Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ბიზნესგეგმა, რომელიც მუშაობს - როგორ დავაკმაყოფილოთ ბანკის მოთხოვნები?

ბიზნესის წამოწყება ან მისი გაფართოება მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მოითხოვს და საქართველოში ამ რესურსის მოსაზიდად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა საბანკო დაფინანსებაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ბანკი გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ მეწარმის იდეაზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად მკაფიო, რეალისტური და დასაბუთებულია მის მიერ წარმოდგენილი ბიზნესგეგმა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაფინანსების მოპოვების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა კარგად შედგენილი, მიზანმიმართული, მკაფიო და ბანკზე მორგებული ბიზნესგეგმაა.

ზოგადად, ბიზნესგეგმა არის დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აღწერს კომპანიის ამჟამინდელ მდგომარეობას, აქტივებს, პროდუქტებს, სერვისებს, მიზნებს, მოქმედების სტრატეგიას და განვითარების გეგმას. ეს არის როგორც სტრატეგიული გზამკვლევი მეწარმისთვის, ასევე საორიენტაციო ინსტრუმენტი ბანკის, ინვესტორის ან სხვა დაინტერესებული მხარისთვის. როგორც წესი, გეგმა რამდენიმე ფუნდამენტურ შეკითხვას პასუხობს, მათ შორის: რას აკეთებს ბიზნესი, როგორ აპირებს ის დასახული მიზნების მიღწევას და რა არის მისი მთავარი უპირატესობა. სწორედ ამ კითხვებზე დასაბუთებული პასუხების გაცემაა ბანკის ნდობის მოსაპოვებლად საჭირო ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა.

ბიზნესგეგმის შეფასებისას ბანკი, პირველ რიგში, სწავლობს მის სტრუქტურასა და შინაარსს. გეგმა უნდა შეიცავდეს: კომპანიის მოკლე აღწერას, ბაზრის ანალიზს, კონკურენტული უპირატესობების შეფასებას, პროდუქტის ან მომსახურების დეტალურ აღწერას, გაყიდვებისა და მარკეტინგული სტრატეგიების აღწერას, ოპერაციულ მოდელს, მენეჯმენტის გამოცდილებასა და კომპეტენციას, ფინანსურ პროგნოზებს, დაფინანსების საჭიროებას და მის მიზნობრიობას, ასევე შესაძლო რისკების ანალიზს. რაც უფრო დეტალურად და რეალისტურად არის ეს ინფორმაცია წარმოდგენილი, მით უფრო დიდია ბანკის მზადყოფნა, ენდოს კომპანიას, მის მესვეურებს და წარმოდგენილ გეგმას.

აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბანკი ბიზნესგეგმაში, პირველ რიგში, ეძებს პასუხს შემდეგ შეკითხვებზე: აქვს თუ არა ამ ბიზნესს შემოსავლების გენერირების რეალური პოტენციალი; როგორ აპირებს ის სესხით მიღებული თანხის გამოყენებას და შეძლებს თუ არა ის ამ სესხის განსაზღვრულ ვადებში გადახდას. ასევე ბანკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეწარმის გამოცდილებას, მენეჯმენტს, ფინანსურ დისციპლინას და ბაზრის ცოდნას. რაც უფრო დამაჯერებლად და ციფრებზე დაყრდნობით არის გეგმა ჩამოყალიბებული, მით უფრო მეტად იზრდება სესხის მიღების შანსი.

ამრიგად, საბანკო დაფინანსების მიღებაში ბიზნესის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გააზრებული, ლოგიკური და სწორად წარმოდგენილია მისი ბიზნესგეგმა. ბანკისთვის ეს არის სიგნალი, რომ მეწარმე სერიოზულად ეკიდება საკუთარ საქმეს და მისი იდეის დაფინანსება არ იქნება ზედმეტად მაღალი რისკის შემცველი გადაწყვეტილება. სრულყოფილი ბიზნესგეგმა არის ის, რისი დანახვაც კრედიტოფიცერს სურს. ამიტომ, თუ ბიზნესგეგმის შედგენის პროცესში დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ საქართველოს ბანკის მიერ მომზადებულ ონლაინ კურსს გაეცნოთ, რომელშიც გეგმის შედგენის თითოეული ეტაპი დეტალურადაა ახსნილი ან ეწვიოთ ფილიალს, სადაც საქართველოს ბანკის თანამშრომლები საჭირო დოკუმენტაციის მოძიებასა და ბიზნესგეგმის შედგენაში დაგეხმარებიან, მათ შორის ისეთი ბიზნესისთვის, რომელსაც გეგმა აქამდე არასოდეს ჰქონია და მისი საქმიანობა სათანადოდ აღწერილი არ არის.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს