Logo
ბლოგი
Time icon

7 წუთი წასაკითხად

რას აკეთებს საქართველოს ბანკი მდგრადი განვითარებისთვის? 2025 წლის შედეგების მიმოხილვა

საკითხები

მდგრადი განვითარება თანამედროვე ბიზნესის ფინანსური სიძლიერისა და ეთიკურობის მთავარი საყრდენია. წარმატებული კომპანიების სტრატეგია რისკების ეფექტურ მართვას, გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და საზოგადოებისა თუ გარემოს წინაშე მაღალ პასუხისმგებლობას ეფუძნება. ამ კომპლექსური პროცესის საერთაშორისო საზომი ESG (Environmental, Social, Governance) – გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი სტანდარტებია.

საზოგადოებასა და გარემოზე ზრუნვა წლებია საქართველოს ბანკის მთავარი პრიორიტეტია. კომპანია ინგლისსა და უელსში რეგისტრირებული, FTSE 100-ში შემავალი ჰოლდინგური კომპანიის, Lion Finance Group PLC-ის შვილობილია და ESG მიღწევების მთავარ ბირთვსაც ის წარმოადგენს.

ჩვენი ვალდებულება ნათელია: მხარი დავუჭიროთ პროგრესს იმ ბაზრებზე, რომლებსაც ვემსახურებით და შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება აქციონერებისთვის, მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის და საზოგადოებისთვის –  საქართველოს ბანკის აღმასრულებელი და გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე

ამ მიდგომამ და მიზანმიმართულმა შრომამ საქართველოს ბანკს უკვე მოუტანა საერთაშორისო აღიარება: Global Finance-ის ჯილდო საუკეთესო მდგრადი დაფინანსებისთვის და Euromoney-ს ჯილდო ESG მიმართულებით ლიდერობისთვის. 

ამ ბლოგში დეტალურად მიმოვიხილავთ 2025 წელს საქართველოს ბანკის მიერ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი მიმართულებით განხორციელებულ კონკრეტულ პროექტებს.

Environmental (E) – მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა და ზრუნვა გარემოზე

მწვანე დაფინანსება იმ პროექტებს, მოიცავს რომლებიც ქვეყნის გარემოსდაცვით მდგომარეობას აუმჯობესებენ. საქართველოს ბანკის სტრატეგია ორ მთავარ მიმართულებას აერთიანებს: მწვანე დაფინანსებასა და საკუთარი საოპერაციო კვალის შემცირება.

ლიდერობა მწვანე დაფინანსებაში და რისკების მართვა

  • მწვანე დაფინანსება:  საქართველოს ბანკი ქვეყანაში მწვანე დაფინანსების ლიდერია და ფლობს ეროვნული ბანკის ტაქსონომიასთან შესაბამის მთელი ქვეყნის მწვანე დაფინანსების პორტფელის 68%-ს. მწვანე პორტფელი მოიცავს ყველა იმ პროექტის დაფინანსებას, რომლებიც გარემოს დაცვასა და მდგრად ეკონომიკას უწყობენ ხელს (განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტურობა, მწვანე მშენებლობა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, მწვანე ტრანსპორტი და ნარჩენების მართვა და სხვ.). ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება, 2026 წლისთვის მიზანი დაფინანსების მოცულობის 1.5 მილიარდ ლარამდე გაზრდაა. 
  • განახლებადი ენერგიის მხარდაჭერა:  საქართველოს ბანკის მწვანე დაფინანსების პორტფელის უდიდესი ნაწილი (58%) განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებას (ჰიდრო, ქარისა და მზის ელექტროსადგურებს) ხმარდება. ამ მიმართულებით შეტანილი მასშტაბური წვლილისა და წარმატებული მუშაობისთვის ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) პრესტიჟული ჯილდო, წლის მწვანე გარიგება განახლებად ენერგიაში (ჰიდრო), მოიპოვა.
  • E&S რისკების ფილტრი: ბანკი არ აფინანსებს იმ საქმიანობებს, რომლებიც მის მიერ განსაზღვრულ აკრძალული საქმიანობების სიაშია (Exclusion List). საშუალო და მაღალი რისკის პროექტების შემთხვევაში კი, კლიენტთან ერთად მუშავდება სამოქმედო გეგმა, რომელიც მას სტანდარტების გაუმჯობესებასა და გარემოსდაცვითი თუ სოციალური რისკების შემცირებაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ 2026 წლიდან ბანკი სრულფასოვან ESG რისკების მონიტორინგზე გადავიდა.

