Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

ჯორჯ კობი - ისტორია უსაზღვრო შესაძლებლობებზე

საახალწლო ნათურების ციმციმი ზამთრის დღესასწაულების ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ვიზუალურ მეტაფორად იქცა. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამ ნათების ისტორია ქართველ გამომგონებელს, გრიგოლ კობახიძეს, იგივე ჯორჯ კობის უკავშირდება.

მისი ამბავი რაჭაში, სოფელ თხმორში იწყება და ათწლეულების შემდეგ, ამერიკული კულტურის სიმბოლოდ იქცევა.

პირველი ნაბიჯები

ყველაფერი 10 წლის გრიგოლ კობახიძის გადამწყვეტი ნაბიჯით დაიწყო, ის სოფელ თხმორიდან ბორჯომში გაიპარა. ეს გზა სიახლეებით სავსე აღმოჩნდა: „ბორჯომის“ მინის ქარხნის თანამშრომელთან შემთხვევითმა ნაცნობობამ მისი ცხოვრების ტრაექტორია სამუდამოდ შეცვალა.

მეორე დილას ის დანიშნულ ადგილას ყველაზე ადრე მივიდა. შემდეგ კი მოვლენები სწრაფად განვითარდა: რამდენიმე წელიწადში ქარხნის ყველა ტექნოლოგია შეისწავლა, ადრეულ ასაკშივე მოიპოვა ავტორიტეტი და საკუთარი გამოგონებით წარმოების გაზრდის მეთოდიც კი შეიმუშავა.

ემიგრაცია და ახალი ცხოვრება

რუსეთის იმპერიაში დაწყებულმა 1905–1907 წლების რევოლუციურმა ქარმა გრიგოლის ცხოვრებაშიც შემოაღწია. დაპატიმრების და დეპორტაციის საფრთხის წინაშე აღმოჩენილი ის 1909 წელს, პოლონეთისა და გერმანიის გავლით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის.

აშშ-ში ჩასული თავდაპირველად პურის მცხობელად მუშაობდა, თუმცა მალევე საკუთარი საკანცელარიო მაღაზია გახსნა. კაპიტალის დაგროვებასა და ამერიკული ბიზნესის შესწავლასთან ერთად, მისი გამომგონებლური ტვინი არც აქ შეჩერებულა: General Electric-ში მუშაობის პარალელურად, მან ავტომატური საწერი კალმები დააპატენტა და გაყიდვას საკუთარ მაღაზიაში შეუდგა.

ტრიუმფი

1919 წლიდან კობის შრომა დაპირებულ ნაყოფს გამოიღებს და მასაჩუსეტსის ქალაქ ატლბოროში Coby Glass Products Company იხსნება. სულ რაღაც სამ წელში, 45-ზე მეტი დასახელების პროდუქტით, მინის ქარხანა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ინდუსტრიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ ყალიბდება.

გრიგოლი 70-მდე გამოგონებას აპატენტებს, ინოვაციებს, რომლებმაც ამერიკის სამშენებლო ბიზნესი მნიშვნელოვნად შეცვალა. კობის მასალები გამოყენებულია ნიუ-იორკის ცნობილი ცათამბჯენის, კრაისლერის შენობის, მშენებლობაში.

ათ წელიწადში ჯორჯ კობი უკვე ამერიკის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად და „ამერიკის ქიმიური მრეწველობის მეფედ“ მოიხსენიება. ბიზნესმენის წლიური ბრუნვა 15 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო წმინდა მოგება 4 მილიონს.

1925 წელს გრიგოლი საქართველოში დაბრუნდა. მშობლიურ სოფელში ააშენა სკოლა, აფთიაქი, სადაც მოსახლეობა უფასო მედიკამენტებს იღებდა, მდინარეზე გადო ხიდები და ეკლესია შეაკეთა. მალევე ბოლშევიკებმა მასზე ძებნა გამოაცხადეს და ქვეყნის სასწრაფოდ დატოვება მოუხდა.

დიდი დეპრესია და ახალი სიცოცხლე

როგორც იტყვიან, აღმართს ყოველთვის დაღმართი მოსდევს. 1929-1930 წლების დიდმა დეპრესიამ კობის ბიზნესი სრულად გაანადგურა. ფინანსურმა კრახმა იმსხვერპლა გრიგოლის ბიზნესპარტნიორი, ევგენი იგნატიევი. 

გასაჭირში კობიმ სახლის მახლობლად პატარა მაღაზია გახსნა, სადაც საკუთარი ხელით დამზადებულ წვრილმან ნივთებს ყიდდა. თითქოს ნულიდან დაწყებული ეს მცირედი საქმე გადარჩენის გზად იქცა.

მალევე მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო. ოსტატმა აშშ-ის მთავრობას საომარი საჭიროებებისთვის მინის წარმოების აღდგენის დაფინანსება სთხოვა. დააფინანსეს. 

წარმოება აღადგინა და რამდენიმე წელიწადში არა მხოლოდ ძველ ფორმას დაუბრუნდა, არამედ კრიზისამდე პერიოდთან შედარებით უფრო დიდი სარგებელიც მიიღო. 

ფინანსური კეთილდღეობის პარალელურად, გრიგოლი სათამაშოების მაღაზიას ხსნის და სოციალურ პასუხისმგებლობასაც იღებს საკუთარ თავზე, მისი ინიციატივით ამერიკაში ჩნდება უფასო სასადილოები მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

საშობაო ციმციმები

შობას თანამშრომელთან ვიზიტისას ნაძვის ხეზე კობიმ მოციმციმე სანთლები შენიშნა. სენტიმენტალური ღირებულების მიღმა ამ რიტუალში ბიზნესმენმა საფრთხეც ამოიკითხა და ახალი იდეაც დაებადა. 

სულ მალე გრიგოლის ავტორობით შეიქმნა ნაძვის ხის ახალი საშობაო ციმციმები, იგივე Bubble Lamps, რომლებიც გაცილებით უსაფრთხო იყო მათ გარშემო მოფუსფუსე ადამიანებისთვის.

კობიმ საახალწლო სათამაშოების წარმოება წამოიწყო და მალევე აშშ-ში, საფრანგეთსა და კანადაში საახალწლოდ გამზადებულ სახლებში გამოჩნდა ქართული დროშის ფერებში გაფორმებული ყუთები წარწერით “Christmas is Coby” („შობა არის კობი“).

ურთიერთობა ქართველ კოლეგებთან

ამერიკაში კობი აქტიურად თანამშრომლობდა სხვა წარმატებულ ქართველებთან. გიორგი მაჩაბლისთვის, იგივე Prince Matchabelli-სთვის, კობი სუნამოს უნიკალურ ფლაკონებს ამზადებდა, რომლებიც სურნელს ვიზუალური იდენტობით ამკობდნენ. ალექსანდრე ქართველიშვილთან თანამშრომლობით კი განსაკუთრებული გამძლეობის მინას ქმნიდა სამხედრო თვითმფრინავების პილოტის კაბინებისთვის.

მემკვიდრეობა

გრიგოლ კობახიძეს და მის მეუღლეს შვილები არ ჰყავდათ. საბჭოთა რეპრესიების გამო ნათესავებთან კავშირიც დაკარგული ჰქონდა. კობის სურდა, თავისი საქმე ქართველისთვის გადაებარებინა, თუმცა მის გარშემო აღარავინ იყო, ვისაც მთელი ცხოვრების ნაშრომს ანდობდა.

საბოლოოდ არჩევანი იტალიელ ძმებზე, ჯიმ და ჯული პალიებზე, შეაჩერა, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ, 1967 წელს, გააგრძელებდნენ მის დაწყებულ საქმეს და კომპანიის სახელშიც დამფუძნებლის ხსოვნას შეინარჩუნებდნენ.

ჯორჯ კობის ცხოვრება არგაჩერების საუკეთესო მაგალითია. ის გვახსენებს, რომ არ არსებობს იდეა, რომელიც ზედმეტად თამამია, ან ოცნება, რომელიც ზედმეტად დიდია.

ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ის იქცა საქართველოს ბანკის საახალწლო კამპანიის მთავარ შთაგონებად და გზავნილად: რაც არ უნდა წამოიწყოთ, თქვენ ამას შეძლებთ, რადგან შესაძლებლობები უსაზღვროა!

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს