Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

საზღვარგარეთ სწავლა და ცხოვრება: რჩევები და გამოცდილება Chevening-ის სტიპენდიატისგან

საზღვარგარეთ სწავლაზე, ალბათ, ერთხელ მაინც გიფიქრია. ეს არის შესაძლებლობა, მიიღო მსოფლიო დონის განათლება, შეიძინო დამოუკიდებლად ცხოვრების უნარები და აღმოაჩინო სრულიად ახალი კულტურა. თუმცა, ამ პროცესს ხშირად თან ახლავს კითხვა – როგორ გაუმკლავდები სირთულეებს უცხო ქვეყანაში? 

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, ჩვენ ვესაუბრეთ მარიამ შურღაიას, Chevening-ის სტიპენდიატს, რომელმაც საქართველოს ბანკისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (UCL) ისწავლა. ის ლონდონში მიღებულ გამოცდილებასა და პრაქტიკულ რჩევებს გვიზიარებს.

პროფესიული ზრდის აუცილებლობა

საზღვარგარეთ სწავლის გადაწყვეტილება ხშირად კარიერული განვითარების სურვილს უკავშირდება. მარიამისთვის ეს ნაბიჯი პროფესიული ზრდის განუყოფელი ნაწილი იყო:

ვფიქრობ, კარიერის ყველა ეტაპზე აუცილებელია, ისწავლო და განვითარდე შენს პროფესიაში, რათა შენი საქმე უკეთ აკეთო. მეც სულ ვსწავლობ და განათლების საუკეთესო შესაძლებლობებს ვეძებ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის – UCL-ის განათლების ფაკულტეტიც სწორედ ამიტომ შევარჩიე, ის თორმეტი წელია მსოფლიოში ნომერ პირველი ფაკულტეტია განათლების სფეროში. მინდოდა, მეკვლია და მენახა საერთაშორისო სკოლების პრაქტიკა და, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჩემი გამოცდილება ჩვენი განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად გამომეყენებინა

რას გასწავლის დამოუკიდებელი ცხოვრება

უცხოეთში სწავლა აკადემიურ ცოდნაზე ბევრად მეტია. ეს არის გამოცდილება, რომელიც პიროვნულად გზრდის და გაძლიერებს. ლონდონში გატარებულმა ერთმა წელმა მარიამს ახალი უნარები და დამოკიდებულებები შესძინა:

UCL-ის პროფესორებთან ურთიერთობამ უფრო გაბედული გამხადა, დავინახე, რომ თუ ინიციატივები გაქვს ან პროფესიული მხარდაჭერა გჭირდება, არ უნდა შეგეშინდეს, შენზე გამოცდილ, თუნდაც უცნობ ადამიანებს, მიმართო. მათაც შენნაირი გზა აქვთ გამოვლილი და, თუ შენში სწავლის წყურვილს დაინახავენ, აუცილებლად დაგიჭერენ მხარს

ამასთან, ეს პერიოდი განსაკუთრებული ემოციური კავშირების აღმოჩენის დროც გახდა. როგორც ის იხსენებს, დიდ ბრიტანეთში სწავლამ მას უძვირფასესი მეგობრები შესძინა: „ვერც ვიფიქრებდი, რომ ზრდასრულ ასაკში ესეთ განსაკუთრებულ ემოციურ კავშირებს აღმოვაჩენდი, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ.“

უსაფრთხოება და ჯანმრთელობა: რჩევები

უცხო ქვეყანაში ცხოვრებისას საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა პრიორიტეტულია. აი, რამდენიმე რჩევა, რომელიც ამაში დაგეხმარება:

  • სამედიცინო სერვისები: დიდ ბრიტანეთში ჩასვლისთანავე დარეგისტრირდი ადგილობრივ კლინიკაში. ამის შემდეგ, უმეტეს სამედიცინო სერვისს წინასწარი ჩაწერით უფასოდ მიიღებ.
  • ბალანსი: ეცადე, დააბალანსო სწავლასა და ფიზიკურ აქტივობას შორის დრო, განსაკუთრებით საგამოცდო პერიოდში.
  • შესვენება და კვება: მეცადინეობისას არ დაგავიწყდეს რეგულარული შესვენებები, სრულფასოვანი კვება და წყლის მიღება.
  • უსაფრთხოება: გაითვალისწინე, რომ დიდ ქალაქებში, მათ შორის ლონდონში, გარემოს უკეთ გაცნობამდე სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. მაგალითად, სასურველია, თავი შეიკავო უცხო უბნებში გვიან ღამით მარტო გადაადგილებისგან.

როგორ დაძლიო შიში და გადადგა პირველი ნაბიჯი

უცხო გარემოსა და მოსალოდნელი სირთულეების შიში ბევრს აბრკოლებს. თუ ეს შენთვისაც ნაცნობი განცდაა, მარიამის რჩევა სწორედ ამ ბარიერის გადალახვაში დაგეხმარება:

მოძებნეთ თქვენ ირგვლივ ისეთი ადამიანები, ვინც ეს ნაბიჯი უკვე გადადგა და ყველაფერი გამოკითხეთ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებიც კი. გაბედეთ და წარმოიდგინეთ, რომ უკვე ხართ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის აუდიტორიაში და თქვენ სფეროში წამყვან სპეციალისტს, რომელიც ახლა თქვენი ლექტორია, თქვენთვის საინტერესო თემაზე ეკამათებით. თუ ამის წარმოდგენას გაბედავთ, საზღვარგარეთ სწავლის რთულ გზამდე ერთი მყარი ნაბიჯი უკვე გადადგმული გექნებათ

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს