4 წუთი წასაკითხად
SITUATIONIST by Irakli Rusadze – წარმატებისა და ოსტატობის ისტორია
18 მარ. 2026
4 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
პირველი ათი წელი მოდის ინდუსტრიაში სიმტკიცისა და თვითგამორკვევის კომპლექსური ტესტია, რომელიც Situationist-მა პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში (Runway slot) ტრიუმფით ჩააბარა. კოლექცია არა მხოლოდ მოდის სახლის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს, არამედ ბრენდის ისტორიაში ახალი, უფრო გაბედული ეპოქის დასაწყისზეც მიუთითებს. ამ ეტაპს, წინააღმდეგობების მიუხედავად, მოდის სახლმა დაუღალავი შრომითა და უნიკალური ხელწერით მიაღწია, რაც ტრადიციული ოსტატობისა და თანამედროვე, ხისტი ფორმების სინთეზში გამოიხატება.
პარიზის მოდის კვირეული
ეს Situationist-ის ისტორიაში ახალი თავია; თავი, რომელიც ეპატაჟის ნაცვლად, სიმტკიცისა და სრული კონტროლის დემონსტრირებით იწყება. კოლექცია ბრენდის ფუნდამენტური ღირებულებების გააზრებული მანიფესტია: ის არის ქართული, პოლიტიკური, ურბანული და ზუსტი. ეს არის მტკიცე განაცხადი პარიზის სცენაზე, სადაც ბრენდის ყოფნა დღეს უკვე აბსოლუტურად დამსახურებულია. ასე აფასებს Situationist-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას მოდის კრიტიკოსი და ASVOF-ის დამფუძნებელი, დაიან პერნეტი.
წლევანდელი ჩვენების წარმატება დიდწილად პროფესიონალთა მტკიცე ერთობამ განაპირობა. მოდის ინდუსტრიის გადატვირთული გრაფიკისა და არასტაბილური გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ირაკლი რუსაძე კოლექციის წარმატებას Situationist-ის გარშემო შემოკრებილ განსაკუთრებულ გუნდს უმადლის.
კასტინგით დაწყებული, სადაც ინდუსტრიის ყველაზე მოთხოვნადი სახეები ვიხილეთ, არტ-დირექტორით, სტილისტითა და გლამ-გუნდის შემადგენლობით დამთავრებული, ჩვენ შევძელით შემოგვეკრიბა გუნდი, რომელზეც მხოლოდ ოცნება შემეძლო
– ამბობს Situationist-ის დამფუძნებელი
გუნდის თავდადებულმა მუშაობამ და კოლექციის სტრუქტურამ საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მიიპყრო. Vogue Business-ი რეგიონში არსებული არასტაბილური გარემოს ფონზე ბრენდის ამ ახალ ეტაპზე გადასვლას დიდ წარმატებად აფასებს. გამოცემა განსაკუთრებულ ხაზს უსვამს ირაკლი რუსაძის ოსტატობას და მის უნარს, შექმნას სილუეტები პოლიტიკური ქვეტექსტით, რაც Situationist-ის იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა.
Situationist-ის ოსტატობის ისტორია
Situationist-ის წარმატების გზა ადგილობრივ ოსტატებთან ურთიერთობით იწყება. მათთან თანამშრომლობით ირაკლი მოზარდობის ასაკიდან სწავლობდა კერვას, კონსტრუირებასა და თარგის გამოყვანას. 15 წლის ასაკში მას უკვე საკუთარი პროექტები ჰქონდა და ესკიზებს სხვა დიზაინერებისთვისაც ქმნიდა.
როცა არჩევანის გაკეთება გახდა საჭირო: სასწავლებელში ჩამებარებინა თუ სამუშაო გამოცდილება მიმეღო, გადავწყვიტე, პრაქტიკულად შემესწავლა სამოსის შექმნა: კონსტრუირება, თარგის გამოჭრა და კერვა. ვფიქრობ, დიზაინერისთვის უმნიშვნელოვანესია ტექნიკური გამოცდილების მიღება და მატერიებთან ურთიერთობის შესწავლა
– აღნიშნავს დიზაინერი
ადგილობრივ ოსტატებთან დაგროვილი გამოცდილება ირაკლიმ Situationist-ის ბრენდად 2016 წელს აქცია. აღიარებას სულ რაღაც ორ წელში მიაღწია, როდესაც Situationist პირველი ქართული ბრენდი გახდა, რომელმაც მილანის მოდის კვირეულზე გამართა ჩვენება. ბრენდმა კვირეულის განსაკუთრებული დღე დახურა და პოდიუმი ისეთი დიდი მოდის სახლების შემდეგ დაიკავა, როგორებიცაა Versace, Armani და Etro.
ტექნიკური უნარების ფლობამ ჩემი პროფესიული ტრაექტორია მნიშვნელოვნად განსაზღვრა და თავად ბრენდის ხელწერაზეც იქონია გავლენა. ბრენდის შექმნის საწყის ეტაპზე, ფაქტობრივად, მარტო მიწევდა მუშაობა. ტექნიკური გამოცდილება და ცოდნა რომ არ მქონოდა, ბრენდის განვითარება ძალიან გამიჭირდებოდა
– ამბობს ირაკლი რუსაძე
ბრენდის წარმატება და უნიკალური ხელწერა სწორედ ამ პროფესიულ ნოუ-ჰაუზეა დაფუძნებული. დღეს Situationist-ის გარშემო გაერთიანებულ მრავალპროფილურ გუნდს ნებისმიერი სირთულის კონსტრუქციასა და ქსოვილთან მუშაობა შეუძლია.
ეს მოქნილობა მოდის სახლს საშუალებას აძლევს, გვერდი აუაროს მასობრივ წარმოებას და ფოკუსირდეს ინდივიდუალურ, ხელნაკეთ მოდელებზე. Situationist-ის სამოსი ამ შრომის კვალს არა მხოლოდ უნიკალური სილუეტებით, არამედ იმ ლეიბლითაც ინახავს, რომელსაც თავად მკერავები აწერენ ხელს.
თანამშრომლობა ვარსკვლავებთან
ირაკლი რუსაძე შთაგონებას არა აბსტრაქტულ მუზებში, არამედ საქართველოს ყოველდღიურობაში პოულობს. ხშირი მოგზაურობა და ადგილის მიმართ მძაფრი მგრძნობელობა არის ის, რაც Situationist-ს უნიკალურ ქართულ ხასიათს სძენს.
სწორედ ეს ხასიათი შეუყვარდათ ისეთ ცნობილ სახეებს, როგორებიც არიან მოდელი ბელა ჰადიდი, მომღერალი დოუჩი (Doechi) და პოპ-ვარსკვლავი ბიონსე. გასული წლების განმავლობაში Situationist-ი ბიონსეს მსოფლიო ტურნესთვის (Renaissance World Tour) სპეციალურად მისთვის შექმნილ დიზაინებზე მუშაობდა.
ასეთ ვარსკვლავებთან მუშაობა საინტერესო გამოწვევაა. მართალია, პროცესი გარკვეულ ჩარჩოებსა და გაიდლაინებს ექვემდებარება, რაც შემოქმედებით თავისუფლებას სხვაგვარ დისციპლინას სძენს, მაგრამ ესეც პროფესიული თვალსაზრისით ფასდაუდებელი გამოცდილებაა. კონკრეტულად ბიონსეს გუნდთან კოლაბორაცია ჩემთვის უაღრესად შთამბეჭდავი და საინტერესო აღმოჩნდა
– ირაკლი რუსაძე
წარმატების მნიშვნელობა და სამომავლო გეგმები
მსოფლიო აღიარებასთან ერთად, ირაკლისთვის ბრენდის წარმატებაზე ის გუნდი მეტყველებს, რომელიც Situationist-ის იდეის გარშემოა შემოკრებილი. მოდის ინდუსტრიაში ერთგული თემი გრძელვადიანი განვითარების მთავარი წინაპირობაა. ამ ერთობის ჩამოყალიბებას, ბრენდის შენების მსგავსად, თავდაუზოგავი შრომა და ფასეულობების ერთგულება სჭირდება.
მხარდაჭერის გარეშე ამ სფეროში წინსვლა შეუძლებელია. წლევანდელი წარმატებაც წარმოუდგენელი იქნებოდა იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ასე ერთგულად გვედგნენ გვერდში. თუმცა, ამ ნდობის მოპოვებას დიდი ძალისხმევა სჭირდება: სფეროს პროფესიონალები უნდა დარწმუნდნენ, რომ სტაბილურად მიჰყვები შენს მიზნებს
მასშტაბურ საერთაშორისო წარმატებასთან ერთად Situationist-ს ქვეყნის შიგნითაც დიდი გეგმები აქვს. გუნდი საქართველოში პირველი მაღაზიისა და ახალი, უფრო თანამედროვე ატელიეს გახსნას აპირებს.
მოდის სახლის განვითარებასთან ერთად, სამოსის დამზადება ბრენდმა ქვეყნის საზღვრებს გარეთაც დაიწყო. წელს პირველად Situationist-ის ტყავის ჩანთები და პერანგები იტალიაში შეიკერა, ხოლო ნეპალში გუნდმა ქაშმირის ნაწარმზე დაიწყო მუშაობა.
ჩვენი მიზანია, განვითარების გზაზე არ დავკარგოთ ის მეთოდები, რომლებიც ჩვენს შემოქმედებას უნიკალურ ხიბლს ანიჭებს. გაფართოებასთან ერთად ახალ კადრებს გავუზიარებთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებასა და მუშაობის სტილს
ამასთან, პარიზის ჩვენების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა ბევრ საინტერესო კოლაბორაციას, რომლებსაც ბრენდი ეტაპობრივად გაგვაცნობს.
Situationist-ის წარმატების ისტორია საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ დასახული მიზნებისკენ სვლა ყოველთვის ღირს. ამ გზაზე კი მოდის სახლის ერთგული სპონსორია SOLO.
რაც შეეხება თავად გზის დასაწყისს, მომავალი დიზაინერებისთვის ირაკლის პრაგმატული ხედვა აქვს: მას სჯერა, რომ ეფექტური შემოქმედებითი პროცესი ტექნიკურ დახელოვნებით იწყება. მათ კი, ვისაც მოდის კომპლექსურ ინდუსტრიაში წარმატება სურს, კერვის, თარგის შექმნისა და კონსტრუირების ტექნოლოგიების საფუძვლიან შესწავლას ურჩევს.