2 წუთი წასაკითხად
ხელოვნება, რომლის ტარებაც შეგიძლიათ | სოფიო გონგლიაშვილის მხატვრული სამყარო
3 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ქართველი საიუველირო დიზაინერის, სოფიო გონგლიაშვილის პირველი გამოფენა 2000 წელს მოეწყო. ნამუშევრები იმდენად განსხვავებული და არატრადიციული იყო, რომ მნახველთა უმეტესობა დაიბნა. თვალისთვის უცხო, მაგრამ შინაარსით სავსე ფორმებს ადამიანები პირველად ხედავდნენ. ამ გაბედული, სრულიად ახალი ხედვით დაიწყო წარმატების დიდი გზა, რომელმაც ქართველ არტისტს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
2014 წელს ლონდონის Fashion Showcase-ის 300-ზე მეტ დიზაინერს შორის გამარჯვებული გახდა, მისი ნამუშევრები კი Liberty London-ის სპეციალურ კოლექციაში მოხვდა. მოგვიანებით სოფიო ნიუ-იორკში გამოცემულ მსოფლიოს 100 საუკეთესო იუველირის წიგნში შეიყვანეს.
მინანქარში ნაპოვნი ხმა
ხელოვნების სიყვარული ბავშვობიდან დაიწყო, სოფიოს დედას ლამაზი სამკაულები არ ჰქონია, რაც გააჩნდათ მოჰპარეს, სახლში მხოლოდ რამდენიმე ნივთი დარჩა.
ალბათ, ამიტომაც მინდოდა ეს სიცარიელე რაღაცით შემევსო და შეიძლება, სწორედ აქედან დაიბადა სამკაულების, როგორც ხელოვნების, სიყვარული
90-იან წლებში საქართველოში ეკლესიების აღმშენებლობა დაიწყო და გაჩნდა მოთხოვნა საეკლესიო ნივთებზეც, იუველირების დიდი ნაწილიც ამ მიმართულებით მუშაობდა. სოფიომ ამ სოციალურად და პოლიტიკურად რთულ ეპოქაში გაბედული ნაბიჯი გადადგა, XII საუკუნის ბიზანტიური cloisonné მინანქრის ტექნიკით ინდივიდუალური სტილის სამკაულების ხელით შექმნა დაიწყო. ფიქრი, ფერების ძიება, ჩანახატები და შემდეგ ცეცხლთან მუშაობის რთული პროცესი აღმოჩნდა სივრცე, სადაც გაუზიარებელი ფიქრების, ემოციების გამოხატვა შეძლო:
არასდროს ვყოფილვარ მოსაუბრე ადამიანი. დღემდე არ მიყვარს კამათი და ხმაურიანი ურთიერთობები. სამკაულები მეხმარებოდნენ ყოველთვის, ჩემი ემოციები და განცდები სხვებისთვის უსიტყვოდ მეთქვა
სოფიოს შემოქმედება სამკაულებით არ სრულდება – ქმნის ნაქსოვ ნივთებს, უმუშავია ავეჯის დიზაინზე და ხელოვნების სხვა მიმართულებებშიც საინტერესო ნამუშევრები აქვს. მისთვის მთავარი არა კონკრეტული მასალა, არამედ შექმნის პროცესი და სათქმელის ახალი ფორმებით გადმოცემაა.
ფერებით მოყოლილი ამბები
სოფიოს შემოქმედებაში ქართული კულტურული მემკვიდრეობა ბუნებრივად იგრძნობა, მისთვის სამკაული არასდროს ყოფილა მხოლოდ ლამაზი ნივთი ან აქსესუარი, ყოველი მათგანი თავის ამბავს ჰყვება, გამორჩეულია, არაფერს და არავის ჰგავს.
პანდემიის დროს შეიქმნა თეთრი კოლექცია, რომელიც SOLO-ს მომხმარებელს განსაკუთრებულად უყვარს:
პანდემიის დროს ვიგრძენი, რომ თითქოს ყველანი დავიცალეთ, რომ ამის შემდეგ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან უნდა დაგვეწყო, თეთრი კოლექციაც ჩემთვის თეთრი ფურცელი იყო – თავიდან დაწყების სიმბოლო.
გამორჩეულია გურჯი ხათუნის კოლექციაც, რომელმაც სოფიოს ლონდონში პრესტიჟულ კონკურსში გამარჯვება მოუტანა. ისტორია ოთხ ეპიზოდად დაიყო: ბავშვობა, გამგზავრება, ქორწილი და ბოლო წლები:
ნამუშევრებით პირდაპირ სიუჟეტს არ ვყვებოდი. უფრო ფერებით და სხვა გამომსახველობითი ხერხებით გადავცემდი ამ ისტორიას – არა პირდაპირ, არამედ ემოციურად. სწორედ ეს შეაფასეს ნამუშევრები ლონდონში: ხელოვნება, რომლის ტარებაც შეიძლებოდა.
სოფიო გონგლიაშვილის თითოეული სამკაული, პატარა ნივთში ჩატეული დიდი ხელოვნებაა, რომლის ტარებაც შეგიძლიათ, რომელიც ინტერპრეტაციის დიდ სივრცეს ტოვებს და ყველა მფლობელისთვის სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს. ნამუშევრების დათვალიერებასა და შეძენას SOLO ბუტიკში შეძლებთ.