3 წუთი წასაკითხად
“ბაზრის ზომა არ განსაზღვრავს ამბიციის მასშტაბს” | Forbes Under 30-ის გამარჯვებული, ანა მირიანაშვილი
5 ოქტ. 2026
3 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ჟურნალ Forbes-ის პროექტი Under 30 აერთიანებს ახალგაზრდა ლიდერებს, მეწარმეებსა და ინოვატორებს, რომლებსაც საკუთარი ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ. ინოვაციური იდეებისა და ახალი თაობის მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის წლებია, მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ წელს ბანკი პროექტის გენერალური პარტნიორია.
ამ ბლოგში ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების კატეგორიის გამარჯვებულს, ანა მირიანაშვილს, გაიცნობთ, რომელიც Chelti-ს ჰოლდინგის თანადამფუძნებელი და კომერციული დირექტორია.
საოჯახო მარნიდან გლობალურ ბრენდამდე
ანას მიზანი საოჯახო მარნის, Chelti-ს, საერთაშორისო ჰოლდინგად გარდაქმნაა. დღეს კომპანია აერთიანებს Chelti Winery-ს და ორ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიას გერმანიასა და ჩინეთში, რომლებიც ევროპისა და აზიის ბაზრებზე პროდუქციის სწრაფ და ლოჯისტიკურად ეფექტურ მიწოდებას ამარტივებს. პარალელურად, ანა სხვა პარტნიორებთან ერთად ახალგაზრდულ ბრენდზე, Tipsy Baby-ზე მუშაობს.
მენეჯმენტისა და ეკონომიკის განათლების პარალელურად ანამ WSET Level 3-ის კურსი გაიარა, რაც მას საერთაშორისო სომელიეებსა და პარტნიორებთან უშუალო თანამშრომლობაში დაეხმარა. დღეს Chelti წარმოდგენილია 28 ბაზარზე და 500-ზე მეტ B2B პარტნიორს აერთიანებს:
ჩემთვის მთავარი მიზანია, Chelti იყოს არა უბრალოდ საქართველოდან ექსპორტირებული ღვინო, არამედ მაღალი ხარისხის ქართული ღვინის საერთაშორისო ბრენდი, რომელსაც გლობალურ ბაზარზე საკუთარი ადგილი აქვს.
საერთაშორისო აღიარება და ინოვაცია მეღვინეობაში
2018 წელს Chelti პრინც ჰარის ქორწილშიც მოხვდა, საუკუნის ქორწილად წოდებული ღონისძიებისთვის ღვინის შესარჩევი დეგუსტაციები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა:
ჩემთვის ამ ისტორიაში ყველაზე სასიამოვნო ის ფაქტია, სამეფო ოჯახის სომელიეებმა ათასობით ნიმუშს შორის ღვინო მხოლოდ ხარისხის მიხედვით შეარჩიეს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართულ ღვინოს ხარისხით შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს წამყვანი ღვინის ბრენდებს.
კომპანია ასევე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა Ocado, Air Astana და Michelin-ის ვარსკვლავის მქონე რესტორნები. ქართული ღვინის ხარისხზე კი დღეს უკვე The Washington Post და Vogue UK წერენ.
ტრადიციულ მეღვინეობაში სრულიად განსხვავებული ხელწერა შემოიტანა 2024 წელს შექმნილმა ბრენდმა Tipsy Baby. პრემიუმ კლასის Chelti-სგან განსხვავებით, ეს ბრენდი თავიდანვე თანამედროვე lifestyle მიმართულებით განვითარდა. ანა ბრენდის საერთაშორისო პოზიციონირებასა და გლობალურ გაყიდვებს ჩაუდგა სათავეში, რათა Tipsy Baby-ს ახალი ბაზრები აეთვისებინა და ცნობილ ქსელებთან და პარტნიორებთან დაეწყო თანამშრომლობა. მათ უარი თქვეს კლასიკურ ჩარჩოებზე და ბრენდი პირდაპირ თანამედროვე კულტურას, მოდასა და მუსიკას დაუკავშირეს. ამ არასტანდარტულმა მიდგომამ და ძლიერმა პარტნიორულმა ქსელმა გაამართლა, რის შედეგადაც პროდუქცია მოკლე დროში სრულად გაიყიდა აშშ-სა და ევროპაში.
ეს საერთაშორისო ტრანსფორმაცია იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ IE Business School-ის მარკეტინგის პროფესორმა Chelti-ს სტრატეგიაზე აკადემიური Business Case შექმნა. მასში განხილულია, თუ როგორ შეიძლება საოჯახო კომპანია საერთაშორისო ბრენდად განვითარდეს და შეინარჩუნოს ქართული ღვინის ავთენტურობა. ქეისს Harvard Business Publishing-ის პლატფორმაზე გამოქვეყნების პოტენციალიც აქვს.
მოტივაცია ახალგაზრდა ქართველი მეწარმეებისთვის
ანასთვის წარმატების მთავარი ფორმულა ტრადიციისა და ინოვაციის სწორი სინთეზია:
ძლიერი გლობალური ბრენდები ხშირად სწორედ მაშინ იქმნება, როდესაც მემკვიდრეობა თანამედროვე კულტურასთან სწორად ერთიანდება. ინოვაცია ჩემთვის ტრადიციის დავიწყებას არ ნიშნავს. ეს არის გზა, რომლითაც ტრადიცია მომავალშიც საინტერესოდ და გლობალურად კონკურენტუნარიანად შეიძლება დარჩეს.
Forbes Under 30-ის სიაში მოხვედრა ანასთვის გუნდური შრომის დაფასება და ახალი შესაძლებლობაა:
ეს მხოლოდ პირადი წარმატება არ არის. ამ აღიარებაში ვხედავ იმ ადამიანების შრომასაც, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან Chelti-ს. მინდა, ჩემმა გამოცდილებამ სხვა ახალგაზრდა ქართველ მეწარმეებს მისცეს მოტივაცია. ჩვენი ბაზრის ზომა არ განსაზღვრავს ჩვენი ამბიციის მასშტაბს. საქართველოდანაც შესაძლებელია ისეთი ბიზნესის შექმნა, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი ადგილი აქვს.
საქართველოს ბანკისთვის მიზანდასახული მეწარმეების მხარდაჭერა უცვლელი ღირებულებაა. სწორედ მასშტაბური ხედვა და ინოვაციური მიდგომები უწყობს ხელს ქართული პროდუქტის საერთაშორისო ასპარეზზე გატანას, ახალი სტანდარტების დამკვიდრებასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.