2 წუთი წასაკითხად
მეორე გამოცდა საკვალიფიკაციოზე | ქალთა ნაკრების სიახლეები ფარერებთან შეხვედრამდე
17 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადება. 18 აპრილს, 20:00 საათზე, ჩვენი გუნდი ფარერის კუნძულების დედაქალაქ ტორსჰავნში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე C ლიგაში ასპარეზობს, სადაც ჯამში 6 ჯგუფია წარმოდგენილი. ტურნირის წესების თანახმად, თუ ჩვენი გუნდი პირველ ადგილს დაიკავებს, ან საუკეთესო ორ მეორეადგილოსანს შორის მოხვდება, ის ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებს, საიდანაც მსოფლიო პირველობის საგზურის მოპოვებაა შესაძლებელი.
ამ დროისთვის ნაკრებს შესარჩევში ერთი მატჩი აქვს გამართული. პირველ ტურში ჩვენი გუნდი ჯგუფის მთავარ ფავორიტთან – საბერძნეთთან, ანგარიშით 3:0 დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ, ფარერის კუნძულებთან გასვლითი მატჩი გუნდისთვის გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს: ფარერებთან 3 ქულის აღება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საუკეთესო მეორეადგილოსნებში მოხვედრისა და პლეი-ოფის შანსი რეალური დარჩეს.
რაც შეეხება მომავალ კალენდარს, ფარერებთან საპასუხო, საშინაო შეხვედრა 5 ივნისს გაიმართება, ხოლო შესარჩევი ციკლი 9 ივნისს დასრულდება, როდესაც საქართველო საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
მწვრთნელი და შემადგენლობა
2023 წლიდან ჩვენს გუნდს ისრაელის ნაკრების ყოფილი მეკარე, ირის ანტმანი წვრთნის. მთავარმა მწვრთნელმა ფარერის კუნძულებთან გასვლითი მატჩისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის ერთი დებიუტანტია: ნიკე-ლუსოს თავდამსხმელი თეკლა ბერიძე.
მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი).
დაცვა: თამარ ტატუაშვილი (მაკაბი ხოლონი, ისრაელი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ბათუმი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ბათუმი).
ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა პავლიაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანანო მიქაბერიძე (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), მაიკო ბებია (იუქსეკოვასპორი, თურქეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნინო ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი).
ცნობისთვის, ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მომავალი წლის 24 ივნისიდან 25 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მისი მასპინძელი ბრაზილია იქნება. ტურნირში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს, თუმცა 2031 წლიდან ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა 48-მდე გაიზრდება.