3 წუთი წასაკითხად
Tbilisi Art Fair იწყება: რა უნდა ვიცოდეთ რეგიონის მთავარ სახელოვნებო მოვლენაზე
14 მაი. 2026
3 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ხელოვანებისთვის ან უბრალოდ ხელოვნებით დაინტერესებული პირებისთვის, 21-24 მაისი ის დღეებია, როცა აქტუალურ კითხვას: „ხდება დღეს რამე საინტერესო?“ – ძალიან კონკრეტული და ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქვს: TAF, თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა იწყება.
რეგიონისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება უკვე მეხუთედ ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით გაიმართება თბილისში,საგამოფენო სივრცე ექსპო ჯორჯიაში და როგორც დამწყებ, ისე აღიარებულ ხელოვანებსა თუ კულტურით დაინტერესებულ ყველა ადამიანს, შემოქმედებითი იდეების გასაცვლელად ერთ სივრცეში შეკრებს. წელს TAF-ის მთავარი მხარდამჭერია SOLO.
რას ვნახავთ წელს TAF-ზე?
წელს Tbilisi Art Fair განსაკუთრებით მრავალფეროვანია და 35 გალერეასა თუ 150-ზე მეტი ხელოვანის ნამუშევარს აერთიანებს. არტ-ბაზრობა სამი მთავარი პლატფორმისგან შედგება:
- გალერეები და კურატორული პლატფორმები;
- Hive: სივრცე ახალგაზრდა და დამწყები არტისტების პერსონალური გამოფენებისთვის, რომელშიც წელს 31 ქართველი და 11 საერთაშორისო ხელოვანი მონაწილეობს;
- კურირებული ექსპოზიციები.
წლევანდელ ღონისძიებაზე განსაკუთრებული ადგილი ფოტოგრაფიას უკავია. გამოფენებში მონაწილე არტისტებს შორის არიან: Pentti Sammallahti, Masao Yamamoto, Kristoffer Albrecht და სხვები.
სხვა მრავალ პროექტთან ერთად, ვიზიტორები იხილავენ VAADS-ის კურსდამთავრებულთა ჯგუფურ შოუსა და ლევან მინდიაშვილის ინტერაქტიულ ინსტალაციას. ამასთან, დაგეგმილია პარალელური პროგრამაც, რომელიც იდენტობისა და თანამედროვე ხელოვნების თემების გარშემო აგებულ ექსპოზიციებსა და დისკუსიებს გააერთიანებს.
სანახავი მართლაც ბევრია, ამიტომ, როგორც ერიკ შლოსერი გვირჩევს, წინასწარ შეეგუეთ, რომ ყველაფრის დათვალიერებას ერთბაშად ვერ მოასწრებთ – გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბაზრობას ყოველდღე არ ესტუმრებით (რაც, სხვათა შორის, სრულიად შესაძლებელია).
ჩვენ გირჩევთ, რომ მინიმუმ ერთხელ მაინც მობრუნდეთ, რადგან 2-3 საათიანი თვალიერების შემდეგ ნამუშევრების აღქმა უკვე ძალიან რთულდება. შეისვენეთ, წაიხემსეთ, მიირთვით სასმელი, ესაუბრეთ ხალხს, ისიამოვნეთ პროცესით და ნუ იჩქარებთ. დააკვირდით დეტალებს და რამდენიმე საათით უბრალოდ მიენდეთ თქვენს გრძნობებს!
რა არის TAF?
TAF უნიკალური ღონისძიებაა კავკასიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელოვნებო პროცესებზე დასაკვირვებლად და სფეროს წარმომადგენლებთან შესახვედრად. ბაზრობა ერთმანეთთან აკავშირებს არტისტებს, გალერეებს, კოლექციონერებსა და ხელოვნების ყველა მოყვარულს.
ღონისძიების არტ-დირექტორის, ერიკ შლოსერის თქმით, TAF პირველად 2018 წელს გაიმართა, თუმცა მზადება ჯერ კიდევ 2015-ში დაიწყო, როდესაც კახა გველესიანი (TAF-ის დამფუძნებელი) და ერიკ შლოსერი ერთმანეთს სტამბოლში, Art Istanbul-ის მიმდინარეობისას შეხვდნენ.
კახა გველესიანს სურდა, საქართველოს საკუთარი არტ-ბაზრობა ჰქონოდა, რადგან კარგად აცნობიერებდა მსგავსი მოვლენის მნიშვნელობას არა მხოლოდ არტ-სცენის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, არამედ საერთაშორისო ხელოვნების ბაზარზე მისი ინტეგრაციისთვისაც.
– ერიკ შლოსერი
ბაზრობამ მართლაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარებაში და იქცა ღონისძიებად, რომელსაც მთელ რეგიონში ელიან და თვალყურს ადევნებენ. TAF-მა ხელი შეუწყო სახელოვნებო ბაზრის ორგანიზებას, საერთაშორისო პრაქტიკების დანერგვასა და ახალი გალერეებისა თუ ინიციატივების წახალისებას.
TAF-ის მისია
TAF-ის მთავარი მისია თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერა და მისი ცნობადობის გაზრდაა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს პლატფორმა ერთგვარი ინსტრუმენტია შემოქმედებითი ინდუსტრიის გასაძლიერებლად. ინდუსტრიის, რომელიც ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ბაზრობა ავსებს რეგიონში არსებულ სიცარიელეს, ქმნის უნიკალურ სივრცეს და ვიზიტორებს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების სახელოვნებო სცენების აღმოჩენის საშუალებას აძლევს.
TAF განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დამწყებ არტისტებს. ის მათ უნიკალურ შანსს აძლევს, კარიერის ადრეულ ეტაპზევე დაამყარონ კავშირი კოლექციონერებთან თუ გალერეებთან და ასე გაიკვალონ გზა გლობალურ სახელოვნებო სცენაზე.
კულტურული ლანდშაფტის ჩამოყალიბებაში TAF-ს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ყველა ის ხელოვანი, რომელიც დღეს მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება და კოლექციონერებში დიდი მოთხოვნით სარგებლობს, ოდესღაც TAF-ში მონაწილეობდა.
TAF-ზე გამოფენილან ისეთი არტისტები, როგორებიც არიან: დავით მესხი, ანა K.E., ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, თამარ ნადირაძე, ვაჟიკო ჩაჩხიანი, ნიკა ქუთათელაძე, თეა გვეტაძე და ბევრი სხვა.
როგორ ხდებიან TAF-ის მონაწილეები?
თუ სამომავლოდ თავად გსურთ არტ-ბაზრობაზე საკუთარი ნამუშევრების წარდგენა, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა. არტისტებმა და გალერეებმა ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალური სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ, წარადგინონ დეტალური პორტფოლიო, ნამუშევრების მაღალი ხარისხის ფოტოები და მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაცია.
ამასთან, აპლიკაციაში დიდი ყურადღება ეთმობა საგამოფენო სივრცისთვის მოფიქრებული პროექტის კონცეფციის აღწერას. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, აპლიკაციების გადარჩევა საკმაოდ პროაქტიული პროცესია.
სააპლიკაციო ფორმების მეშვეობით ჩვენ ვამოწმებთ წარმოდგენილი არტ-პროექტისა და თავად მონაწილის სერიოზულობას. შემოსული განაცხადებიდან მხოლოდ საუკეთესოებს TAF-ის საერთაშორისო კომიტეტი არჩევს.
მოინიშნეთ 21-24 მაისი და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს.