2 წუთი წასაკითხად
Talk Labs: AI მწვრთნელი გაყიდვებისა და მომხმარებელთა დახმარების გუნდებისთვის
13 იან. 2026
2 წუთი წასაკითხად
500 Global in Eurasia-ს მე-9 ნაკადის მონაწილე Talk Labs გუნდებს, რომლებსაც მომხმარებელთან პირისპირ ურთიერთობა უწევთ, საკომუნიკაციო უნარების დახვეწაში ეხმარება.
კომპანია ცვლის მომხმარებელთან მხარდაჭერის გუნდების ტრენინგ პროცესს. ტრადიციული როლური თამაშებისა და სუბიექტური შეფასებების ნაცვლად, Talk Labs-მა შექმნა AI მწვრთნელი, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხო გარემოში ივარჯიშონ, დაუშვან შეცდომები და მიიღონ მყისიერი, ობიექტური უკუკავშირი.
აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები იძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას; იზიარებენ საჭირო ექსპერტიზას და ამყარებენ ახალ კავშირებს, რაც მათ სწრაფი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
პროგრამა 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება.
საქართველოს ბანკთან პარტნიორობა Talk Labs-ს აძლევს შესაძლებლობას, პროდუქტი მომხმარებლების, პარტნიორებისა და ინვესტორების ფართო ქსელს გაუზიარონ. ამასთან, ხელს უწყობს მათ ახალი კონტაქტების დამყარებაში და საპილოტე პროექტების გაშვებაში.
როგორ მუშაობს Talk Labs?
ვისაც მომხმარებელთა ურთიერთობის სფეროში უმუშავია, კარგად იცის, რომ თანამშრომელთა გადამზადება ერთ-ერთი ყველაზე რთული მისიაა. მენეჯერთან როლური თამაშები ბევრი თანამშრომლისთვის არაკომფორტულია. ასეთი თამაშების დროს გაკიცხვის შიშით ადამიანები საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვას ვერ ახერხებენ.
თანამშრომლებისთვის Talk Labs ქმნის უსაფრთხო გარემოს სავარჯიშოდ: მათ შეუძლიათ სცადონ, შეცდნენ და ისევ სცადონ განსჯის შიშის გარეშე. ყოველი სესიის შემდეგ ისინი იღებენ მყისიერ, დასაბუთებულ და ობიექტურ უკუკავშირს – რამ იმუშავა, რამ არა და როგორ გააუმჯობესონ კონკრეტული მომენტები
– დამფუძნებელი სერგეი სარქისიანი
Talk Labs არის ხმოვანი სიმულაციების პლატფორმა, რომლის დახმარებითაც თანამშრომელს შეუძლია სწავლის სრული ციკლი: ვარჯიში – უკუკავშირი – გაუმჯობესება – შემდეგი მცდელობა, AI მწვრთნელთან ერთად გაიაროს.
გაკვეთილი 500 Global-ის აქსელერაციიდან
აქსელერაციის პროექტის ერთ-ერთი გარდამტეხი აღმოჩენა Talking Labs-თვის „ოქროს შესაძლებლობის“ (Golden Gap) კონცეფცია იყო.
ეს არის მომხმარებლის ყველაზე მწვავე პრობლემისა და ჩვენი უნიკალური შესაძლებლობის გადაკვეთის წერტილი. ამ აღმოჩენამ მოგვცა საშუალება, დაგვეხვეწა პროდუქტის განვითარების სტრატეგია და მთელი ჩვენი ენერგია მიგვემართა იმ ფუნქციების შესაქმნელად, რომლებიც კლიენტებს რეალურად ეხმარებათ
დემო დღე და სამომავლო გეგმები
დემო დღის შემდეგ გუნდის მთავარი პრიორიტეტი არსებულ კლიენტებთან მჭიდრო თანამშრომლობით პროდუქტის დახვეწაა. ეს გულისხმობს ტრენინგის დეტალების სიღრმისეულ შესწავლას, გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის ეფექტური გზების ძიებას. პარალელურად, გუნდი აქტიურად მუშაობს Talk Labs-ის ხმოვანი AI მწვრთნელების შექმნასა და ტესტირებაზე, რათა მათი ინტეგრაცია სხვადასხვა პლატფორმაზე მარტივად მოხდეს.
და ბოლოს – რჩევა გუნდისგან
გუნდის თქმით, პირველი ნაბიჯი პროდუქტის შექმნა კი არა, მომხმარებლებთან საუბარი და მათი რეალური ტკივილის გაგებაა.
ჩაატარეთ რაც შეიძლება მეტი ინტერვიუ, ააწყვეთ მარტივი პროტოტიპი, შეამოწმეთ მთავარი ჰიპოთეზა და ფოკუსირდით გაზომვად შედეგზე