3 წუთი წასაკითხად
5 წიგნი თინეიჯერებისთვის თბილისის წიგნის დღეებზე
13 ნოე. 2025
3 წუთი წასაკითხად
14, 15 და 16 ნოემბერს, ექსპო ჯორჯია გადაიქცევა ადგილად, სადაც შეგიძლია, ცოტა ხნით მოწყდე ეკრანებს და სრულიად ახალ სამყაროებში იმოგზაურო. თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება და ეს შენი შანსია, იპოვო ისტორიები, რომლებიც შენზეა, შენთვისაა და შენთან ერთად დარჩება.
და რაც მთავარია, საქართველოს ბანკი, როგორც ამ ფესტივალის და განათლების მხარდამჭერი, სპეციალურად გთავაზობს 20%-იან ქეშბექს მიიღებ (მაქსიმუმ 20 ლარს) შენს sCool Card-ზე. უბრალოდ, არ დაგავიწყდეს, სანამ საყიდლებზე წახვალ, შეთავაზება sCoolApp-ში გაააქტიურო.
ჩვენ შევარჩიეთ 5 განსხვავებული წიგნი, რომელიც თბილისის წიგნის დღეებზე შეგიძლია შეიძინო.
სამოთხე – მიეკო კავაკამი
ოდესმე გიგრძვნია, რომ სკოლაში თითქოს შენს წინააღმდეგაა ყველა, მაგრამ ხმას მაინც ვერ იღებ? მიეკო კავაკამის ეს წიგნი სწორედ ასეთ ბიჭზეა – 14 წლის მოსწავლეზე, რომელსაც კლასელები „ზარმაცი თვალის“ გამო დასცინიან, ის კი ამ ყველაფერს ჩუმად ითმენს. მისი ერთადერთი იმედი კოჯიმაა, გოგონა, რომელიც მასსავით ბულინგის მსხვერპლია და ასევე დუმილს არჩევს.
მათი ურთიერთობა ერთი წერილით იწყება, მაგრამ შეიძლება კი მეგობრობა დაარქვა კავშირს, რომელიც მხოლოდ საერთო ტკივილზეა აგებული? „სამოთხე“ არ არის მარტივი საკითხავი. ის გაგაბრაზებს, დაგასევდიანებს, მაგრამ რაც მთავარია, დაგაფიქრებს ისეთ რთულ საკითხებზე, როგორიცაა ჩაგვრა, მარტოობა და მეგობრობის ნამდვილი მნიშვნელობა. თუ მზად ხარ წიგნისთვის, რომელიც შეგძრავს და ბევრ კითხვას დაგისვამს, მაშინ ის შენთვისაა.
იკიგაი თინეიჯერებისთვის – ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი
ხანდახან ხომ არ გეუფლება შეგრძნება, რომ არ იცი, საით წახვიდე და რა აკეთო? სწორედ აქ შემოდის იკიგაი – ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლო, რომელიც ახლა სპეციალურად თინეიჯერებისთვისაა ადაპტირებული.
ეს წიგნი შემთხვევით არ აღმოჩნდება შენს ხელში; ის თავად მოგძებნის, როცა მზად იქნები, დაიწყო შენი ცხოვრების ყველაზე საოცარი მოგზაურობა. ეს არის მისია, რომლის დროსაც ზოგჯერ შეიძლება თავი დაკარგულად იგრძნო, მაგრამ გზის გაგრძელება ნამდვილად ღირს.
საბოლოოდ, ეს წიგნი გპირდება, რომ დაგეხმარება იპოვო ყველაზე დიდი ჯილდო: შენი საკუთარი იკიგაი, ანუ შენი ცხოვრების ნამდვილი აზრი და მიზანი. თუ გინდა, აღმოაჩინო, რა გაბედნიერებს და რა გიყვარს სინამდვილეში, შენი მოგზაურობა სწორედ აქ იწყება.
სამნი ნავში (ძაღლს თუ არ ჩავთვლით) – ჯერომ კ. ჯერომი
რა ხდება, როცა გონებრივი შრომით გადაღლილი და, მარტივად რომ ვთქვათ, ცხოვრებისგან დაღლილი სამი მეგობარი დასვენებას გადაწყვეტს? ისინი ნავით მდინარე თემზაზე ორკვირიან მოგზაურობას გეგმავენ. თან მიჰყავთ ძაღლიც. მარტივად ჟღერს, არა? სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით ხდება.
ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ავტორს თავდაპირველად სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა: მას უნდოდა, შეექმნა ერთგვარი გზამკვლევი ტურისტებისთვის, რომელიც თემზისპირა ადგილების ისტორიას მოუთხრობდა. მაგრამ გმირების – ჯორჯის, ჰარისის, ჯეისა და მისი ძაღლის – თავგადასავლები იმდენად მხიარული და ხუმრობებით სავსე აღმოჩნდა, რომ წიგნი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო იუმორისტულ ნაწარმოებად იქცა.
საუკუნეზე მეტი გავიდა, მკითხველები კი მას დღესაც ხარხარით კითხულობენ. თუ გჭირდება წიგნი, რომელიც გარანტირებულად გაგაცინებს და სტრესს მოგიხსნის, ეს ნამდვილად საუკეთესო არჩევანია.
ნუ მოკლავ ჯაფარას – ჰარპერ ლი
როგორ განასხვავო, რა არის მართლა კარგი და რა – ცუდი, როცა შენ გარშემო უფროსებიც კი იბნევიან? ჰარპერ ლის ერთადერთი და ლეგენდარული რომანი სწორედ ამ კითხვებს სვამს, ოღონდ ამბავს 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის, თვალით გვიყვება.
მოქმედება დიდი დეპრესიის პერიოდში, ალაბამის შტატის ერთ პატარა, წყნარ ქალაქში ვითარდება, სადაც ერთი შეხედვით ყველაფერი ჩვეულებრივადაა. მაგრამ ჯინის თვალით დანახული მოვლენები გვასწავლის, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად მცდარია, სამყარო კი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ეს არ არის უბრალოდ ძველი კლასიკა, ეს არის წიგნი, რომელიც დღესაც აქტუალურია და გასწავლის, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული, თანაგრძნობა და სამართლიანობაა. სწორედ ამიტომ აღიარეს ის თავის დროზე ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად.
თევზი ხეზე – ლინდა მალალი ჰანთი
ოდესმე გიგრძვნია თავი ისე, თითქოს ხეზე ამძვრალი თევზი ხარ – სრულიად უცხო და შეუფერებელ გარემოში? წიგნის მთავარი გმირი, ელი, ზუსტად ასე გრძნობს თავს. ის ძალიან ჭკვიანი და კრეატიული გოგონაა, მაგრამ სკოლაში ყველას ჰგონია, რომ ზარმაცია, რადგან ასოები და ციფრები მისთვის უბრალოდ ქაოსია. ამის გამო მას ხშირად დასცინიან.
ყველაფერი იცვლება, როცა კლასში ახალი მასწავლებელი შემოდის, რომელიც ელიში პრობლემას კი არა, განსაკუთრებულ ნიჭს ხედავს და ჩნდებიან მეგობრები, რომლებიც მის გვერდით დგებიან.
„თევზი ხეზე“ ემოციური და ძალიან თბილი ამბავია იმაზე, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია. ის გასწავლის, რომ განსხვავებულობა ნაკლი კი არა, შეიძლება შენი სუპერძალაც კი იყოს. ეს არის წიგნი, რომელიც უფრო ემპათიურს გაგხდის და დაგეხმარება, დააფასო და შეიყვარო ის, რაც შენც და სხვებსაც გამორჩეულს გხდის.
ესტუმრე თბილისის წიგნის დღეებს და გაამდიდრე შენი ბიბლიოთეკა.