5 წუთი წასაკითხად
შერეკილები გაბრიაძის თეატრში – SOLO-სთან ერთად
17 აპრ. 2026
5 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ამ ამბავზე ავტორი ვერ დაიჟინებს, რომ რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული, თუმცა მისი გმირები იმდენად ახლობლები არიან, ისტორია კი იმდენად უნივერსალურად ადამიანური, რომ მის სინამდვილეში ეჭვის შეტანა ძალიან რთულია; ან, როგორც რეზო გაბრიაძე მოთხრობაში უცხო ჩიტი ამბობს: „ნამდვილზე უფრო ნამდვილია”.
თავდაპირველად ბუხრის პირას მოსმენილი მიზანასა და არისტოს, ერთაოზისა და მარგალიტას, ქრისტეფორესა და თამუნიას ამბავი ეკრანიდან, ოპერის სცენიდან თუ წიგნის ფურცლებიდან მაყურებელმა არა მხოლოდ მთელი გულით ირწმუნა, არამედ შეიყვარა კიდეც. ახლა კი დროა, ლეგენდად ქცეული ისტორია ავტორის წიაღს დაუბრუნდეს.
სულ მალე და პირველად გაბრიაძის თეატრის სცენაზე, შერეკილებს მარიონეტები ითამაშებენ. ამასთან, გაბრიაძის სპექტაკლის ესკიზები ქალაქის ქუჩებშიც, SOLO-ს ვიტრინებშიც გამოჩნდა.
შერეკილებს რეჟისორი ლევან გაბრიაძე მამის სცენარის, ესკიზებისა და შერეკილების მრავალფეროვანი ვარიაციების შერწყმით დგამს.

შერეკილობაზე, ოცნებასა და სიყვარულზე ჩვენც სწორედ მას გავესაუბრეთ.
როგორ ცოცხლდება შერეკილები გაბრიაძის თეატრში?
როგორც ლევან გაბრიაძე გვიყვება, რეზო შერეკილების იდეას არაერთხელ და არაერთგვაროვნად მიუბრუნდა, სპექტაკლის მთავარი დანიშნულება კი ამ განსხვავებული ვარიაციების ერთ სცენაზე გაერთიანებაა.
ალბათ ისევე, როგორც ბევრს საქართველოში, მეც ბავშვობიდან მიყვარს ელდარ შენგელაიას ფილმი შერეკილები.
ფილმის გამოსვლის შემდეგ, მამა კიდევ რამდენჯერმე დაუბრუნდა ამ თემას და ყოველ ჯერზე ის სულ უფრო დიდ სიღრმეს და ფილოსოფიურ მნიშვნელობას იძენდა. ჯერ იყო მოთხრობა სათაურით უცხო ჩიტი, რომელშიც სცენარისეულ დიალოგს ავტორის ხმა და ნახატები დაემატა, მერე ოთარ თაქთაქიშვილის ოპერა პირველი სიყვარული, რომლის ლიბრეტო რეზოს შექმნილი იყო.
1990-იანი წლების დასაწყისში მამა კვლავ დაუბრუნდა ამ თემას, ამჯერად იური გრიგოროვიჩის მიუზიკლისთვის დაწერა პიესა, რომელიც ბროდვეიზე უნდა დადგმულიყო.
ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანა იყო, რომ მოთხრობა, სცენარი, ლიბრეტო, პიესა და მრავალრიცხოვანი ესკიზები გაგვეერთიანებინა და თოჯინური თეატრის ფორმატისთვის მიგვესადაგებინა, ისე, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა რეზოს ჩანაფიქრი.
თეატრის სახელოსნოებში მამის ესკიზების მიხედვით, შეიქმნა თოჯინები და დეკორაციები. სპეციალურად სპექტაკლისათვის ჩაიწერა ახალი მუსიკალური ფონოგრამა ქართული ხალხური და კლასიკური მუსიკის საფუძველზე. ჩვენი თეატრის ახალ სპექტაკლში მაყურებელი ბევრ ნაცნობს და ბევრ ახალსაც აღმოაჩენს ცაში გაფრენის უჩვეულო ამბის შესახებ.

შერეკილების ამბის ფილმ შერეკილებისგან გამოცალკევებაც არაა მარტივი ამოცანა. რეზო გაბრიაძის მიერ შექმნილი გმირები დღეს, თითქოს, განუყოფლებიც კი არიან იმ მსახიობებისგან, რომლებიც მარგალიტას, ერთაოზს თუ ქრისტეფორე მგალობლიშვილის პერსონაჟებს ქმნიან ეკრანიზაციაში. ლევანს იმის შესახებაც შევეკითხეთ, თუ როგორ მიუდგა პერსონაჟების ხელახლა დაბადების საკითხს.
ჩვენი გმირები და მათი ამბავი დაიბადა ჯერ ქაღალდზე პიესის და ესკიზების სახით. შემდეგი ეტაპი იყო კასტინგი – მსახიობების არჩევა როლების გასახმოვანებლად. ძალიან მნიშვნელოვანია სწორად მოერგოს მსახიობი გმირის ხასიათს. ერთაოზის როლის შესასრულებლად შევარჩიეთ ნიკა ფაიქიძე, ქრისტეფორე ამირან ამირანაშვილმა გააცოცხლა. რუსუდან ბოლქვაძემ ჩემთვის დაუვიწყარი მარგალიტა შექმნა, საოცარი შტრიხები შემატა ხუტას ზაზა პაპუაშვილმა; იმერი კავსაძე მეორედ წარდგება მაყურებლის წინაშე, როგორც ნოშრევანი. პირველად მან ეს როლი ოთარ თაქთაქიშვილის ოპერა პირველ სიყვარულში შეასრულა. ამას მოკლედ გეტყვით, მაგრამ დანარჩენ გმირებშიც ბევრ კარგ მსახიობს ამოიცნობთ.
რაც შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებას დადგმაში, ლევანმა გვითხრა, რომ სპექტაკლებში მათ ძუნწად, უფრო განათების მიმართულებით იყენებენ, რადგან თეატრის იდეა მარიონეტული ხელოვნების შუა საუკუნეების ტრადიციებს ეფუძნება; შესაბამისად, ყველაფერი ხელით კეთდება, რაც განსაკუთრებულ სითბოს და ადამიანურობას ანიჭებს წარმოდგენებს.

რას ნიშნავს იყო შერეკილი?
“სიყვარული… სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს, ემ ცე კვადრატ (mc²), ეф, ფუძე (√) ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ! მიდით ერთაოზ!”
რთულია, შერეკილების არსი ერთ კონკრეტულ ჩარჩოში მოამწყვდიო, ამ ისტორიის შესაძლებლობები მართლაც ისეთივე უსასრულოა, როგორც თავად ადამიანური ვნებათაღელვა. როდესაც ელდარ შენგელაიამ, რეზო გაბრიაძესა და გია ყანჩელთან ერთად, ეს ამბავი ლეგენდარულ კინოფილმად აქცია, საბჭოთა ცენზურამ იგი ორი შეშლილის ისტორიად მონათლა. და სწორედ ამ სარჩულის წყალობით გახდა შესაძლებელი, ფილმი ეკრანებზე გამოსულიყო და მაყურებელს ენახა.
თუმცა ის, რომ სიყვარული ოცნებას წარმოშობს, ოცნებას კი კაცთა მოდგმის გამოღვიძება შეუძლია და არ ეგუება მტკივნეულ მოცემულობებს, გაბრიაძის შემოქმედებამ არაერთხელ და არაერთი ფორმით დაამტკიცა.
სწორედ სიყვარული იყო ის უტყუარი ფორმულა, რომლის წყალობითაც 1981 წელს გაბრიაძის თეატრი აშენდა. როგორც გოგი გვახარია ამბობს, ე.წ. უძრაობის ხანაში ამ სივრცის მთავარი არსი „გადაადგილება, უმოძრაობის გაცოცხლება და საერთოდ, სიცოცხლე უნდა გამხდარიყო“. ქრისტეფორე მგალობლიშვილის მიერ წარმოთქმული ფრაზა კი, შეგვიძლია, ამ ადგილის მთავარ მანტრადაც მივიჩნიოთ.
ბატონ ლევანსაც სწორედ ეს ვკითხეთ: რამდენად იყო ბატონი რეზოსთვის შერეკილები თავისუფლებისკენ სწრაფვის ერთგვარი მანიფესტი და საბჭოთა რეჟიმთან დაპირისპირების ფორმა.
როგორც წესი, არტისტებს არ უყვართ თავიანთი ჩანაფიქრის ახსნა-განმარტება, რაც ტოვებს თავისუფალ სივრცეს მოსაზრებებისთვის. რეზოც იშვიათად უკეთებდა ანალიზს თავის ნამუშევრებს, რადგან თვლიდა, რომ სათქმელი უკვე ნათქვამი იყო და მისი გააზრება მაყურებლის საქმეს წარმოადგენდა. შერეკილების მთავარი თემა თავისუფლების ძიებაა და, ალბათ, სწორედ ამან მოახდინა რეზონირება საბჭოთა დროის მაყურებელში.
ამბის გმირებისა და თავისუფლების სიყვარულის გარდა, შერეკილების დაუვიწყარ ისტორიას ქმნის ის სიმსუბუქე, რომელიც ოცნებას თან სდევს და ცხოვრებას ასატანს ხდის, ფრენას კი შესაძლებელს. ბატონ ლევანს კითხვა შერეკილების შექმნის ისტორიის შესახებაც დავუსვით და როგორც გაირკვა, ეს ამბავიც ფრენას უკავშირდება.
არ ვიცი, რით იყო შთაგონებული, ერთი კი ვიცი, რომ მამამ შერეკილები პირველ ქართველ ავიატორებს მიუძღვნა. ამ ამბის უკან ერთი ოჯახური ისტორია დგას. საქმე ისაა, რომ დედაჩემის ბებიას ყვარებია ერთ-ერთი პირველი ქართველი მფრინავი და ალბათ მასზე გათხოვდებოდა კიდეც, ეს უკანასკნელი ავიაკატასტროფაში რომ არ დაღუპულიყო. მისი ფოტო ჩვენს საოჯახო ალბომში ინახება. სამწუხაროდ, მისმა სახელმა ჩემამდე ვერ მოაღწია, თუმცა ეს ფოტო რეზოსაც ძალიან უყვარდა და შეიძლება, სწორედ ის იქცა მისთვის შთაგონების წყაროდ.
მიუხედავად პოლიტიკური წესრიგის ცვლილებისა, შერეკილების ამბავი აქტუალობას არც თანამედროვე მაყურებლისთვის კარგავს. ამის დასტურია ისიც, რომ ამბავი წლების შემდეგ თეატრის სცენაზე ცოცხლდება. სწორედ ამიტომ, რეჟისორს ისიც გამოვკითხეთ, თუ როგორ აგრძელებს შერეკილობის იდეა დღეს სიცოცხლეს და რატომაა ის მნიშვნელოვანი.
იმიტომ, რომ ჯერ არავის გაუუქმებია სიყვარული, ვალები და თერმოდინამიკის მეორე კანონი.
შერეკილები არის ამბავი ობოლ ბიჭსა და მოხუც გამომგონებელზე, რომლებსაც უიღბლო სიყვარული აერთიანებს. სწორედ ეს საერთო ტკივილი უბიძგებს მათ ქმედებისაკენ.
ჩვენს გმირებს გასათავისუფლებლად ვალები აქვთ დასაბრუნებელი, ერთაოზს – მამის, ქრისტეფორეს კი თამუნიასთვის მიცემული პირობა აქვს შესასრულებელი.
თერმოდინამიკის მეორე კანონი და მისი ფორმულა dS/dt = 0, ანუ ენტროპიის ცვლილების გაჩერება, სიმბოლურად ნიშნავს ბრძოლის დასრულებას, სიმშვიდის მიღწევას და ამაღლებას.
ამიტომ მე მჯერა, რომ შერეკილები ყველა დროში იქნება აქტუალური, – გვიპასუხა ლევანმა.
საუბრის დასასრულს იმითაც დავინტერესდით, თუ როგორ შეიძლება დღეს ვირწმუნოთ ოცნებების, ავაგოთ ცათმფრენი და ცაში ავიჭრათ და მგონი, ამ კითხვაზე ლევანს მართლაც უტყუარი პასუხი აქვს.
ძალიან მარტივად – უნდა იყო შერეკილი.
შერეკილი არის ყველა ის ადამიანი, ვისაც, მიუხედავად საზოგადოების მხრიდან მიუღებლობისა, ბოლომდე სჯეროდა საკუთარი არაორდინალური იდეების. შესაძლოა, თანამედროვეები მათ დასცინოდნენ კიდეც, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ სწორედ ამ შერეკილებმა შეცვალეს სამყარო უკეთესობისაკენ. როდესაც მამამ კინოში წარმატებულ კარიერას თავი დაანება და თოჯინური თეატრი დააარსა, ზოგიერთები მასზეც ასე ამბობდნენ, მაგრამ სწორედ ამ შერეკილობის დამსახურებით შავთელის 12+1-ში დღემდე არსებობს ჩვენი თეატრი.
უფრო მეტს შერეკილობის, თავისუფლებისა და ოცნებების ასრულების შესახებ გაბრიაძის სცენაზე შეიტყობთ. სპექტაკლ შერეკილების პრემიერის წარმდგენი და თეატრის პარტნიორია SOLO.