Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

თამაზ გეორგაძის გზა ვუნდერკინდიდან Raisin-ის დამფუძნებლობამდე

23 მარტს „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გაიმართა Startup Grind Tbilisi, რომლის ფარგლებშიც, კომპანია Raisin-ის დამფუძნებელმა თამაზ გეორგაძემ მონაწილეებს საკუთარი ცხოვრებისადაგამოცდილების შესახებ უამბო.

Raisin ეს არის დეპოზიტების მარკეტფლეისი, რომელმაც საერთო ჯამში ინვესტორებისგან $178 მლნ-ის მოზიდვა შეძლო.

თამაზ გეორგაძე ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. იგი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ვუნდერკინდი იყო. თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამო თამაზმა სკოლა 12 წლის ასაკში დაამთავრა. ბავშვობაში მოჭადრაკის კარიერაზე ოცნებობდა, თუმცა სწავლაზე კონცენტრირება არჩია.

შემდგომ თამაზი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციაში, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ამ პოზიციაზე მუშაობისას მას ჰყავდა პირველი მენტორი – ბატონი გელა ჩარკვიანი. მასთან ურთიერთობას თამაზი იხსენებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას. საჯარო სამსახურში მან მხოლოდ ერთი წელი იმუშავა, შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად, სადაც დოქტორის ხარისხი მიიღო.

თამაზ გეორგაძე 10 წლის განმავლობაში მუშაობდა McKinsey-ში, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში; იყო კონსულტანტი საბანკო ინდუსტრიის სფეროში და 29 წლის ასაკში კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პარტნიორი გახდა.

თამაზ გეორგაძის აზრით, საკუთარი სტარტაპის წამოწყებამდე უმჯობესია გამოცდილება მიიღო კარგად ორგანიზებულ და სტრუქტურირებულ სამსახურში, როგორიც, მის შემთხვევაში,McKinsey იყო. ამ კომპანიაში მუშაობამ თამაზს მნიშვნელოვანი და ღირებული გამოცდილება შესძინა.

სტარტაპის იდეა თამაზ გეორგაძეს პირველად 2008 წელს გაუჩნდა, როდესაც Mckinsey-ში მუშაობდა, თუმცა იდეის განხორციელება 4 წლის შემდეგ დაიწყო, რადგან მისი პოტენციური პარტნიორი არ იყო დაინტერესებული ფინტექ სფეროთი, ხოლო ინვესტორები იმ დროს ჯერ არ იყვნენ მზად მსგავსი პროექტის დასაფინანსებლად.

4 წლის შემდეგ, ინვესტორთან გასაუბრების შედეგად, დაიწყო პროექტის რეალიზება. სტარტაპის დამფუძნებლებმა დეტალურად დაგეგმეს ხარჯები და შეადგინეს გეგმა. ფანდრაიზინგის თავდაპირველ ეტაპზე მათ „ანგელოზი ინვესტორებისგან“ ორი მილიონი დოლარი მიიღეს.

Raisin-ის პირველი პარტნიორი Index Venture იყო. ეს არის კანადური ოჯახის მიერ შვეიცარიაში დაფუძნებული ვენჩურული კომპანია, რომელმაც Raisin-ს სხვა სერიოზულ ინვესტორებთან დაკავშირების შესაძლებლობა მისცა.

სტარტაპის თავდაპირველი კონცეფცია გულისხმობდა მომხმარებლებისთვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ანგარიშის გახსნის შესაძლებლობას. კომპანია გერმანიაში დაარსდა და, პირველ რიგში, მას გერმანელებისთვის უნდა მიეცა ანგარიშის გახსნის საშუალება. საქართველოში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში, სადაც Raisin-ს პარტნიორი ბანკები ჰყავდა, ამისთვის საჭირო იყო ნებართვა მარეგულირებლისგან, რაც გარკვეულ ეტაპზე სერიოზული პრობლემა გახდა. ჩანაფიქრი, რომელიც გლობალურ მასშტაბებს გულისხმობდა, ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპით შემოიფარგლა. ამან Raisin-ისთვის სირთულეები შექმნა, რადგან ზოგიერთმა ინვესტორმა თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.

McKinsey-ში მუშაობის დროს თამაზი საქართველოს ბანკს უწევდა კონსულტაციას. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მის სტარტაპს პრობლემები შეექმნა, საქართველოს ბანკმა თამაზი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე დაპატიჟა, სადაც მან ელ ბრიჯი გაიცნო. ამ უკანასკნელმა გამოთქვა სურვილი, გამოესყიდა იმ პარტნიორების წილი, რომლებსაც პროექტის დატოვება სურდათ და ახალი ინვესტორები მოიყვანა.

