3 წუთი წასაკითხად
ნათია ლაბაძე, გემის პირველი ქართველი კაპიტანი ქალი
ნათია ლაბაძის, გემის პირველი ქართველი კაპიტანი ქალის, შთამაგონებელი ისტორია. აღმოაჩინეთ ბრძოლა სტერეოტიპების წინააღმდეგ და გზა ბავშვობის ოცნებიდან წარმატებამდე
9 მარ. 2026
3 წუთი წასაკითხად
ოცნებები სტერეოტიპებს არ ემორჩილებიან და მათ მიერ დაწესებული ბარიერების გადალახვაშიც გვეხმარებიან. საკუთარი თავის სტერეოტიპული ჩარჩოების მიღმა აღმოსაჩენად კი ვრცელი გზის გავლა და ზღვების გადაცურვაა საჭირო. ამ გზას გაჩერება არ უხდება.
სწორედ ბავშვობის ოცნებებიდან იწყება ნათია ლაბაძის, გემის პირველი ქართველი კაპიტანი ქალის, გზა. ნათიამ 11 წელი იბრძოლა, რათა საკუთარი თავი ხელისშემშლელი ბარიერების მიღმა ჩქაროსნული გემის შტურვალთან აღმოეჩინა.

გემზე ოცნება და გემის მართვა
ზღვაზე ოცნება ნათიამ ბავშვობიდანვე დაიწყო. მეზღვაურების ოჯახში გაზრდილი გოგონასთვის უფროსების თავგადასავლების მოსმენა საყვარელი საქმიანობა იყო. პროფესიის არჩევის სურვილიც სადღაც ამ ისტორიებში დაიბადა.
ზღვაზე ფიქრი რომ დავიწყე, პატარა ვიყავი, მართლა ძალიან პატარა. მამაჩემის ისტორიებზე ვარ გაზრდილი. დავჯდებოდი ხოლმე და ვუსმენდი მის მოთხრობილ ამბებს. ისინიც არასდროს მთავრდებოდა. ოჯახის სხვა წევრებიც მეზღვაურები არიან, ბაბუები, ბიძები, ბიძაშვილები… როცა შევიკრიბებოდით და სუფრასთან გემის ისტორიებს ყვებოდნენ, იმაზე საინტერესო ჩემთვის არაფერი იყო. აი, მაშინ მივხვდი, რომ მეზღვაურობა და კერძოდ, კაპიტნობა მინდოდა
– კაპიტანი ნათია ლაბაძე
მამაკაცებით დომინირებულ სფეროში, სადაც გენდერული სტერეოტიპები ხშირად განსაზღვრავს პროფესიულ კლიმატს, ნდობის მოპოვება არცთუ ისე მარტივი აღმოჩნდა. ნათიას, როგორც ქალს, თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად საქმეში კოლეგა მამაკაცებზე ორჯერ მეტი ენერგიის ჩადება უწევდა. თუმცა, ამას არასდროს შეუშინებია; მართალია, ხშირად გამოფიტულა და გადაღლილს სხვანაირ ცხოვრებაზეც უფიქრია, მაგრამ საკუთარი თავისა და მიზნების რწმენა არასდროს დაუკარგავს.
ურთულეს მომენტებში გამივლიდა ხოლმე თავში ფიქრი: რა იქნებოდა ტრადიციული, მშვიდი ცხოვრება ამერჩია, სადაც ჩემი მთავარი საზრუნავი ოჯახური რუტინა და საყოფაცხოვრებო სიმყუდროვე იქნებოდა? ბევრი ადამიანისთვის ხომ ეს სრულიად საკმარისია. მაგრამ, როგორც კი გავიხსენებ, მსოფლიოს რამდენი კუთხე მაქვს შემოვლილი, რამდენი განსხვავებული კულტურა მინახავს და როგორი განუმეორებელი ემოციები მიმიღია… გული სიამაყით მევსება. უზომოდ მადლიერი ვარ საკუთარი თავის, რომ არ შევუშინდი სირთულეებს და ეს გზა ავირჩიე
– აღნიშნავს კაპიტანი ნათია ლაბაძე

საზღვაო აკადემიაში რომ ჩააბარა, 121 სტუდენტიდან ერთადერთი გოგო იყო. აკადემიის დასრულების შემდეგ მუშაობა გემზე დაიწყო. მალევე კაპიტნის მესამე თანაშემწე გახდა და უკვე გემს მართავდა. ამ კომპლექსურ პროცესში მისთვის ყველაზე დიდ თავსატეხს კოლეგების უნდობლობა წარმოადგენდა.
გემის კაპიტნის მესამე თანაშემწედ ვმუშაობდი, ეკიპაჟში მეორე მექანიკოსად ერთი უკრაინელი ბიჭი გვყავდა. რამდენიმე წლის შემდეგ შემთხვევით შევხვდი და გამომიტყდა: თურმე, ჩემი მორიგეობისას, ღამით ფანჯარასთან იდგა და ნერვიულობდა: ნეტავ ნათიას წინ არავინ შეხვდეს და დანიშნულების ადგილას მშვიდობიანად ჩაგვიყვანოსო. მათთვის უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რომ გემის მართვა ქალსაც შეეძლო
– აღნიშნავს კაპიტანი
ის, რომ ქალის შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს, ნათიამ უდიდესი შრომით დაამტკიცა. დღე და ღამე საქმეში იყო ჩართული; ხშირად, მთელი თვის შესასრულებელ გეგმას 3-4 დღეში ამთავრებდა. თავს არ ზოგავდა, მისთვის საქმის ხელოვნურად გაწელვა წარმოუდგენელი იყო. მთელი ეს დამღლელი, სტრესული შრომა იმ ერთ მომენტად უღირდა, როცა კაპიტნების გაოცებული სახეების ფონზე ამაყად იტყოდა, რომ დავალება უკვე შესრულებული იყო. დაუღალავი შრომა კი ყოველთვის ფასდება.
ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მაშინ ვიგრძენი, როცა კაპიტნებმა ჩემი ირწმუნეს. დაინახეს რომ შრომისმოყვარე ვარ და ყველაფერს შევძლებ
მერე ის დღეც დადგა, როცა ყველას დაუმტკიცა, რომ გემის კაპიტნობას ნამდვილად შეძლებდა. კაპიტნის გამოცდაზე გასვლა ნათიასთვის ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ცოდნის შემოწმება. წინა ღამემ სრულ უძილობასა და ნერვიულობაში ჩაიარა.
აშინებდა არა თავად გამოცდის სირთულე, არამედ ის უხილავი ბარიერები, რომლებთან გამკლავებაც უწევდა. კანკალებდა იმაზე ფიქრით, რომ ღელვის გამო დაშვებულ მცირე შეცდომასაც კი მის სქესს მიაწერდნენ. სურდა, სამუდამოდ გაექარწყლებინა უსაფუძვლო ეჭვები.
მინდოდა ყველა დამერწმუნებინა, რომ ეს შევძელი და ჩემი წარმატება მხოლოდ იმ დაუღალავი შრომის შედეგი იყო, რომელიც წლების განმავლობაში გავწიე
– აღნიშნავს კაპიტანი
დიდი ნერვიულობის მიუხედავად, გამოცდამ გადასარევად ჩაიარა. უამრავი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ ნათია კაპიტანი გახდა. ეს წამი მის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელ და საამაყო მომენტად იქცა.

კაპიტნის წარმატების საიდუმლო და მთავარი სისუსტე
ნათია ამბობს, რომ მისი წარმატების მთავარი საიდუმლო ოჯახია. მათი რწმენა და თანადგომა აძლიერებს და ეხმარება, საკუთარ თავს ბოლომდე მიენდოს, საკუთარი სიძლიერე ეჭვქვეშ არ დააყენოს და რთულ მომენტებში თავი ხელში აიყვანოს. პარადოქსულია, მაგრამ კაპიტნის ყველაზე დიდი სისუსტეც სწორედ ოჯახის წევრები და მათი უსაზღვრო მონატრებაა.
სანამ კონტრაქტი არ მთავრდება, ჩემი ოჯახის წევრების სურათებს არ ვუყურებ. ისე მენატრებიან ხოლმე, რომ ყველაფრის მიტოვება და სახლში წამოსვლა მინდება. ფოტოების ნახვამდე კი ემოციურად ძლიერი და ფსიქოლოგიურად მდგრადი ადამიანი ვარ
– აღნიშნავს კაპიტანი

რჩევა მომავალ კაპიტნებს
ნათიას მომავალი კაპიტნებისთვის ბევრი აქვს სათქმელი. პირველ რიგში ის, რომ ამ პროფესიას სქესი არ აქვს და უამრავი სირთულის მიუხედავად, თავს უსაზღვროდ გაყვარებს. მეორე კი ისაა, რომ ამ საქმეში მთავარი იარაღი ჟინია, რომელიც სურვილების ასრულების გზაზე არ გაგაჩერებს.
არ გეგონოთ, რომ კაცები რამეს დაგითმობენ. ხელის გულზე გატარებენ. პირიქით, საკუთარი თავის დამტკიცება მუდმივად მოგიწევთ. თუმცა ოცნება ამად ღირს
– ამბობს კაპიტანი ნათია ლაბაძე