გარემოში ოპერაციული კვალის შემცირება

  • მზის ენერგიაზე გადასვლა: საქართველოს ბანკის რეგიონული ფილიალების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 88% მზის ენერგიაზე მოდის. მზის ენერგიაზე გადასვლა ამცირებს ჰაერში ნახშირბადის გამოყოფას, რაც მნიშვნელოვანია საოპერაციო კვალის შემცირებისთვის. საქართველოს ბანკი 2026 წლისთვის ამ მაჩვენებლის 100%-მდე გაზრდას გეგმავს. 
  • უქაღალდო (Paperless) პროექტი: ბანკის ფილიალებში ნაბეჭდი დოკუმენტების ციფრული ვერსიებით ჩანაცვლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ინიციატივა 2026 წლისთვის ქაღალდის მოხმარებას 60%-ით შეამცირებს. გარემოსთვის ეს ნიშნავს ათასობით გადარჩენილ ხეს და გაცილებით ნაკლებ ნარჩენს.
  • რესურსების მართვა: 2025 წელს გადამუშავდა 85 ტონა ნარჩენი და 47 ტონა მეორადი ელემენტი. სათავო ოფისში წყლის დაზოგვის მიზნით დამონტაჟდა აერატორები – მოწყობილობა, რომელიც წყლის ჭავლს ჰაერს ურევს და წნევის შენარჩუნებით გაცილებით ნაკლებ წყალს ხარჯავს.
  • საერთაშორისო აღიარება (EDGE): სათავო ოფისმა მოიპოვა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ შექმნილი EDGE სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ შენობა ენერგოეფექტურობის უმაღლესი სტანდარტებით იმართება და რესურსებს მაქსიმალური დაზოგვით მოიხმარს.

ბიომრავალფეროვნება და ინოვაციები

  • დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა: კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) პარტნიორობით საქართველოს ბანკმა 2025 წელს 100,000 ლარი გამოყო 18 დაცული ტერიტორიის რეინჯერებისა და ინფრასტრუქტურისთვის. 2010 წლიდან ამ მიზნით ჯამში 1.3 მილიონი ლარია ინვესტირებული.
  • მზის პანელების კალკულატორი: მომხმარებლებისთვის შეიქმნა ციფრული ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარებათ წინასწარ გამოთვალონ მზის პანელების დამონტაჟების ფინანსური სარგებელი და ის, თუ რამდენად შეამცირებენ ისინი გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

Social (S) – საზოგადოების გაძლიერება და ინკლუზიური ბანკინგი

ESG-ის სოციალური მიმართულება ადამიანურ კაპიტალზე ზრუნვას, თანასწორობასა და საზოგადოების გაძლიერებას აერთიანებს. საქართველოს ბანკისთვის ეს სტრატეგიის ყველაზე მოცულობითი ნაწილია. კომპანიის მთავარი მიზანია, თითოეულ ადამიანს – მომხმარებელს, სტუდენტს თუ გუნდის წევრს – მისცეს შესაძლებლობა, არასოდეს გაჩერდეს და მუდმივად განვითარდეს.

ინკლუზიურობა და თანაბარი წვდომა

  • გამარტივებული წვდომა თვითდასაქმებულთათვის: ვიდეო-ვალიდაციისა და შემოსავლების შეფასების ახალი მოდელით თვითდასაქმებულ პირებს დაფინანსებით სარგებლობისა და ფინანსებზე წვდომის რეალური შესაძლებლობა მიეცათ.
  • შემცირებული ენობრივი ბარიერები: ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის ბანკის ციფრულ არხებს სომხური, აზერბაიჯანული და თურქული ენები დაემატა. ენობრივად ადაპტირდა ბანკომატები (ATM) და თვითმომსახურების ტერმინალებიც (SST). გარდა ამისა, სპეციალურად ამ რეგიონებში (სადახლო, დმანისი, ნინოწმინდა, ყაბალი) 4 ახალი ფილიალი გაიხსნა.
  • ადაპტირებული გარემო უსინათლო პირთათვის: 300 ბანკომატი ხმოვანი სისტემებით აღიჭურვა და დაინერგა ხელშეკრულებების წაკითხვის ხმოვანი სერვისი, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სრულიად დამოუკიდებლად შეასრულონ სასურველი ოპერაციები. აღსანიშნავია, რომ ბანკი ფიზიკურ ხელმისაწვდომობას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს: საქართველოს ყოველ რეგიონსა და თბილისის ყველა რაიონში სულ მცირე ერთი ადაპტირებული ფილიალი ფუნქციონირებს, რომლებიც ხმოვან სისტემებთან ერთად ტაქტილური ბილიკებითაცაა აღჭურვილი.

განათლება და მომავალი თაობის მხარდაჭერა 

  • ფინანსური კულტურა ადრეული ასაკიდან: sCoolApp საქართველოს ბანკის პირველი ფინანსური აპლიკაციაა მოსწავლეებისთვის, რომელსაც 186,000 მოზარდი იყენებს. აპლიკაცია მოიცავს ციფრულ ყულაბას, შემეცნებით თამაშებსა და ფუნქციონალებს, რომლებიც ჯანსაღ ფინანსურ ჩვევებს ადრეული ასაკიდანვე აყალიბებს.
  • ხელმისაწვდომი საერთაშორისო და ლოკალური სტიპენდიები: კომპანიის მხარდაჭერით 56-მა ქართველმა სტუდენტმა მიიღო ისეთი პრესტიჟული სტიპენდიები, როგორებიცაა: Fulbright, Chevening და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School-ში. 350-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში. ბანკის ინიციატივით შეიქმნა გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია არქიტექტორებისთვის, ხოლო თანასწორობისა და გენდერული ბალანსის ხელშეწყობის მიზნით – AI სტიპენდია ქალებისთვის.
  • იდეათეკები რეგიონებში: 11 რეგიონში უკვე 26 იდეათეკა ფუნქციონირებს, რამაც 22,000-ზე მეტ მოსწავლეს შეუქმნა თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომის შესაძლებლობა და განვითარების ახალი სივრცე.
  • ხელმისაწვდომი STEM განათლება: კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით შექმნილ STEM სკოლაში 2023 წლიდან 2,000-ზე მეტი მოსწავლე ჩართო, რომელთა 76% რეგიონებიდან იყო. 2025 წელს საქართველოს ბანკმა 60 საუკეთესო მოსწავლე სრულად, 30 კი ნაწილობრივ დააფინანსა, ჯამში სრული სტიპენდია უკვე 300-მა მოსწავლემ მიიღო.
  • მომავლის პროფესიები: GITA-სთან პარტნიორობით განხორციელებულ პროგრამირების პროექტში – Code IT – 2025 წელს 600 მოსწავლე ჩართო. ხარისხიან ტექნოლოგიურ განათლებაზე თანაბარი წვდომის უზრუნველსაყოფად ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით 16 ლოკაციაზე ტარდება.

ზრუნვა თანამშრომლებზე: მეტი შესაძლებლობა გუნდისთვის

  • დაცული Work-Life Balance: სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსისთვის საქართველოს ბანკო თანამშრომლებს სთავაზობს დამატებითი თავისუფალი დღეებს, ბიულეტენზე გასვლის გამარტივებულ პროცედურებს და 200 დღემდე ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას.
  • მრავალმხრივი მხარდაჭერა და უსაფრთხოება: აფინანსებს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების დაზღვევასა და იურიდიული დახმარების ხარჯებს.
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობები: 2025 წელს ვაკანსიების 62% შიდა კადრებით შეავსო, გუნდის წევრებმა ისარგებლეს 600-ზე მეტი სასწავლო პროგრამითა თუ MBA დაფინანსებით. 
  • მაღალი ლოიალობა (eNPS): თანამშრომელთა კმაყოფილების ინდექსი 59.3-ს შეადგენს (საერთაშორისო პრაქტიკით, 50-ს ზემოთ მაჩვენებელი უმაღლეს კატეგორიას განეკუთვნება), რაც კომპანიაში არსებულ ჯანსაღ სამუშაო კულტურაზე მიუთითებს.

ბიზნესის (SME) და მეწარმეობის მხარდაჭერა

  • ცოდნის გაზიარება მეწარმეებისთვის: საქართველოს ბანკმა პლატფორმა BusinessCourse.ge-ზე 63 საგანმანათლებლო კურსი გააერთიანა (ბაზას ყოველწლიურად 10 ახალი კურსი ემატება). 2025 წელს ეს პროგრამები წარმატებით 12,000-მა ადამიანმა დაასრულა (მათ შორის 7,500-მა ქალმა). პლატფორმის მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსმა (CSAT) კი 89%-იან ნიშნულს მიაღწია.
  • ქალთა ეკონომიკური გაძლიერება: UNDP-სთან ერთად 2022 წელს დაწყებული პროექტის, “ქალ მეწარმეთა სკოლის“ ფარგლებში, კომპანიამ ქალ მეწარმეებს პრაქტიკული ბიზნეს-ცოდნა და მენტორობა შესთავაზა. პროგრამამ შექმნის დღიდან უკვე 300 ქალი მეწარმე გადაამზადა.
  • B2B კავშირების შექმნა: ციფრული მარკეტფლეისის (Business mBank-ისა და iBank-ის) მეშვეობით ბანკმა ბიზნესები სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანიას დაუკავშირა. 2025 წელს პლატფორმაზე 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანიის შეთავაზება განთავსდა, რითაც 1,100-მა მომხმარებელმა ისარგებლა. გარდა ამისა, შვეიცარიის განვითარების სააგენტოსთან (SDC) ერთად, საქართველოს ბანკი დაეხმარა რეგიონულ ბიზნესებს ფინანსური მოდელების შექმნასა და ოპერაციულ ანალიზში და 2025 წელს ამ სპეციალურ პროგრამაში 3 რეგიონის 120 მცირე და საშუალო ბიზნესი (SME) ჩართო.

კულტურა, სპორტი და საზოგადოება

Governance (G) – გამჭვირვალე და ეთიკური ორგანიზაციული მართვა

ორგანიზაციული მართვა ბიზნესის გამჭვირვალობისა და მდგრადი განვითარების ფუნდამენტია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკში ESG ზედამხედველობას უშუალოდ დირექტორთა საბჭო (მდგრადი განვითარების, ESG და ფინანსური საკითხების ექსპერტ კარინე ჰირნის ჩართულობით) და გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით შექმნილი ESI კომიტეტი მართავს.

ბიზნესის მართვის სტანდარტები და მონიტორინგი

  • მკაცრი ანტიკორუფციული პოლიტიკა: 2025 წელს გუნდის 100%-მა გაიარა ანტიკორუფციული ტრენინგი, მექრთამეობის ან კორუფციის ინციდენტები კი არ დაფიქსირებულა. ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად, ტრანზაქციები Arm’s length პრინციპით ხორციელდება – ისეთივე პირობებით, როგორც დამოუკიდებელ მხარეებს შორის.

ფინანსური დანაშაულის პრევენცია და სანქციებთან შესაბამისობა

  • ფინანსური დანაშაულის პრევენცია: 2025 წელს საქართველოს ბანკის გუნდის 100%-მა გაიარა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის (AML/CFT) ტრენინგი. წლის განმავლობაში ორგანიზაციაში ფულის გათეთრების არცერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა.
  • სანქციების მკაცრი კონტროლი: ბანკი მკაცრად ითვალისწინებს საერთაშორისო სანქციების და გამორიცხავს მათი გვერდის ავლის ნებისმიერ მცდელობას.

მონაცემთა უსაფრთხოება და მომხმარებელთა უფლებები

  • კიბერუსაფრთხოება (ISO 27001): საქართველოს ბანკი ფლობს ISO 27001 სერტიფიკატს, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლის პერსონალური თუ ფინანსური მონაცემები დაცულია გლობალურად აღიარებული, უმკაცრესი პროტოკოლებით. 2025 წელს მონაცემთა გაჟონვის (Data Breach) არცერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა.
  • პერსონალური მონაცემების დაცვა (Data Privacy): 2025 წელს გუნდის 100%-მა გაიარა როგორც უსაფრთხოების, ისე მონაცემთა კონფიდენციალურობის e-learning ტრენინგები. მაღალი რისკის მონაცემებთან მომუშავე 130 თანამშრომლისთვის დამატებითი პირისპირ (Face-to-face) ტრენინგები ჩატარდა.
  • კმაყოფილების მაღალი ინდექსი (NPS): მომხმარებელთა კმაყოფილება 76-ს შეადგენს. უკუკავშირის სამართავად ბანკი სისტემა Medallia-ს იყენებს (წელიწადში 750,000-ზე მეტი შეფასებით).
  • ეთიკური ხელოვნური ინტელექტი: კომპანიაში დანერგილია GenAI-ის უსაფრთხო და ეთიკური გამოყენების პოლიტიკა.

საქართველოს ბანკის, როგორც სხვებისთვის გზის გამკვალავი ინსტიტუტის, მისია იმ ადამიანების მხარდაჭერაა, რომლებიც ქვეყნის განვითარებას, უკეთესი მომავლის შექმნას უწყობენ ხელს. ESG სტრატეგია და მიღწევები ამ მისიისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 

საქართველოს ბანკი მომავალშიც არ აპირებს გაჩერებას, ხედვა უცვლელია, მიზნები უფრო მასშტაბური: მდგრადი დაფინანსება, სრულად განახლებად ენერგიაზე გადასვლა, თანაბრად ხელმისაწვდომი, ინკლუზიური ციფრული გარემოს შექმნა, მეტი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი და ფინანსური მხარდაჭერა მრავალფეროვანი ადამიანებისთვის. ამ ინიციატივების მიზანი კი ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ბიზნესის წარმატება საზოგადოების პროგრესისა და კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალა გახდება.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს