2 წუთი წასაკითხად
Spotwise AI: ტექნოლოგია რადიო რეკლამების ავტომატიზაციისთვის
13 იან. 2026
2 წუთი წასაკითხად
Spotwise, როგორც სხვა ბევრი AI ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სტარტაპი, რეკლამების რეალურ დროში მონიტორინგზე და ინფორმაციის მომენტალურად მომგებიან სტრატეგიად ქცევაზე მუშაობს. თუმცა სხვა ყველა სტრატაპისგან მას სამუშაო არეალი განასხვავებს, რადიო Spotwise-ის ტერიტორიაა. კონსერვატიულ მედიაზე მუშაობა სტარტაპისთვის ერთდროულად გამოწვევებით სავსე და თან ძალიან საინტერესო იყო.
Spotwise 500 Global in Eurasia-ს მე-9 ნაკადის მონაწილეა და ამ ბლოგში მასზე უფრო მეტს მოგიყვებით.
500 Global in Eurasia-ს ფარგლებში შერჩეული სტარტაპები აღმოსავლეთ ევროპიდან, კავკასიიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, 12-კვირიან აქსელერაციის პროგრამას გადიან, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან.
ინტენსიური გადამზადების პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები იძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას; იზიარებენ საჭირო ექსპერტიზას და ამყარებენ ახალ კავშირებს, რაც მათ სწრაფი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
პროგრამა 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება.
დიდ კორპორაციულ კლიენტებთან მუშაობისას ნდობა ერთ-ერთი მთავარი ვალუტაა. Spotwise-ის გუნდისთვის საქართველოს ბანკის მხარდაჭერა სწორედ ამ ნდობას და ინსტიტუციურ ვალიდაციას ნიშნავს.
როგორც Spotwise-ის დამფუძნებელი, რობერტ ლევიქსი აღნიშნავს, მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერა პარტნიორებისთვის სტაბილურობის სიგნალია და უმნიშვნელოვანესია განვითარებისთვის. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ტრადიციული ინდუსტრიის მოდერნიზაციას ცდილობ.
პრობლემიდან Aha-მდე
სტარტაპის იდეა რობერტ ლევიქსის პირადი მედია კარიერიდან და მისი ერთერთი ყველაზე დიდი გამოწვევის გადაჭრისას დაიბადა. საქმე იმაშია, რომ რადიო რეკლამების მონიტორინგი ძალიან რთულია. ციფრული მედიისგან განსხვავებით ის ეფემერულია – ერთხელ რომ გავა ეთერში, ქრება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაყიდვების გუნდს არასდროს აქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ კონკურენტუნარიანი სტრატეგია შექმნას.
ეს ჩემი პირადი კოშმარი იყო. ჩემს გუნდთან ერთად ვყიდულობდი ექვსნიშნა თანხად შეფასებულ, ძვირადღირებულ ინსტრუმენტებს, რომლებიც უსარგებლო იყო, რადგან მონაცემებს თვეების დაგვიანებით გვაწვდიდა. მაშინ მივხვდი, რომ თუ AI-ს გამოვიყენებდი მოსმენისა და შემდგომი გაყიდვების პროცესის ავტომატიზაციისთვის, მე არა მხოლოდ დროს დავზოგავდი, არამედ მთლიანად გამოვასწორებდი გაყიდვების ციკლს
– Spotwise-ის დამფუძნებლი, რობერტ ლევიქსი
როგორ მუშაობს Spotwise?
Spotwise არ არის უბრალოდ მონიტორინგის ხელსაწყო. ტრადიციული ხელსაწყოებისგან განსხვავებით, რომლებიც უბრალოდ მონაცემებს გაწვდიან, Spotwise-ის AI თავად პოულობს პოტენციურ კლიენტს (lead), ამოიცნობს გადაწყვეტილების მიმღებ პირს (decision-maker) და მომენტალურად ადგენს მასთან გასაგზავნი მეილის შაბლონს.
გაკვეთილი 500 Global-ის აქსელერაციიდან
500 Global-ის პროგრამამ გუნდის ხედვა გაყიდვების მიმართ რადიკალურად შეცვალა. მთავარი რჩევა, რომელიც მათ მიიღეს, იყო:
შეწყვიტე ტექნოლოგიის გაყიდვა, გაყიდე „წამალი” – თავიდან შეპყრობილები ვიყავით იმით, რომ აგვეხსნა ჩვენი სისტემის სიზუსტე და AI მოდელების მუშაობის პრინციპი. 500 Global-ის მენტორებმა გვიბიძგეს, ფოკუსირება „უმოქმედობის ფასზე“ (cost of inaction) მოგვეხდინა. მივხვდით, რომ კლიენტებს არ აინტერესებთ, როგორ მუშაობს AI; მათ აინტერესებთ ის, რომ ყოველ წუთს, როდესაც ჩვენი პროდუქტი არ აქვთ ფულს კარგავენ. ჩვენი ნარატივის ცვლილება „მონიტორინგიდან“ „დაკარგული შემოსავლის აღდგენაზე“ გადამწყვეტი აღმოჩნდა
– ამბობს რობერტ ლევიქსი
დემო დღე და სამომავლო გეგმები
დემო დღის შემდეგ გუნდი საპილოტე პარტნიორული პროექტების გრძელვადიან კომერციულ ხელშეკრულებებად ქცევას გეგმავს. მათი გრძელვადიანი ხედვა კი რადიოს მედია ფარგლებს სცდება. გუნდი გეგმავს ტელევიზიის მიმართულებით გაფართოებას და სარეკლამო ბაზრის ($200 მილიარდი) სტანდარტულ საოპერაციო სისტემად ქცევას.
და ბოლოს – რჩევა გუნდისგან
Spotwise-ის გუნდის რწმენით, როდესაც მუშაობს პრობლემაზე, რომელიც ძირფესვიანად გესმის უკვე უპირატესობით სარგებლობ. ამიტომ:
გადაჭერით პრობლემა, რომელიც ღამე არ გაძინებთ