სტარტაპის გუნდში იყო სამი ძირითადი წევრი, რაც, თამაზის აზრით, ოპტიმალური ვარიანტია. როცა გუნდში ორი ადამიანია, სხვადასხვა საკითხზე შეთანხმება ძალიან რთულია, აქ კი უმრავლესობის პრინციპის გამოყენება შეიძლება.

თამაზ გეორგაძის აზრით, Raisin-ის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი იყო, რომ გუნდის წევრებს უკვე ჰქონდათ ერთად მუშაობის გამოცდილება და ერთმანეთის კარგად ესმოდათ. სამივე დამფუძნებელი McKinsey-დან მოდიოდა, თუმცა მათ განსხვავებული უნარები და პროფილი ჰქონდათ. თამაზის საქმიანობა, ძირითადად, ეხებოდა B2B გაყიდვებსა და პროდუქტის განვითარებას.

ინვესტორებისთვის Raisin-ი ძალიან მიმზიდველი პროექტი იყო, რადგან ბაზარი, რომელზეც სტარტაპი გადიოდა, ძალიან დიდია. კომპანიის მიერ შექმნილი მოდელი უნიკალური და მომგებიანია მომხმარებლისთვის. ბანკის ასარჩევად, ონლაინ აპლიკაციების სათითაოდ შევსების ნაცვლად, მათ ეძლევათ საშუალება, უამრავ ბანკს შორის არჩევანი ერთ ადგილას გააკეთონ.

კომპანიის მომავალ გეგმებზე საუბრისას თამაზი აღნიშნავს, რომ მიღწევების მიუხედავად გაჩერება არ შეიძლება. ყოველთვის საჭიროა დიდი ხედვა და მიზანი. Raisin-ის მიზანი გლობალურად, ონლაინ ციფრულ სივრცეში კერძო კაპიტალის მენეჯმენტის იმგვარად შეცვლაა, რომ სფერო კლიენტებისთვის უფრო ხარისხიანი და იაფი გახდეს.

თამაზმა საბანკო სექტორზეც ისაუბრა. მისი აზრით, საბანკო სექტორს ნამდვილად აქვს მომავალი, სტარტაპები კი ბანკებს მოდიფიკაციისა და პროგრესისკენ უბიძგებენ:

როგორც საქართველოს ბანკის ბორდის წევრი, ვფიქრობ, რომ საბანკო სექტორს აქვს მომავალი. ბანკების ბიზნეს მოდელი უნდა შეიცვალოს, სტარტაპები კი ამ პროცესს ხელს უწყობენ.

სტარტაპების კონკურენცია ბანკებს აიძულებს, დაფიქრდნენ თავიანთ სუსტ წერტილებზე. ყველაზე რთული და სერიოზული გამოწვევა მომხმარებლებისა და სერვისის მიმწოდებლის ინტერესების გათანაბრებაა.

თამაზ გეორგაძე მიიჩნევს, რომ ევროპის ფინტექ ბაზარზე გასვლა ქართული ბანკებისთვის არც ისე იოლი ამოცანაა. მაგალითად, საქართველოს ბანკს ამისთვის დასჭირდება ევროპის რომელიმე ქვეყნის სრული ლიცენზია ან შვილობილი კომპანია. ქართულ საბანკო სექტორს ძალიან შეუწყობდა ხელს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, რაც თამაზის ოცნებაა და მას ამის იმედი აქვს.

Raisin-ში საქართველოსთან დაკავშირებული ტრადიციები დამკვიდრდა.

ყოველ ჯერზე, როდესაც კომპანია მილიარდს გამოიმუშავებს, ამას ქართულ რესტორანში აღვნიშნავთ.
– ამბობს თამაზი.

ქართველ ახალგაზრდებს, რომლებსაც სტარტაპ სფეროში ჩართვა სურთ, თამაზ გეორგაძე ურჩევს, მაქსიმალური ყურადღება დაუთმონ გუნდის შეკრების პროცესს. საუკეთესო იდეაც კი განწირულია წარუმატებლობისთვის შესაბამისი გუნდის გარეშე.

მეორე რჩევა გულისხმობს გეგმის წინასწარ გაწერისა და სტრუქტურირებისთვის დიდი ყურადღების დათმობას.

თავისი კომპანიის მთავარ პრობლემად იგი მიიჩნევს იმას, რომ თანამშრომლები დროულად არ აიყვანეს და ამბობს, რომ აუცილებელია გუნდში გამოცდილი კადრების საწყის ეტაპზე ჩართვა.

 

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს