Logo
ბლოგი
Time icon

5 წუთი წასაკითხად

როგორ შეიქმნა მარიონეტების თეატრი საქართველოში? ლეო გაბრიაძე გაბრიაძის თეატრის ისტორიასა და მომავალზე

ძველ თბილისში, შავთელის ქუჩაზე მოხვედრისას, შეუძლებელია ყურადღება არ მიიქციოს ზღაპრულმა კოშკმა, საიდანაც ყოველ საათში ერთხელ ანგელოზი გამოდის და ზარს რეკავს. იქვეა პატარა, მყუდრო კაფე, რომელიც მთელ ქუჩაზე მოხალული ყავის სურნელს აყენებს. 

თეატრში თუ შევალთ და მინიატურულ კიბეს ჩავუყვებით პატარა დარბაზში, რომელშიც ჩურჩული ერთადერთი კომუნიკაციის ფორმაა, აღმოვაჩენთ რეზო გაბრიაძის პოეტურ-ფილოსოფიურ სამყაროს, სადაც თოჯინები ათასგვარ ისტორიას ყვებიან.

დღეს ამ სათუთ მემკვიდრეობას რეზოს ვაჟი, ლეო გაბრიაძე აგრძელებს. გაზაფხულზე SOLO-თან პარტნიორობით თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა სპექტაკლი შერეკილები, ხოლო ვიტრინები თეატრის პერსონაჟებით, ციტატებით, წარწერებითა და რეზო გაბრიაძის განუმეორებელი იუმორით დატვირთული დიზაინით მოირთო.

თანამშრომლობის ფარგლებში ლევან გაბრიაძესთან უკვე ვისაუბრეთ მამის არქივის შესახებ, ამჯერად კი თავად თეატრის შექმნის იდეითა და პროცესით დავინტერესდით. 

ლევან, ხომ არ გახსოვთ, როგორ გაჩნდა თეატრის შექმნის იდეა?

მამა ყოველთვის სხვადასხვაგვარად ყვებოდა ამ ამბავს, მაგრამ ამ ვერსიებიდან ერთ-ერთი ყველაზე სახალისო, ალბათ, ის არის, რომელიც ნახსენებია ფილმში “ჰარი, ჰარალე, დედაო!”. ისტორიის მოყოლა მხოლოდ რეზოს ხმითაა შესაძლებელი:

იმ დილას, ჩემი „ჟიგული 01“-ით მივგორავდი, ისევ უმუშევარი.
უცებ დავინახე ის, ქალაქის მთავარი არქიტექტორი, მაღალი, წარმოსადეგი, ოდნავ ჭაღარა. ეს მოხდა ძველ თბილისში, სადაც არქიტექტორი მუშაობდა თბილისობისთვის.
რატომ უყვართ კინორეჟისორებს და არქიტექტორებს ხელებით ლაპარაკი ქუჩაში? ამით ალბათ ორგანიზებას უკეთებენ სივრცეს…  
გავაჩერე მანქანა და გავერიე ცნობისმოყვარეებში. ის ელაპარაკებოდა თავის თანმხლებ კოლეგებს, რომლებიც გამრავლებული იყვნენ ჩემნაირი შემთხვევითი ტიპებით. არქიტექტორმა შემამჩნია და ჩუმად მკითხა: რამე ხომ არ გაქვს ჩემთვის სათქმელიო.
ასე მეფურად ჩემთვის ჯერ არავის უკითხავს არაფერი. ვიგრძენი ამ მომენტის ზღაპრულობა. ჩემსა და მას შორის იყო საბჭოთა კავშირი, იმპერია. აქეთ მილიციელი ჭკვიანურად იხედებოდა თავახდილ ლიუკში. იქით, მეორე მილიციელი ცდილობდა სახე უფრო სახელმწიფოებრივი გაეხადა.
ჩვენს თავზე ცისფერ ცაში მიფრინავდა სამხედრო თვითმფრინავი და თეთრ კვალს ტოვებდა.
ამ დროს ცნობილი ადამიანი მეკითხება: რა გინდა შენო?
მე ვფიქრობდი, რომ ვარ მხატვარი, რომელსაც არასდროს ჰქონია სახელოსნო. თანაც ახლა საერთოდ უმუშევარი ვარ.
ასეთ მეფურ კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად არ ვიყავი. ვთქვა, რომ მჭირდება სახელოსნო, არ იქნება სწორი. დაუშვებელია. რადგან არა ვარ სსრკ-ის მხატვართა კავშირის წევრი, არა ვარ აგრეთვე კომუნისტური პარტიის წევრი…
და აი, აქ მოხდა, რაც მოხდა!
ალბათ ადამიანებს თავში გვაქვს დიდი სარაია. ამ სარაიაში ლეჟანკებია, მათზე სძინავთ სიტყვებს. დამტვერილ, დავიწყებულ, კაცს რომ ხშირად არ სჭირდება, ისეთ სიტყვებს.
და აი, ახლა, როდესაც არქიტექტორმა მკითხა, რას გააკეთებ შენ თბილისისთვისო, მოხდა სასწაული, უფრო სწორად „სასტაული“!
ლეჟანკაზე გაიღვიძა ორმა მივიწყებულმა სიტყვამ – ორივე ფეხშიშველა, სველი ცხვირებით. ერთმა, რომელსაც ჰალსტუხი ეკეთა, მიკარნახა ალკოჰოლიკის კანკალა ხმით  „თეატრი“ და დააჭახუნა კბილის პროტეზები, მერე დახუჭა თვალები და ფოთოლივით ნელა დაეშვა საწოლზე. მეორე კი დავარდა მუხლებზე და წვრილი ხმით შემომძახა: „მარიონეტკების“, ძვირფასო რეზიკო!
ერთ კვირაში გაისმა ზარი. არქიტექტორმა შემომთავაზა შენობა” 

შავთელის ქუჩაზე მოხვედრისას ადამიანი მყისიერად აბიჯებს რეზოს შექმნილ სამყაროში. თქვენთვის, როგორც ამ მემკვიდრეობის გამგრძელებლისთვის, რას ნიშნავს თეატრის ეს გეოგრაფია?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თეატრი ანჩისხატის მეზობლად მდებარეობს, რასაც მამაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. თეატრის წინ არსებული მოედნის რეკონსტრუქციისას მან სწორედ მეზობლობა გაითვალისწინა. აქ დადგა რეზომ თავისი აღდგომის წყარო და თავად მოედანმაც ჩვენთვის აღდგომის მოედნის სახელწოდება მიიღო.

კოშკის აშენებაც მამამ ანჩისხატიდან ცოტა მოშორებით გადაწყვიტა, რათა ტაძრის ხედი არ დაეჩრდილა და კოშკიტაძარზე მაღალი არ ყოფილიყო. ყოველ წელს, საშობაოდ და სააღდგომოდ, ჩვენ ამ მოედანსა და კოშკს ჩიჩილაკებითა და დეკორატიული კვერცხებით ვრთავთ.

არ შეიძლება ვისაუბროთ გაბრიაძის თეატრზე და არ ვახსენოთ მეზობლად არსებული კაფე. რეზოსთვის ამ კაფედან გამოსული მოხალული ყავის სუნი და ჭიქების წკრიალი ხომ ერთგვარი დეკორაციისა და სცენოგრაფიის ელემენტი იყო. რა როლს ასრულებს ეს სივრცე თეატრის ჯადოსნური ატმოსფეროს შექმნაში დღეს?

1995 წელს მამამ თავის თეატრში გახსნა კაფე არ იდარდო!, რადგან თვლიდა, რომ ნებისმიერ თეატრს სჭირდება სივრცე სტუმრების მისაღებად ისევე, როგორც „ერთი მოხალული ყავის მარცვლის არომატი“ შენობაში. კაფეს ინტერიერიც და ექსტერიერიც რეზოს შემოქმედებით იყო შთაგონებული და მისივე ხელით შექმნილი. როგორც თავად იხსენებს ერთ-ერთ ჩანაწერში:

ჩვენი კაფე თითქოს თავისით დაიბადა. თეატრში არც ისე მყუდრო ბუფეტი გვქონდა, ჩვენ კი გვინდოდა, ლამაზ გარემოში გვესადილა. ვიღაცამ ყავის მადუღარა მოიტანა, მანანა თავაძემ თავისი ცნობილი ვაშლის პეროგი… მე დავხატე პანო… მერე ვიპოვეთ ორი, კოხტად გამოთლილი ფეხი მაგიდისთვის… მერე ვიღაცამ ფარდა მოქარგა… და ასე, არაფრისგან გაჩნდა ჩვენი კაფე.

ეს იყო ერთ-ერთი პირველი კაფე თბილისში, სადაც ტრადიციული ქართული სამზარეულო ევროპული კაფეს ფორმატით იყო წარმოდგენილი. 2010 წლიდან კაფეს სახელწოდება შეიცვალა და გახდა გაბრიაძე.

თეატრის დარბაზი სულ რაღაც 80 მაყურებელს იტევს. ეს სიმჭიდროვე ალბათ შემთხვევითი არ არის. არის თუ არა ეს მინიატურულობა თავად წარმოდგენის ნაწილი?

ეს „მწარე“ რეალობიდან დაიბადა, რადგან პირველი დარბაზი, რომელიც ახალდაარსებულ თეატრს მისცეს, სულ 45 ადამიანს იტევდა. ამან განაპირობა თოჯინებისა და დეკორაციების ზომებიც. 45-კაციანი ანშლაგების გამო, თეატრს მეორე შენობა გამოუყვეს, სადაც უკვე „მთელი“ 80 კაცი ეტეოდა, მაგრამ თოჯინებისა და დეკორაციების ზომა იგივე დარჩა. 

სწორედ ამ შეზღუდვამ დაბადა ის ჯადოსნური, ინტიმური გარემო, რომელიც ჩვენს თეატრში იქმნება. ამის მიღწევა დიდ დარბაზში შეუძლებელია. ჩვენი სტანდარტის მაქსიმუმი 150 კაცია.

მოგვიყევით გუნდზე, რომელიც დღეს გაბრიაძის თეატრს ქმნის. ვინ არიან თქვენი ძველი, გამოცდილი თანამშრომლები და ვინ შემოემატა თეატრს ახლახან?

გუნდის ჩამოყალიბებას წლები სჭირდება. გუნდში, რომელიც მე გადავიბარე, არიან ადამიანები, რომლებიც რეზოს მიერ ჩამოყალიბებული მეთოდის ფარგლებში აღიზარდნენ, კარგად იცნობენ მის ხელწერასა და სტილს და წლების განმავლობაში მუშაობდნენ მასთან ერთად.

ამავდროულად, აგვყავს ახალგაზრდები, რომლებსაც ვასწავლით როგორც მსახიობობას, ასევე სახელოსნოებში მუშაობას. ოთხი წლის წინ მეორე დასიც ჩამოვაყალიბეთ, რაც თეატრს ფუნქციურად უფრო მოქნილს ხდის.

დაარსების დღიდან თეატრში მუშაობს ჩვენი დასის ხელმძღვანელი, თამარ ამირაჯიბი. ის ჩვენი წამყვანი მსახიობია. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დაიწყო მუშაობა რეზოსთან, დღეს კი უკვე თავად ზრდის ახალ თაობებს. ის არის ანიმატორ-მსახიობთა სკოლის ტრადიციების გამგრძელებელი, აქტიურად არის ჩართული სპექტაკლების ფონოგრამების შექმნაში, ხმის მსახიობების შერჩევასა და ჩაწერაში. ბოლო ერთი წელია, ჩიკა (როგორც ჩვენ ვეძახით) უძღვება ტურებს, სადაც სრულიად განსხვავებული ფორმით ჰყვება ჩვენი თეატრის ისტორიას.

რომელია თეატრის ყველაზე ცნობილი წარმოდგენა?

რა თქმა უნდა, „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“, რომელიც 1983 წელს დაიდგა და დღემდე ყველაზე პოპულარულ სპექტაკლად რჩება.

პროექტი „ჰარი ჰარალე დედაო“ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და რეზო გაბრიაძის უნიკალური თხრობის საინტერესო სინთეზია. მოგვიყევით ამ ნამუშევარზე.

ამბები, რომლებიც ამ ფილმშია მოთხრობილი, ბავშვობიდან ვიცოდი და მიყვარდა. 1994 წელს მამა ჩამოვიდა ჩემთან სტუმრად ლოს-ანჯელესში. ერთ-ერთი საუბრისას გადავწყვიტეთ, რომ მისი ბავშვობის მოგონებები ჩაგვეწერა. რეზომ ამ ამბებზე ესკიზების ნაწილიც მაშინვე შექმნა. მერე კი წლები გავიდა, სანამ ეს პროექტი დღის სინათლეს იხილავდა.

2016 წელს შევკრიბე ანიმატორების გუნდი და ჩემს პატარა ოთახში დავიწყეთ მუშაობა. ანიმაცია აღმოჩნდა ის ფორმა, რომელმაც ეს პატარა მოთხრობები გააცოცხლა რეზოს მონაყოლითა და ნახატებით. თავისი ფორმით, „ჰარი, ჰარალე, დედაო!“ უფრო ანიმირებულ ავტობიოგრაფიულ წიგნს ჰგავს.

დღეს ხელოვნების, განსაკუთრებით კი ასეთი სპეციფიკური, კამერული თეატრის შენარჩუნება რთულია მყარი მხარდაჭერის გარეშე. რა არის ის მთავარი ღირებულებითი თანხვედრა, რამაც გაბრიაძის თეატრი და SOLO დააკავშირა? რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიზნესისა და კულტურის ასეთი პარტნიორობა?

ჩვენ პატარა, 3-მილიონიანი ერი ვართ, გვაქვს ჩვენი ენა, დამწერლობა და მდიდარი კულტურა. დღეს მთელ მსოფლიოში კულტურების გაერთიანება მიდის. ჩვენც ამ ბობოქარ ოკეანეში აღმოვჩნდით და საჭიროა მთელი ძალების მოკრება, რომ არ დავიკარგოთ.

გადარჩენის გზა არის ის, რომ მეტი არტისტი იყოს დასაქმებული, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ადამიანს შეეძლოს საკუთარი საქმის კეთება. არ უნდა მივატოვოთ ის, რაც მამებმა დაგვიტოვეს და კიდევ უფრო მეტად უნდა განვავითაროთ. ეს იქნება ჩვენი ერის, დამწერლობისა თუ კულტურის გადარჩენის ერთადერთი გზა.

ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი თეატრისა და SOLO-ს მეგობრობა. SOLO პოპულარიზაციას უწევს მეცენატობის ტრადიციის განვითარებას საქართველოში და სხვებისთვისაც კარგ მაგალითს წარმოადგენს. სხვათა შორის, ძალიან კარგი საქმე გააკეთა SOLO-ს ვიტრინებმა – აღმოჩნდა, რომ ჩვენი მხრიდან არანაირი მარკეტინგი აღარ იყო საჭირო, რადგან ვიტრინებმა უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია ახალი სპექტაკლის, შერეკილების მიმართ. უკეთეს ანონსს ვერც ვინატრებდით.

მნიშვნელოვანია, რომ სხვა კომპანიებმაც გაიაზრონ კულტურის მხარდაჭერის დიდი მისია და ჩაერთონ ქართული ხელოვნების გადარჩენასა და განვითარებაში.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს

თაგები