Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

იდეიდან 200 ჰექტრამდე | როგორ იქცა ქანდას მიწა მასშტაბურ აგრობიზნესად

წარმოიდგინეთ თბილისთან ახლოს მდებარე ნაყოფიერი მიწა, რომელიც სულ რამდენიმე წელიწადში ევროპული სტანდარტების მქონე, თანამედროვე ბაღებად იქცა. ეს ქანდა აგრიქალჩერის ისტორიაა – ამბიციური პროექტის, რომელიც 2021 წელს დაიწყო და ადგილობრივი რესურსის სწორი მართვით უმაღლესი ხარისხის პროდუქტს ქმნის. კომპანია თავიდანვე მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლასაც.

პროექტის მასშტაბები

დღეს „ქანდა აგრიქალჩერის“ პროექტი 200 ჰექტარ მიწას აერთიანებს, საიდანაც 110 ჰექტარი უკვე სრულად არის ათვისებული. ტერიტორია კულტურების მიხედვით რამდენიმე მიმართულებად არის დაყოფილი, რაც ეფექტიანი მართვის საშუალებას იძლევა:

  • 53 ჰექტარზე გაშენებულია სუპერინტენსიური ნუშის ბაღები
  • 15 ჰექტარზე – იტალიური ჯიშის მსხალი და ვაშლი
  • 42 ჰექტარზე – ესპანური ჯიშის ხეხილი, მათ შორის ბრტყელი ატამი, გარგარი, ბალი და ქლიავი

წარმატებული აგრობიზნესი ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია. მეურნეობაში მუდმივად 15 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული, სეზონური სამუშაოების დროს კი მათ რიცხვს კიდევ 20-ზე მეტი ადამიანი ემატება.

ხარისხი, რომელიც ზრუნვაზეა დაფუძნებული

კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებაა. ამ მიზნით მეურნეობაში ევროპული წარმოების პრეპარატებს იყენებენ, რომლებიც გარემოზე მინიმალურ გავლენას ახდენს.

ბაღების მოვლისას მთავარი პრინციპი მცენარეებზე მუდმივი დაკვირვებაა. აგრონომები ხეებს საკვებ ნივთიერებებსა და პრეპარატებს მხოლოდ რეალური საჭიროების შემთხვევაში აწვდიან. ასეთი მიდგომა საგრძნობლად ამცირებს როგორც ქიმიკატების გამოყენებას, ისე საოპერაციო ხარჯებს.

ადგილობრივი ბაზრიდან საერთაშორისომდე

ამ ეტაპზე ქანდა აგრიქალჩერის პროდუქცია წარმატებით იყიდება ადგილობრივ ბაზარზე. მისი შეძენა შესაძლებელია ისეთ დიდ სავაჭრო ქსელებში, როგორებიცაა ნიკორა და აგროჰაბი. კომპანია ასევე აქტიურად თანამშრომლობს საბითუმო შემსყიდველებთან.

თუმცა, ადგილობრივი ბაზარი მხოლოდ პირველი ნაბიჯია. დაგროვილი გამოცდილება და სტაბილური მოსავალი მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ კომპანიამ საერთაშორისო ბაზრებზეც დაიმკვიდროს თავი, რაც ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვისაც მნიშვნელოვანია.

პარტნიორობა, რომელიც ბიზნესს აძლიერებს

ასეთი მასშტაბური მეურნეობის მართვა სტაბილური ფინანსური მხარდაჭერის გარეშე რთული იქნებოდა. ქანდა აგრიქალჩერისთვის ამ გზაზე საიმედო პარტნიორი საქართველოს ბანკია. კომპანია შეღავათიანი სუბსიდირებული აგროკრედიტით სარგებლობს, თუმცა ეს თანამშრომლობა მხოლოდ დაფინანსებით არ შემოიფარგლება.

აგრობიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკის გუნდი უშუალოდ მუშაობს მეურნეობასთან, უზიარებს გამოცდილებას და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. ეს კონსულტაციები პროექტს კიდევ უფრო მდგრადსა და ეფექტიანს ხდის.

გამოწვევები და სამომავლო გეგმები

ნებისმიერი დიდი პროექტის დაწყება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ქანდა აგრიქალჩერისთვის ასეთი ბარიერები ინფრასტრუქტურის მოწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და სეზონური სამუშაო ძალის ეფექტიანად მართვა აღმოჩნდა. ამ გამოწვევების დაძლევამ ბიზნესს მართვის ოპტიმალური მოდელის ჩამოყალიბებაში შეუწყო ხელი.

კომპანიის სამომავლო გეგმები კიდევ უფრო ამბიციურია – პოზიციების გამყარება ადგილობრივ ბაზარზე და ეტაპობრივად ექსპორტზე გასვლა. სოფელ ქანდას აგროპროექტი კი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სწორი ხედვის, შრომისმოყვარეობისა და საიმედო ფინანსური პარტნიორის მხარდაჭერით ადგილობრივი რესურსი წარმატებულ და კონკურენტუნარიან ბიზნესად იქცეს.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს