Logo
ბლოგი
Time icon

4 წუთი წასაკითხად

ნანა ალექსანდრიას გზა და ფოთის საჭადრაკო ტრადიციები: „ჭადრაკის დაფასთან ადამიანების ხასიათი და ნებისყოფა ერთმანეთს ეჯახება “

ჭადრაკს ხშირად ცხოვრების მინიატურულ მოდელს ადარებენ, დაფის პირისპირ ერთმანეთს ეჯახება ადამიანების ხასიათი, ნებისყოფა და ინტელექტი. ყოველი გადაწყვეტილება კი ემოციების კონტროლსა და წინდახედულობას მოითხოვს – სწორედ ამ იდეით განვლო თავისი კარიერა ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, ნანა ალექსანდრიამ.

მსოფლიო ჭადრაკის დიდების დარბაზის (World Chess Hall of Fame) წევრი, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი, 12 ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი და 20-ზე მეტი დიდი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული  – ნანა ალექსანდრია XX საუკუნის ქართული საჭადრაკო ფენომენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელმაც ნონა გაფრინდაშვილთან, მაია ჩიბურდანიძესთან და ნანა იოსელიანთან ერთად, საქართველო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს მთავარ საჭადრაკო ეპიცენტრად აქცია. მისი ისტორია, წარმატებები და ხედვა დღესაც შთაგონების წყაროა ახალგაზრდა მოჭადრაკეებისთვის. 

პირველი დაფა და ემოციების მართვის ხელოვნება

დიდი ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც 5 წლის ნანას მამამ პირველი საჭადრაკო დაფა აჩუქა და თამაშიც თავად ასწავლა:

ძალიან ცელქი ვიყავი და იფიქრეს, რომ ეს თამაში დამასერიოზულებდა. მაშინ სკოლებში დადიოდნენ პიონერთა სასახლის წრეებში ბავშვების შესარჩევად და როცა იკითხეს, ვის სურდა ჭადრაკზე სიარული, ხელი ავწიე. ოჯახმა ამ წამოწყებას დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინა და ასე აღმოვჩნდი ჭადრაკში. სხვათა შორის, ჩემი პირველი დაფა უკრაინის დასახმარებლად გამართულ აუქციონზე გაიყიდა.

წლების განმავლობაში, ჭადრაკმა ბევრი რამ ასწავლა, თუმცა ყველაზე მთავარი გაკვეთილი ემოციების მართვაა. ჭადრაკი, როგორც გონების სავარჯიშო,  კონცენტრაციის, დროის განაწილებისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს ავითარებს – გამარჯვებისთვის პაექრობაში ემოციური ქმედებების ადგილი არ არის:

სხვა სპორტის სახეობებისგან განსხვავებით, სადაც გულშემატკივრების ყიჟინა მოთამაშეს ბრძოლისუნარიანობას მატებს, ჭადრაკში ემოციები ხელისშემშლელია. სტაბილურობაა აუცილებელი. ჩემს კარიერაში ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ემოციურ ფონზე მივიღე, გაუმართლებელი აღმოჩნდა.

მარცხი, როგორც გაკვეთილი 

ნანა ალექსანდრიას არაერთხელ უთქვამს, რომ ჭადრაკი წაგების ღირსეულად მიღების ხელოვნებაცაა. მის კარიერაში იყო უდიდესი გამარჯვებები, თუმცა იყო მტკივნეული ეპიზოდებიც, რომლებმაც როგორც პიროვნება და პროფესიონალი კიდევ უფრო გააძლიერა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი 1981 წელს მაია ჩიბურდანიძესთან გამართული დრამატული ფინალი იყო, რომელიც (8:8) დასრულდა, ტიტული მოქმედ ჩემპიონს დარჩა. ქალთა ჭადრაკის ისტორიაში ეს დღემდე ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩია, რომელიც თანაბარი ანგარიშით დასრულდა:

ამ მარცხმა მასწავლა, რომ ფსიქოლოგიური წნეხისადმი მდგრადი უნდა იყო. ნერვებსა და ემოციებს უნდა მართავდე და ნებისმიერ ზეწოლას უძლებდე. როგორც მსოფლიო ჩემპიონი, ემანუელ ლასკერი ამბობდა, 16 ფიგურით მეტოქის მხოლოდ 16 ფიგურას კი არა, მე-17 ფიგურას, თავად პიროვნებას უნდა აჯობო.

ჭადრაკის სიყვარული ბავშვობიდან იწყება და სულ პატარა ასაკიდანვე ასწავლის მოთამაშეს დამოუკიდებლობას, საკუთარ ქმედებებსა და  გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის განცდას:

როცა ბავშვი დაფასთან ჯდება, მოწინააღმდეგის პირისპირ სრულიად მარტო რჩება. ვერავინ დაეხმარება, თავად უნდა იპოვოს გამოსავალი და მიიღოს გადაწყვეტილება, რაც მას მომავალშიც ნებისმიერი პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრას აჩვევს.

გზა პატარა წრიდან დიდ ფესტივალამდე

ნანა ალექსანდრიას სახელი ფოთის საჭადრაკო ტრადიციებს მჭიდროდ უკავშირდება. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ჭადრაკი ქალაქში ასე პოპულარული გახდა და ახალგაზრდა თაობები ამ სპორტის სიყვარულში გაიზარდა.

ფოთის საჭადრაკო კლუბი ირაკლი ლოლუას ინიციატივით დაფუძნდა და 1987 წელს მას ნანა ალექსანდრიას სახელი მიენიჭა. მოგვიანებით, 2006 წლიდან ტარდება საერთაშორისო ფესტივალი ნანა ალექსანდრიას თასი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჭადრაკო მოვლენაა. თუმცა, როგორც ლეგენდარული მოჭადრაკე იხსენებს, ამ ყველაფერს დიდი შრომა უძღოდა წინ და დასაწყისი სულაც არ იყო მარტივი:

თავიდან სკოლებში დავდიოდით ჭადრაკის პოპულარიზაციისთვის და საჩუქრად გადავცემდი ჭადრაკის კომპლექტსა და ჩემს საჭადრაკო წიგნებს. 2006 წელს ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაში იყო, სათამაშო დარბაზების მოძებნაც გვიჭირდა. კლუბის დირექტორი დათო კოდუა, თურქეთში წავიდა საჭადრაკო ინვენტარის ჩამოსატანად. თანამედროვე ჭადრაკის საათები კი ჰოლანდიაში შევიძინეთ. კარგად მახსოვს, კლუბის ნორჩ წევრებთან ერთად როგორ ვაწყობდით დასუფთავების აქციებს და ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე პატარებს ვაჯილდოვებდით. მიხარია, რომ ყველაფერი გადავლახეთ და დღეს ფოთის საჭადრაკო ფესტივალი ასეთი მასშტაბურია.

წელს კი ფოთმა მე-19, საიუბილეო, ფესტივალს უმასპინძლა. ყოველწლიურად ქალაქში 10 სხვადასხვა ქვეყნიდან, 10 დღის განმავლობაში ჩამოდის 600-მდე მონაწილე, რაც ტურიზმის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა: 

ამასთანავე, ფესტივალი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა მოჭადრაკეებს, გაიცნონ თანატოლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, გაიზიარონ მათი გამოცდილება და უფრო დიდი მოტივაციით გააგრძელონ განვითარება, რაც სპორტული თუ პიროვნული ზრდისთვის ასე აუცილებელია.

დამწყებ მოჭადრაკეებს ნანა ალექსანდრია ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ფიზიკურ აქტივობას:

ჭადრაკი დიდი ხნის განმავლობაში უძრაობას და ფიქრს მოითხოვს,წარმატებისთვის ფიზიკური მომზადება, კარგი ძილი და ჯანმრთელობა აუცილებელია. ბავშვებს კი ვურჩევდი, რომ ყურადღება არ გაფანტონ. როგორც ჭადრაკში, ისე სხვა სფეროშიც, ყოველთვის იმ პრობლემაზე უნდა კონცენტრირდნენ, რომელსაც მოცემულ მომენტში უდგათ წინ. 

ახალი თაობა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერა

დამოუკიდებელი და ძლიერი თაობის აღზრდისთვის აუცილებელია, რომ ახალგაზრდებს  განვითარებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობები ჰქონდეთ, სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია

კლუბში უკვე გამოცხადდა მიღება და შეირჩევა 10 მოსწავლე, რომელთა ერთწლიან სწავლასაც საქართველოს ბანკი სრულად დააფინანსებს. გაიგე, როგორ შეგიძლია მოიპოვო საქართველოს ბანკის სტიპენდია ფოთის საჭადრაკო კლუბში.

ნანა ალექსანდრია მიიჩნევს, რომ მსგავსი მხარდაჭერა დამწყები მოჭადრაკეებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია:

საქართველოს ბანკის ეს ინიციატივა ნამდვილად დასაფასებელია და ახალგაზრდებს წინსვლაში ძალიან დაეხმარება და მეტ მოტივაციას, საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება გაუჩენს. 

ჭადრაკი, ისევე როგორც  განათლება, უწყვეტი პროცესია, სადაც ყოველი სწორი სვლა წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ბანკის მიზანია, გვერდში დაუდგეს ახალგაზრდებს, მსგავსი ინიციატივებითა და სტიპენდიებით, მხარი დაუჭიროს მომავალ თაობას, დაეხმაროს მათ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში და მისცეს მოტივაცია, რომ განვითარების გზაზე არ გაჩერდნენ.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს