2 წუთი წასაკითხად
კნიკი: ჭკვიანი ბეჭდის 3 ფუნქცია, რომელიც საფულეს ჩაანაცვლებს
18 ივლ. 2022
2 წუთი წასაკითხად
სტარტაპმა კნიკი საქართველოში ადამიანებს თავი დიდი ხნის წინ დაამახსოვრა. კომპანია ჭკვიან ბეჭდებს ამზადებს, რომელიც პირველად მისმა დამფუძნებლებმა დაახლოებით 5 წლის წინ შექმნეს.
მისი გამოყენება ერთდროულად რამდენიმე ფუნქციით შეგიძლიათ, მათ შორის:
- უკონტაქტო გადახდებში ბარათის ნაცვლად
- Tesla-ს ავტომობილის გაღებაში
- ჯანმრთელობის პარამეტრების მონიტორინგში და ა.შ.
ის უკვე გახდა ინოვაციების მოყვარული ადამიანების საყვარელი ნივთი. იმ შემთხვევაში თუ სმარტფონის ელემენტმა გიმტყუნათ ან სხვა სახის მოწყობილობა თან არ გაქვთ, შეგიძლიათ აუთენტიფიკაციაში დახმარებისთვის კნიკის ბეჭედს მიმართოთ.
პროდუქტის პირველი პროტოტიპის შექმნიდან რამდენიმე წელი გავიდა, კომპანიის დამფუძნებლებმა საბოლოოდ პროდუქტის საზღვარგარეთ გატანა გადაწყვიტეს და წარმატებასაც მიაღწიეს. კნიკის ბეჭედი წარმატებით იყიდება აშშ-ში და მისი ფუნქციონალი უკვე ევროპის ბაზარზეც ამოქმედდა. როგორც მისი თანადამფუძნებელი, დავით კვიციანი გვიყვება, მთავარი ბაზრები გერმანია და შვედეთია. აქ არსებული უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციები უკვე კნიკის პარტნიორები არიან, შესაბამისად მათი მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლებენ უკონტაქტო გადახდებს ბეჭდის დახმარებით.
სექტემბრიდან კნიკი უკვე ევროპის ბაზარზეც გაეშვა. ჩვენი პარტნიორი პროვაიდერი კომპანია Fidesmo-ა, რომლის დახმარებითაც სერვისი ტოკენიზაციის პრინციპით გავააქტიურეთ. მანამდე გარკვეული პროცედურებიც გავიარეთ, Master Card-ისგან მივიღეთ ნებართვა რის შედეგადაც ჩვენმა ბეჭედმა საგადახდო ფუნქცია შეიძინა. ბარათის მიბმა ჩვენივე ვებ-გვერდიდანაა შესაძლებელი, რისი გააქტიურების შემდეგაც ნებისმიერ სახის უკონტაქტო გადახდებს შეასრულებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
– დავით კვიციანი
მისი თქმით, ბეჭდის რეალიზაცია უკვე დაწყებულია, თუმცა ამჟამად მარკეტინგული კამპანიისთვის ემზადებიან, რათა კნიკის ცნობადობა სამიზნე აუდიტორიაში გაიზარდოს.
ახლა მარკეტინგული კამპანიის მომზადების აქტიურ ფაზაში ვართ. ვაპირებთ გერმანიის და შვედეთის ბაზარზე დავიმკვიდროთ თავი. ამ ქვეყნებში პარტნიორ ბანკებთან ერთად ვმუშაობთ, რათა უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი პროდუქტი. ვფიქრობთ, რომ მათი დახმარებით მომხმარებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს. მოლოდინები ძალიან პოზიტიური გვაქვს და სწრაფ ზრდას ველოდებით.
– გვიყვება დავითი
აქამდე კნიკის ძირითადი ყურადღება აშშ-ის ბაზარარზე იყო გადატანილი. როგორც სტარტაპის დამფუძნებლები გვიყვებიან, არსებული პროდუქტი ამერიკის ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ათეულობით ათასი ერთეული უკვე გაყიდულია. მათი თქმით, კომპანია სრულად ექსპორტზეა ორიენტირებული და სამომავლოდ არაერთი ბაზრის დამატებაც განიხილება. მსურველებს ბეჭდის შეძენა Amazon-ზე და კომპანიის ვებ-გვერდზე შეუძლიათ, პროდუქტის ღირებულება კი 100-დან 150 ევრომდე მერყეობს.
ჩვენი მომხმარებლები ძირითადად, მილენიალები არიან. Tesla-ს მფლობელებიც საზღვარგარეთ, ძირითადად Early Adopter-ებს წარმოადგენენ. ვფიქრობთ, რომ ევროპაშიც დაახლოებით ამ ასაკის ადამიანებს დავაინტერესებთ. გარდა ამისა, სტუდენტებისთვისაც გვექნება საინტერესო შეთავაზებები, თუმცა აუცილებლად დავტესტავთ სხვადასხვა ახალ სეგმენტს. ფასი ევროპის ბაზრისთვის საკმაოდ მისაღებია, ამიტომ გვაქვს პოტენციალი დიდ აუდიტორიასაც მივწვდეთ.
– ამბობს დავითი.
მისი თქმით, კნიკის ბეჭდით საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შეგიძლიათ ისარგებლოთ, რადგან არაერთ ქვეყანაში მეტროსა და ავტობუსებს ბარათით გადახდის ფუნქციაც დაემატა.