Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

„რასაც არ უნდა ვაკეთებდე ქუთაისში ვტრიალებ“ – რეზო გაბრიაძის ქუთაისი SOLO-სთან ერთად

ქუთაისის ლირიკულობაზე ბევრი დაწერილა და ბევრი დამადასტურებელი საბუთიც არსებობს, აქ დაბადებული ხელოვანების, პოეტებისა თუ მუსიკოსების ჩათვლით. თუმცა, ქალაქზე ისე შეყვარებული ადამიანი, როგორც რეზო გაბრიაძე იყო, ისტორიას ცოტა თუ ახსოვს.

ქუთაისი ადრიატიკაა, ის უფრო ხმელთაშუაზღვისპირული ქალაქია, უფრო ლირიულია, რბილი… ქუთაისი უფრო მსუბუქი ქალაქია, ქუთაისელები მსუბუქად იღიმებიან, მსუბუქად ტირიან, მათი გრძნობები და ურთიერთობებიც უფრო მსუბუქია და იმ სამყაროშიც უფრო მსუბუქად მიდიან…

ასე იხსენებდა რეზო გაბრიაძე ქალაქს, სადაც 17 წელი იცხოვრა და რომელიც მისი უნიკალური, ჯადოსნური სამყაროს მთავარ შთაგონებად იქცა.

2 მაისს ქუთაისმა ქალაქის დღესასწაული, ქუთაისობა აღნიშნა – დღე, რომელსაც შუაში „მოსიარულე წყალი“ ჩამოუდის და სადაც, გაბრიაძის თქმის არ იყოს, ზოგჯერ ისეთი სიჩუმე დგას, რომ პეპლის გაფრენასაც კი გაიგონებთ.

ქუთაისობის აღსანიშნავად და იმ სიმსუბუქის გასაზიარებლად, რომელიც ექსკლუზიურად ამ ქალაქს ახასიათებს, 2 მაისს SOLO-ს მომხმარებლებს ლაუნჯებში სიმბოლური საჩუქარი გადაეცათ: რეზო გაბრიაძის უდიდესი სიყვარული ამ ქალაქისადმი, რომელიც მისი ესკიზებითა და ამონარიდებით შექმნილ ბუკლეტშია მოქცეული.

ბუკლეტი პატარა, ხელშესახები მოგზაურობა იქნება იმ „ნამდვილზე უფრო ნამდვილ“ სამყაროში, სადაც ოცნება და რეალობა ერთმანეთში ირევა. ბუკლეტში ამოიკითხავთ ქუთაისის განსაკუთრებული გეოგრაფიის შესახებ; იმაზეც, თუ რა ახსოვთ ქუთაისის ჭადრებს და როგორ შეიძლება წერდე პარიზზე, მაგრამ ტექსტი მაინც ქუთაისზე გამოდიოდეს.

გაბრიაძე და ქუთაისი

ხელოვნების გემო და მისი სიყვარული რეზო გაბრიაძემ პირველად ქუთაისში, მოქანდაკე ვალიკო მიზანდარის სახელოსნოში შეიგრძნო. ბავშვობაში შესწავლილი საქმე, მხატვრობა და ქანდაკება, მისთვის ერთგვარი მშვიდი ნავსაყუდელი აღმოჩნდა, რომელსაც თავს მთელი სიცოცხლის განმავლობაში აფარებდა.

ქუთაისი გაბრიაძეს არასდროს ტოვებდა, არც წერის და არც ხატვისა თუ ძერწვის დროს. შეიძლება ითქვას, რომ ის თეატრალური ენაც, რომლითაც რეზო გაბრიაძის შემოქმედება გამოირჩევა, ქუთაისის წიაღში ჩამოყალიბდა: ქუჩაში მოსმენილ დიალოგებში, ქალაქისთვის დამახასიათებელ იუმორსა და ცხოვრების მსუბუქ ხედვაში.

თავად ქუთაისიც გვიყვება რეზო გაბრიაძის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ. თუ ქუთაისში, თეთრ ხიდზე გაივლით, აუცილებლად შეამჩნევთ მოაჯირზე ჩამომჯდარ ბრინჯაოს ბიჭს, რომელსაც ორი ქუდი უჭირავს ხელში. ეს ცნობილი კინოსურათის, არაჩვეულებრივი გამოფენის, გმირია, რომლის სცენარის ავტორიც რეზო გაბრიაძეა.

ქანდაკება, რომლის ესკიზიც გაბრიაძის იდეას უკავშირდება და მოქანდაკე გოგი მიქელაძემ შექმნა, ზუსტად ასახავს ქუთაისელი ახალგაზრდის იმ ტიპაჟს, რომელიც რეზოს ასე უყვარდა: ცოტათი ხულიგანს, არტისტულს, მსუბუქსა და სიცოცხლით სავსეს.

ხელოვანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების, შერეკილების მოქმედებაც ვითარდება ქალაქში, რომელიც როგორც გეოგრაფიით, ისე ატმოსფეროთი საეჭვოდ ჰგავს ქუთაისს. წელს გაბრიაძის თეატრის პარტნიორი SOLO გახდა. პარტნიორობის ფარგლებში SOLO-ს ვიტრინებში შერეკილების სამყარო გაცოცხლდა, ხოლო სულ მალე გაბრიაძის თეატრის სცენაზე ნაწარმოების გმირები ცათმფრენით ცაში აჭრას ეცდებიან.

2 მაისი ანუ გვირილობა

რაც შეეხება ქუთაისქალაქობას, ანუ გვირილობას, ამ დღესასწაულის ფესვები გასული საუკუნის დასაწყისში უნდა ვეძებოთ. ზეიმი 1921 წელს გაჩენილი ერთ-ერთი კეთილშობილური ინიციატივით დაიწყო, რომლის ავტორიც გიმნაზიელი ალექსანდრა ჩიქოვანი იყო. ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდა ქალები ქალაქში მინდვრის გვირილებს ყიდდნენ, რათა შემოსული ფინანსებით მძიმედ სნეული (ტუბერკულოზით დაავადებული) ადამიანების მკურნალობა დაეფინანსებინათ.

ეს აქტი იმდენად მასშტაბური გახდა, რომ მალე საერთო-სახალხო ზეიმად, გვირილობად, იქცა. დღესასწაულისთვის იდეალური დრო ყოველთვის გაზაფხულის შუა პერიოდი, აპრილის მიწურული ან მაისი იყო. ამ დღეებში ქუთაისის ქუჩები განსაკუთრებული ხალისით ივსებოდა: ეწყობოდა მასობრივი სეირნობები, თეატრალური პერფორმანსები თუ სპორტული აქტივობები. დღემდე სოლიდარობისა და ქველმოქმედების იდეა ამ დღესასწაულის განუყოფელ ნაწილად რჩება.

საბჭოთა რეჟიმმა ტრადიციას დიდი ხნით დაუსვა წერტილი. თითქმის ექვსი ათეული წლის განმავლობაში ქუთაისში გვირილობა არ აღინიშნებოდა. მხოლოდ მოგვიანებით, 1980-იან წლებში დაუბრუნდა დღესასწაული ქალაქს. სწორედ მაშინ დაუკავშირდა ზეიმი კონკრეტულ თარიღს, 2 მაისს, და მას შემდეგ გვირილობით შთაგონებული ქუთაისქალაქობა ყოველწლიურ, ტრადიციულ მოვლენად იქცა.

წელს „გვირილობის“ განსაკუთრებით ჯადოსნურად აღნიშვნაზე SOLO-მ გაბრიაძის მაგიური ესკიზებითა და სიტყვებით იზრუნა, რითაც ქუთაისის დღესასწაული SOLO-ს მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო გამორჩეული გახადა.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს

თაგები