Logo
ბლოგი
Time icon

5 წუთი წასაკითხად

ბიზნესის განვითარება 0-დან: უფასო კურსები, დაფინანსება და სხვა შესაძლებლობები

გაქვთ იდეა, რომელიც ხშირად გახსენებთ თავს? იქნებ ჩანაწერებსაც ინახავთ და ფიქრობთ, რომ ერთ დღეს მათ აუცილებლად განახორციელებთ. თუმცა ხშირად ეს ერთი დღე არასდროს დგება, რადგან იდეებს კითხვების მთელი ტალღა მოსდევს ხოლმე − “საიდან დავიწყო?”, “როგორ ვიშოვო ფული?”, “ჩემი პროდუქტი საერთოდ სჭირდება ვინმეს?”. არადა, ეს კითხვები ბევრ კარგ იდეას აჩერებს.

ან იქნებ უკვე გაქვთ თქვენი ბიზნესი, რომელიც მართლა მუშაობს, მაგრამ გრძნობთ, რომ მეტი შეგიძლიათ. გინდათ განვითარდეთ, გაფართოვდეთ ან სულაც ახალ, უცხოურ ბაზარზე გახვიდეთ. ნებისმიერ ეტაპზე − იქნება ეს იდეა თუ უკვე მოქმედი ბიზნესი − მთავარი გამოწვევა მაინც მუდმივი სწავლა და წინსვლაა.

სწორედ ამ გამოწვევების დასაძლევად არსებობს საქართველოს ბანკი ბიზნესი საგანმანათლებლო თუ სხვა ტიპის მხარდამჭერი სერვისები. ეს თქვენი შანსია, მიიღოთ საჭირო ცოდნა, გაიღრმაოთ გამოცდილება და საქმიანობა, რომელიც ასე გიყვართ, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანოთ.

ამ ბლოგში დეტალურად გაგაცნობთ იმ უფასო რესურსებს, რასაც საქართველოს ბანკი თქვენნაირ, ანუ იდეებსა და ბიზნესზე ორიენტირებულ ადამიანებს სთავაზობს.

სანამ ბიზნესს დაიწყებთ − პლატფორმა თქვენი იდეის რეალობად ქცევისთვის

საქართველოს ბანკმა შექმნა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა − სანამ ბიზნესს დაიწყებთ. ეს განსაკუთრებული სივრცეა, სადაც თავმოყრილია პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ბიზნესიდეების მქონე ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება − პირველი ნაბიჯები სწორად გადადგას. რაც მთავარია, პლატფორმა სრულიად უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

მისი ერთ-ერთი პირველი და მთავარი რჩევაა, გიყვარდეთ არა საკუთარი იდეა, არამედ ის პრობლემა, რომელსაც ეს იდეა უნდა ჭრიდეს. აქ თქვენ ისწავლით:

  • როგორ განასხვაოთ რეალური საჭიროების პროდუქტი უბრალოდ სასურველისგან, რათა თავიდან აირიდოთ რესურსების ფუჭად ხარჯვა.
  • როგორ აქციოთ იდეა უნიკალურ ბრენდად. ბრენდი მხოლოდ ლოგო არ არის, ის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა.
  • როგორ განსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია და შექმნათ ღირებულებითი წინადადება, რომელიც ნათლად პასუხობს კითხვას − რატომ უნდა აგირჩიოთ მომხმარებელმა თქვენ და არა კონკურენტი.
  • როგორ შეადგინოთ ბიზნესგეგმა, რომელიც ნამდვილად მუშაობს და ზრდის დაფინანსების მიღების შანსებს.

თქვენ ისწავლით, როგორ ჩაანაცვლოთ ზოგადი ფრაზები კონკრეტული ფაქტებით და როგორ დაანახოთ ინვესტორს თქვენი იდეის რეალური პოტენციალი.

მეწარმე ქალთა 360°-იანი მხარდაჭერა

საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), შვედეთის მთავრობასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ახორციელებს მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას. ეს ინიციატივა შექმნილია იმ ქალებისთვის, რომლებსაც სურთ, საკუთარი ბიზნესიდეა რეალობად აქციონ ან უკვე არსებული საქმიანობა განავითარონ. ეს პროგრამა იდეალურია, თუ ეძებთ ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა გრანტები ქალებისთვის და ქალი მეწარმეების დაფინანსება.

პროგრამა ოთხ მთავარ ღირებულებას ეფუძნება − ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებასა და თანამშრომლობას. თქვენ გაივლით სპეციალურად შემუშავებულ ონლაინკურსებს, დაესწრებით ინტენსიურ ვორკშოპებს და მიიღებთ ცოდნას ბიზნესის მართვის, მარკეტინგის, ფინანსებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

პროგრამის ფარგლებში მიიღებთ როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ კონსულტაციებსა და ქოუჩინგის სერვისს. ეს დაგეხმარებათ არა მხოლოდ ბიზნესგეგმის დახვეწაში, არამედ პიროვნული უნარების გაძლიერებაშიც. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად კი ვორკშოპების შემდეგ გექნებათ საგრანტო კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა.

პროგრამა ასევე უზრუნველყოფს განსაკუთრებულ შანსს ქსელური კავშირების დასამყარებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ გაიცნობთ სხვა მეწარმე ქალებს, გაუზიარებთ მათ გამოცდილებას და შექმნით სამომავლო თანამშრომლობის პლატფორმას.

ბიზნესკურსი − უფასო განათლება ყველასთვის

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა businesscourse.ge ბიზნესით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვისაა შექმნილი. არ აქვს მნიშვნელობა, ახლა იწყებთ საქმიანობას თუ უკვე გამოცდილი მეწარმე ხართ, აქ თქვენთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას აუცილებლად იპოვით. ეს არის საუკეთესო პასუხი კითხვაზე, თუ სად შეიძლება იპოვოთ უფასო კურსები და ბიზნეს კურსები ონლაინ.

პლატფორმა 60-ზე მეტ უფასო სასწავლო კურსსა და მასტერკლასს აერთიანებს, რომლებიც ბიზნესის ყველა ასპექტს ფარავს. ესენია:

  • ბიზნესგეგმის წერა
  • გაყიდვები
  • მარკეტინგი
  • ბუღალტერია
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • პროდუქციის ექსპორტი (Amazon, Ebay)
  • ინვესტირება
  • მენტალური ჯანმრთელობა
  • ხელოვნური ინტელექტი
  • წარმატების პრინციპები

ამასთან, პლატფორმაზე ცალკეული ინდუსტრიებისთვის საინტერესო კურსებსაც შეხვდებით, მაგალითად, მეღვინეობაზე ან ფერმერობაზე.

რაც მთავარია, კურსებს უძღვებიან სფეროს წამყვანი სპეციალისტები და ბიზნესკონსულტანტები, მათ შორის − ალექსანდრე ჯეჯელავა და ანდრო დგებუაძე. ეს შესაძლებლობას გაძლევთ, არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მიიღოთ, არამედ გაეცნოთ წარმატებული ადამიანების პრაქტიკულ გამოცდილებასაც.

ბიზნეს შეთავაზებები

შეიძლება ბიზნესკურსის რომელიმე კურსს გადიხართ, მაგრამ ამ მომენტისთვის დროულად გჭირდებათ კონსულტაცია, დავუშვათ, იურიდიულ საკითხებზე. სწორედ ასეთ გადაუდებელ საჭიროებებზე საპასუხოდ, საქართველოს ბანკი პარტნიორ კომპანიებთან ერთად ამზადებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს; ეს შეთავაზებები მოიცავს მარკეტინგის, საბუღალტრო, საგადასახადო, იურიდიულ ან სხვა სახის მომსახურებას – განსაკუთრებული ფასდაკლებით, ან სულაც უფასოდ.

ბუღალტერიის განვითარების პროგრამა

საბუღალტრო პროცესების მოწესრიგება ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაა გამოწვევა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა ბუღალტერიის განვითარების პროგრამა შექმნა და მეწარმეებს ამ მიმართულებით სრული მხარდაჭერა შესთავაზა.

პროგრამა სამ ძირითად მიმართულებაზე კონცენტრირდება: ბუღალტერიის გაციფრულება, სრული ბუღალტრული სერვისი (ბანკის პარტნიორი კომპანიებისგან) და ფინანსური ინფორმაციის სწრაფი მიმოცვლა (ბანკსა და მომხმარებელს შორის).

ბიზნეს შეხვედრები და ვებინარები

ბიზნესინდუსტრია მუდმივად ცვალებადი სფეროა, სიახლეებისთვის ფეხის აწყობა კი ნებისმიერ მეწარმეს უწევს. აი, ამიტომ, საქართველოს ბანკის ორგანიზებით და მხარდაჭერით, წლის განმავლობაში არაერთი ბიზნეს შეხვედრა და ვებინარი იმართება. მათი მიზანი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა – როგორც ექსპერტებისგან, ასევე უშუალოდ მეწარმეებს შორის.

500 Global − გასვლა გლობალურ მასშტაბებზე

ის, ვინც ტექნოლოგიურ სტარტაპს ქმნის და გლობალურ ბაზარზე გასვლას ისახავს მიზნად, ირჩევს 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამას, რომელსაც საქართველოს ბანკი GITA-სთან ერთად წარმოადგენს.

პროგრამა 12-კვირიან ინტენსიურ ტრენინგებსა და მენტორინგს მოიცავს. მონაწილეები იღებენ ცოდნას მარკეტინგის, გაყიდვების, პროდუქტის განვითარებისა და საინვესტიციო მოლაპარაკებების მიმართულებით. ეს ერთგვარი ტრანსფორმაციული პერიოდია, რომელიც სტარტაპებს ლოკალური წარმატებიდან გლობალურ ასპარეზზე გადასასვლელად ამზადებს.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა გლობალურ ქსელზე წვდომაა. მონაწილეები ხდებიან უდიდესი საზოგადოების ნაწილი, რომელიც 5 000-ზე მეტ დამფუძნებელსა და 2 900-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს 80-ზე მეტი ქვეყნიდან. ეს გულისხმობს პოტენციურ კლიენტებთან, პარტნიორებთან და ინვესტორებთან დაკავშირების უნიკალურ შესაძლებლობას.

რომ იცოდეთ, 500 Global-ი საერთაშორისო ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც ორ მილიარდ დოლარზე მეტ აქტივებს მართავს. შესაბამისად, ამ პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერი სტარტაპისთვის უდიდესი აღიარება და წარმატებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

გალტ & თაგარტი − კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები

ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება ბიზნესის წარმატების საწინდარია. სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია გალტ & თაგარტი ბიზნესს სთავაზობს მაღალი ხარისხის კვლევებს, რომლებიც ეკონომიკის, მისი წამყვანი სექტორებისა და ფინანსური ბაზრების სიღრმისეულ ანალიზს მოიცავს.

გალტ & თაგარტი რეგულარულად აანალიზებს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს.

  • მაკროეკონომიკური კვლევები: გთავაზობთ ძირითადი ეკონომიკური ტენდენციების ანალიზსა და პროგნოზებს.
  • სექტორული კვლევები: გაწვდით საქართველოს ეკონომიკის წამყვანი მიმართულებების სიღრმისეულ ანალიზს.
  • ფინანსური ბაზრების კვლევები: გლობალური და რეგიონული ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაა.

ამასთანავე, გალტ & თაგარტი გთავაზობთ კონკრეტულად თქვენს საჭიროებებზე მორგებულ კვლევებსაც. ეს შეიძლება მოიცავდეს საინვესტიციო შესაძლებლობების ანალიზს, ბიზნესგეგმის შედგენას ან ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსხვილი პროექტების დაგეგმვისას.


როგორც ხედავთ, ბიზნესის დასაწყებად თუ განსავითარებლად არაერთი შესაძლებლობა არსებობს. იქნება ეს იდეის შედგენა, ბიზნესის დაფინანსება, ახალი უნარების შეძენა, ქსელური კავშირების დამყარება თუ გლობალურ ბაზრებზე გასვლა, საქართველოს ბანკი მზად არის, ამ გზაზე თქვენი სანდო პარტნიორი იყოს.

მთავარია, სწორად განსაზღვროთ, რა სჭირდება თქვენს ბიზნესს კონკრეტულ ეტაპზე და აქტიურად გამოიყენოთ ყველა ის რესურსი, რასაც საქართველოს ბანკი სრულიად უსასყიდლოდ გთავაზობთ. გახსოვდეთ, რომ არ გაჩერდეთ და თქვენი წარმატება მხოლოდ თქვენს ხელშია.

ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ყველა პროდუქტსა და სერვისზე ინფორმაციას csr.bog.ge-ზე იპოვით.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს