა და კარიერული ნაბიჯების გადადგმას. რა თქმა უნდა, გუნდი საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც გეგმავს.

გიორგი რაზმაძის რჩევა დამწყებ ანტრეპრენერებს

პირველ რიგში, ვურჩევდი მათ, რომ განივითარონ უარის მიმღებლობა. ყველა ანტრეპრენერს საკუთარი სტარტაპი შვილივით უყვარს. აუცილებლად უნდა გჯეროდეს, რომ საუკეთესო პროდუქტს ქმნი, მაგრამ ასევე უნდა გესმოდეს, რომ განვითარების გზაზე უამრავ უარს მიიღებ. ჟინი არ უნდა დაკარგო.

მეორე რჩევა კი ჟინს ეხება: თუ ხვდები, რომ შენი სტარტაპი ისე აღარ გავსებს ენერგიით, როგორც ადრე, თუ ვეღარ გრძნობ ჟინს, მაშინ დროა, წამოხვიდე, შენი სტარტაპი გაყიდო ან გაუშვა და დაიწყო ახალ იდეაზე მუშაობა, რომელიც ისევ ჟინით აგავსებს.

500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, 10 ქვეყნის 80-ზე მეტი სტარტაპი უკვე გადამზადდა.

თუ შენც გაქვს იდეა და გსურს, ის წარმატებულ ბიზნესად აქციო, მეტი გაიგე პროგრამის შესახებ: 500 Global in Eurasia

აპლიკაციების მიღება მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში. ამჟამად შეგიძლია დარეგისტრირდე პროგრამის მე-10 ნაკადისთვის, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 30 მარტიდან 19 ივნისამდე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს