Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

„იმერეთნოს“, „მეღვინეობა მართას“ და „დოლჩეს“ ისტორიები მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში

საკუთარი საქმის მართვაში წარმატებას სწორ დროს მიღებული მხარდაჭერა და საჭირო ცოდნა განაპირობებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EBRD-ის ჩართულობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს. ეს მასშტაბური ინიციატივა მონაწილეებს მხარდაჭერას სთავაზობს და იდეების რეალურ, მდგრად ბიზნესებად ქცევაში ეხმარება.

ამ ბლოგში გაგაცნობთ პროგრამის სამ გამორჩეულ მონაწილეს, რომლებმაც საკუთარი იდეები საყვარელ საქმედ აქციეს და მიღებული გამოცდილება ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად გამოიყენეს.

ტრადიციული იმერული გემოები ციფრულ ეპოქაში: იმერეთნო

მაღალმთიან იმერეთში, სოფელ კორბოულში, განსაკუთრებული გემოები იქმნება. ბრენდი იმერეთნო მომხმარებლებს ხილის ნატურალურ პროდუქტებს სთავაზობს: სხვადასხვა დასახელების ჩირს, მინი ჩურჩხელებსა და ტყლაპს. ბრენდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სასაჩუქრე შეფუთვებს, როგორც კორპორაციული, ისე საცალო გაყიდვებისთვის.

ბიზნესის ზრდასთან ერთად, ასორტიმენტს საინტერესო სიახლეებიც დაემატა:

  • სალაშქრო ნაკრები – დაბალანსებული, კომპაქტური შეფუთვა ლაშქრობისთვის საჭირო კალორიებით.
  • სპეციალური ღვინის დაფა – გამომშრალი ყველის, პომიდვრის, ვაშლის, ხურმისა და მანდარინის ჩირებისა და მოხალული პრემიუმ თხილეულის ნაზავი.

საწარმოს გახსნის ეტაპიდან, მაკა ვაზაგაშვილი პროგრამაში ჩართვას დაჟინებით ცდილობდა. დიდი კონკურენციის მიუხედავად, მან არ დათმო და დასახულ მიზანს მიაღწია. პროგრამის ღირებულებებიდან მისთვის ყველაზე კრიტიკული მხარდაჭერა აღმოჩნდა. დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას ყოველთვის სჭირდება ხელშეწყობა, რათა ჩანაფიქრები რეალობად იქცეს.

პროგრამის ფარგლებში მაკამ ციფრული მარკეტინგის საფუძვლები და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება აითვისა. ეს მცირე მეწარმეებისთვის დროისა და რესურსების დაზოგვის საუკეთესო გზაა. გარდა ამისა, მან ტუროპერატორები და გიდები გაიცნო, რამაც საფუძველი ჩაუყარა სამომავლო კოლაბორაციას. პროდუქტის შეფუთვაზე ხომ ზემო იმერეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციაა დატანილი.

თუკი ფიქრობთ, ღირს თუ არა ამ გზის გაგრძელება, ყველაზე მნიშვნელოვან პასუხებს სწორედ ამ პროგრამაში მიიღებთ. ყოყმანის დრო აღარაა, წინ საინტერესო თავგადასავალი გელოდებათ!
– მაკა ვაზაგაშვილი

სტერეოტიპების მსხვრევა ლეჩხუმის ვენახებიდან: მეღვინეობა მართა

ლეჩხუმში, ოყურეშის მიკროზონაში, მართა მუშკუდიანი ხარისხზე ორიენტირებულ ღვინოს აწარმოებს. მისი მიზანია შეინარჩუნოს ადგილობრივი, უნიკალური ჯიშების ხასიათი და მცირე მარნის ავთენტურობა. პროგრამაში ჩართვისას მეღვინეობა მართა განვითარების საწყის ეტაპზე იყო, როდესაც პირველი პროდუქტიდან რეალურ გაყიდვებზე გადასვლა იწყებოდა.

მართასთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულება ცოდნა აღმოჩნდა. პროგრამამ მას დაანახა, რომ მეწარმეობა მხოლოდ პროდუქტის შექმნა არ არის. ეს არის სტრატეგიული აზროვნება, ფასწარმოქმნის სწორად განსაზღვრა და საკუთარი იდენტობის მქონე ბრენდის ჩამოყალიბება.

მეღვინეობა ტრადიციულად კაცების მიერ დომინირებული სფეროა, ამიტომ მართასთვის ერთ-ერთი გამოწვევა საწყის ეტაპზე ნდობის მოპოვება იყო. პროგრამამ მას მისცა ცოდნა და თავდაჯერება, რომ საკუთარი შესაძლებლობები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო. სამომავლოდ მეღვინეობა წარმოების ეტაპობრივ ზრდას, დეგუსტაციებში აქტიურ მონაწილეობასა და საექსპორტო ბაზრების ათვისებას გეგმავს.

ბიზნესში არ უნდა ველოდოთ იმას, თუ როდის მოგვცემენ შესაძლებლობას – ის თავად უნდა შევქმნათ. პროგრამა გვაძლევს ცოდნას, მხარდაჭერასა და თავდაჯერებას, რომ საკუთარი იდეები ფართო აუდიტორიას გავაცნოთ.
– მართა მუშკუდიანი

გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება: პიცერია დოლჩე

ნინო გოტიაშვილის ბრენდი დოლჩე ქუთაისში ნამდვილი იტალიური კერძების მოყვარულებს აერთიანებს. აქ მომხმარებლებს ხარისხიანი ნეაპოლიტანური პიცა და ხელნაკეთი პასტა ელოდებათ. პარალელურად, ნინო უკვე 12 წელია ქეითერინგის მიმართულებით მუშაობს და მხოლოდ B2B სექტორს ემსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ დოლჩე პროგრამაში უკვე გამოცდილი ბრენდის სტატუსით ჩაერთო, ნინოსთვის მიღებული ცოდნა მაინც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

პროგრამის ფარგლებში ბრენდმა შესაძლებლობა მიიღო, გაევლო ინდივიდუალური კონსულტაციები წამყვან მენტორებთან მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით. მიღებული პრაქტიკული რჩევები უკვე წარმატებით ინერგება ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც ბიზნესის შემდგომ ზრდასა და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს.

პროგრამის ფარგლებს გარეთაც გვქონდა შესაძლებლობა, გაგვევლო კონსულტაციები მენტორებთან მარკეტინგსა და ბიზნესის განვითარებაში. მიღებული რჩევები რეალურად დავნერგეთ და გავითვალისწინეთ.
– ნინო გოტიაშვილი

რას მოიცავს მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა?

პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება და ამ დროის განმავლობაში გადამზადება ასობით ქალმა მეწარმემ გაიარა. ის ოთხ მთავარ ღირებულებაზეა დაფუძნებული:

  • გაიღრმავებთ ცოდნას – სპეციალურად შემუშავებული ონლაინ კურსები პლატფორმა businesscourse.ge-ზე, ბიზნესის მართვის, გაყიდვების, მარკეტინგისა და ფინანსების ვორკშოპები წამყვანი ექსპერტებისგან.
  • მიიღებთ მხარდაჭერას – ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები, რომლებიც ბიზნესგეგმების მომზადებასა და პიროვნული უნარების გაძლიერებაში გეხმარებათ.
  • გაიღრმავებთ გამოცდილებას – პრაქტიკული ცოდნის რეალურ პროცესებში გადატანა და საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა იდეების დასაფინანსებლად.
  • ჩამოაყალიბებთ თანამშრომლობის ქსელს – საქმიანი კავშირების დამყარება სხვა მეწარმეებთან, იდეების გაზიარება და ერთმანეთის მხარდაჭერა.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ეს არის ინიციატივა, რომელიც საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებს, რაც ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში უწყობს ხელს.

თუ თქვენც მართავთ მცირე ბიზნესს ან გაქვთ იდეა, რომელიც გსურთ რეალობად აქციოთ, ყოყმანის დრო აღარაა. მონაწილეების გამოცდილება გვახსენებს: პროგრამაში მიღებული თუნდაც ერთი სწორი რჩევა ან ახალი ნაცნობობა შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ ის ნაბიჯი, რომელიც თქვენს საქმეს სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

გამოიყენეთ შესაძლებლობა, განავითარეთ თქვენი ბიზნესი და დარეგისტრირდით შემდეგ ნაკადზე დღესვე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს