2 წუთი წასაკითხად
როგორ ცვლის ქართული სტარტაპი Clinova კლინიკური კვლევების ინდუსტრიას
19 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ბოლო წლებში საქართველო ინოვაციური ეკოსისტემის მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა, რაშიც უდიდესი წვლილი 500 Global in Eurasia-ს, საქართველოს ბანკისა და GITA-ს პარტნიორობამ შეასრულა. ამ წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია სტარტაპი Clinova, რომელიც სამედიცინო სფეროში ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევას, კლინიკური კვლევების პრობლემას, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აგვარებს.
რა არის Clinova?
ახალი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების ბაზარზე გამოსატანად აუცილებელია მათი კლინიკური კვლევა, რისთვისაც კლინიკებმა შესაფერისი პაციენტები უნდა მოიძიონ. ჩვენს რეგიონში ეს პროცესი დღემდე ხელით იმართება: ათასობით სამედიცინო ისტორიის გადაკითხვას თვეები სჭირდება, რის გამოც საავადმყოფოების უმრავლესობა დადგენილ ვადებს ვერ იცავს, საერთაშორისო პროექტებს მიღმა რჩება და მნიშვნელოვან შემოსავალს კარგავს.
სწორედ ამ პრობლემას ჭრის Clinova. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პლატფორმა წუთებში პოულობს და არჩევს კლინიკური კვლევებისთვის შესაფერის პაციენტებს. პროცესი, რომელიც ტრადიციულად თვეებს მოითხოვს, სრულად ავტომატიზებული ხდება, რაც ადგილობრივ კლინიკებს ეხმარება, შეინარჩუნონ სოლიდური შემოსავალი და საერთაშორისო პროექტებსა თუ კვლევებში მუდმივად კონკურენტუნარიანები დარჩნენ.
– გვიყვება მარიამ ხარაზიშვილი, Clinova-ს ოპერაციული დირექტორი
რით განსხვავდება Clinova სხვა პლატფორმებისგან?
დასავლური პლატფორმები ხშირად საერთოდ ვერ ერგებიან პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეალობას. ამ რეგიონში სამედიცინო ჩანაწერები ძირითადად მრავალენოვანი, სკანირებული ხელნაწერებია და ინახება მოძველებულ პოსტსაბჭოთა სისტემებში – გარემოში, რომელშიც თანამედროვე AI პლატფორმების უმრავლესობა ვერ მუშაობს.
Clinova კი ზუსტად ამ ბარიერის დასაძლევად შეიქმნა. მონაცემთა სრული უსაფრთხოებისთვის, სისტემა პირდაპირ კლინიკის სერვერზე ინერგება და მილიონობით ქართულ, რუსულ თუ უკრაინულ ხელნაწერს ამუშავებს.
Clinova-ს ხელოვნური ინტელექტი (NLP მოდელი) სწორედ ამ ქაოსიდან კრებს საჭირო ინფორმაციას და პაციენტების სიას პროცენტული თავსებადობით ადგენს. შედეგად, პლატფორმა პოულობს იმ კანდიდატებსაც კი, რომლებიც ხელით ძიებისას მუდმივად იკარგებიან.
– მარიამ ხარაზიშვილი
რეალური შედეგები
წარუმატებელი კვლევა ფარმაცევტული კომპანიებისთვის მილიონობით დოლარის ზარალია, კლინიკებისთვის კი – შელახული რეპუტაცია. Clinova ამ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.
დღეს ის უკვე რეალურ კლინიკურ გარემოში დანერგილი სისტემაა და მისი შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავია:
- კომპანიის მონაცემებით, უკვე დამუშავებულია 1 მილიონზე მეტი პაციენტის ჩანაწერი.
- სისტემას 1 საათში 4,000 შესაფერისი პაციენტის პოვნა შეუძლია.
- შედარებისთვის, ზუსტად ამავე პროცესს ხელით ძიებისას 5-6 თვე დასჭირდებოდა.
500 Global-ის ეფექტი და გეზი 2.8 მილიარდიანი ბაზრისკენ
500 Global-ის პროგრამაში Clinova-ს მთავარი მიზანი ბაზარზე პოზიციების გამყარებაა. 2022 წლიდან აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კლინიკური კვლევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ელექტრონული ჩანაწერების ინფრასტრუქტურაც ახლა პირველად არის მზად ხელოვნური ინტელექტისთვის. ამ ეკოსისტემაში კი Clinova უნიკალურ პოზიციას იკავებს. სტარტაპის უახლოესი გეგმა საქართველოში დამკვიდრება, უკრაინასა და ყაზახეთში გაფართოება და შემდეგ უკვე რეგიონულ ბაზარზე დომინირებაა.
500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა Clinova-ს მსგავს ინოვაციურ სტარტაპებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას და საჭირო რესურსს საერთაშორისო წარმატების მისაღწევად. საქართველოს ბანკისთვის კი უმნიშვნელოვანესია, მხარი დაუჭიროს ინიციატივებსა და ტექნოლოგიებს, რომლებიც რეალობას უკეთესობისკენ ცვლიან.
500 Global-ისა და სხვა მონაწილეების შესახებ მეტ ინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.