3 წუთი წასაკითხად
გაბრიაძის ჯადოსნური სამყარო SOLO-ს ვიტრინებში
16 აპრ. 2026
3 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
რთაოზისა და მარგალიტას, ნიჭიერი მოქანდაკე აგული ერისთავის, ალფრედისა და ვიოლეტას, ფეოლას, მიმინოს, შავთელის ქუჩაზე მდებარე, ზომიერად დახრილი კოშკისა და სიყვარულის უნიკალური ფორმულის გარეშე დღეს ქართული ყოველდღიურობა, ალბათ, სულ მციერე ბევრად უღიმღამო იქნებოდა.
რეზო გაბრიაძის მრავალფეროვან ნამუშევრებად ქცეული, თუმცა მაინც ამოუცნობი და ამოუწურავი შემოქმედებითი ენერგია, დღეს მის ნახატებში, წიგნებში, თოჯინებში, სცენარებში, პიესებში, სპექტაკლებსა და ფილმებში აგრძელებს სიცოცხლეს და ქართულ რეალობას განსაკუთრებულ, ზღაპრულ და სიყვარულით სავსე ესთეტიკით ასაზრდოებს.
წლევანდელი გაზაფხული განსაკუთრებით გაჯერებულია ამ ესთეტიკით, რადგან წელს პირველად, გაბრიაძის თეატრის სცენაზე ყველასთვის საყვარელი შერეკილები იდგმება. სპექტაკლის რეჟისორი ლევან გაბრიაძეა. ამ მშვენიერ წამოწყებაში კი SOLO, Visa-სთან ერთად, თეატრის მთავარი პარტნიორი და სპექტაკლის წარმდგენია.



ლეგენდად ქცეული შერეკილების ოცნებებით სავსე სამყარო თეატრის სცენის გარდა საქართველოს ქუჩებშიც გაცოცხლდება. SOLO-ს ვიტრინები სულ მალე ცათმფრენის აგებისა და ცაში აჭრის შესახებ გაბრიაძისეული ენით მოგვიყვება. შერეკილების გარდა, ვიტრინებს კიდევ ორი სპექტაკლის მიხედვით შექმნილი დიზაინი დაამშვენებს.
ვიტრინების უნიკალური დიზაინის შესაქმნელად დიზაინ სტუდიის Tricolor Studio, SOLO-სა და გაბრიაძის თეატრს შორის ძალიან საინტერესო კოლაბორაცია შედგა. ბლოგის ფარგლებში ერთ მიზნად გაერთიანებულ სამივე მხარეს გავესაუბრეთ.
პარტნიორობის მნიშვნელობა
ლევან გაბრიაძესთან საუბარმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მსგავსი პროექტები უმნიშვნელოვანესია რეზო გაბრიაძის უნიკალური მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად.
ჩვენ პატარა, მორიდებული თეატრი ვართ და არასოდეს ასეთი ფართო სარეკლამო კომპანია არ გაგვიკეთებია. SOLO-მ მოგვცა ეს განსაკუთრებული შესაძლებლობა და ჩვენც გავბედეთ. ვფიქრობ, ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს ხელოვნების პატრონაჟის პოპულარიზაციას და, შესაბამისად, ქართული კულტურის განვითარებას. ჩვენ გადავეცით სტუდია Tricolor Studio სპექტაკლების ესკიზები, შევარჩიეთ პერსონაჟები და მათი სახასიათო ფრაზები. Tricolor Studio -ს გუნდმა ყოველივე საინტერესოდ გაიაზრა და გადმოსცა — აღნიშნავს ლევან გაბრიაძე
SOLO-ს ბრენდ მენეჯერი ლიზა ქისტაური, კი აღნიშნავს, რომ თემატურ ვიტრინებს საფუძვლად უდევს მცდელობა, გაბრიაძისეული ესთეტიკა გამვლელთა ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს, ხოლო მისი სამყარო კი უფრო ხელშესახები.
ჩვენთვის ვიტრინა არ არის მხოლოდ სივრცე, ის ბრენდის სათქმელის გადმოცემის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა. SOLO-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ისეთი პროგრესული და თანამედროვე წამოწყებების მხარდაჭერაა, რომლებიც მყარად ეფუძნება ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას. მიმდინარე პროექტიც ამ ფილოსოფიის ზუსტი ანარეკლია.
ვიტრინაზე დაკვირვებისას დამთვალიერებელი ბევრ ნაცნობ და ზღაპრულ დეტალს აღმოაჩენს. დიზაინი დატვირთულია პერსონაჟებით, ციტატებით, წარწერებითა და რეზოს განუმეორებელი იუმორით.— აღნიშნავს ლიზა ქისტაური
დიზაინების მოფიქრება და აქამდე უცნობი მასალები
გაბრიაძეს გუნდთან თანამშრომლობისას SOLO-მ რეზო გაბრიაძის სამყაროს მაყურებლისთვის სრულიად უცნობი მხარეც აღმოაჩინა. გუნდს წვდომა მიეცა სრულიად ექსკლუზიურ საარქივო მასალებზე: ჩანახატებზე, ჩანაწერებსა და ესკიზებზე. ვიტრინების დიზაინზე ფიქრისას კი სამი განსაკუთრებული სპექატკლი შეირჩა.
როდესაც ვიტრინების დიზაინზე ვფიქრობდით, შევარჩიეთ სამი სპექტაკლი: შერეკილები, ჩემი გაზაფხულის შემოდგომა და ალფრედი და ვიოლეტა. თითოეული ვიტრინა, ისე უნდა ყოფილიყო გააზრებული დიზაინერულად, რომ სპექტაკლის იდეა გადმოეცა.
— აღნიშნავს ლევან გაბრიაძე
რა თქმა უნდა, დიზაინის განუყოფელია ნაწილია ცათმფრენი, როგორც სპექტაკლის და ამასთან, შერეკილობის, თავისუფლებისა და ოცნების სიმბოლო.
განხორციელება და მთავარი გამოწვევები
სტუდია ტრიქოლორისთვის მთავარი გამოწვევა აღნიშნული ესკიზებისა და შემოქმედების ისე გაცოცხლება იყო, რომ რეზოს უნიკალური ხელწერა ახალ მედიუმსაც მორგებოდა და თან ინტერპრეტაციაში არ დაკარგულიყო.



ფერები ძირითადად რეზოს ესკიზებიდან ავიღეთ; განათებით ვეცადეთ, შეგვექმნა თეატრის სცენის ეფექტი. გავაკეთეთ ჩარჩო, რომელიც თეატრის ფარდის ასოციაციას იწვევს, შიგნით კი ინტიმური განწყობა შევქმენით. რეზოს მთელ შემოქმედებას ახასიათებს გამორჩეული, ხელნაკეთი ესთეტიკა. ვეცადეთ, გამოგვეყენებინა მისი საყვარელი დეტალები: მის მიერ შექმნილი ვარდები, კიპარისები და ელექტროგადამცემი ბოძები.
დამთვალიერებელს ვიტრინაში ასევე უხვად დახვდება მოარულ ფრაზებად ქცეული რეზოს გამონათქვამები, რომლებსაც ღიმილთან ერთად სასიამოვნო ნოსტალგიის მოგვრაც ახასიათებთ.
სულ მალე ეს ვიტრინები საქართველოს ქუჩების განუყოფელი ნაწილი გახდება, შეჩერებულ ნაბიჯს, თავგადასავლების მაძებარ თვალს დაელოდება და გაბრიაძისეულ ზღაპრულ ესთეტიკას ჩვენს რუტინულ რეალობაში გააცოცხლებს.