3 წუთი წასაკითხად
ივა ქიმერიძე: მსახიობიდან Art Direction-ის სტიპენდიანტამდე
19 აგვ. 2024
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
როგორ მოიპოვა ივა ქიმერიძემ ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდია Miami Ad School-ში? აღმოაჩინე მსახიობის, გრაფიკული დიზაინერისა და ანიმატორის შთამაგონებელი გზა.
19 აგვ. 2024
3 წუთი წასაკითხად
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია, საქართველოს ბანკის ინიციატივით, 2019 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად უფინანსებს სწავლას იმ სტუდენტებს, რომელთაც ცოდნის გაღრმავება სურთ Art Direction-ის ან Copywriting-ის მიმართულებით. Miami Ad School Euorope, რომელიც ბერლინში მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კრეატიულ სკოლად ითვლება ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, გრაფიკული დიზაინისა და ფოტოხელოვნების მიმართულებით.
სტიპენდიის წლევანდელი გამარჯვებული ივა ქიმერიძე გახდა – ახალგაზრდა არტისტი, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას, ჟანრსა და სტილს იყენებს საკუთარი იდეების განსახორციელებლად. ივას ძირითადი პროფესია მსახიობობაა და როგორც თავად აღნიშნავს, მსახიობობა და ვიზუალური ხელოვნება მის ცხოვრებაში მუდმივად გადაჯაჭვულია ერთმანეთთან – ეხმარება და ავსებს ერთი მეორეს. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ საკუთარი სამსახური გრაფიკულ დიზაინს დაუკავშირა და მუშაობა თეატრში დაიწყო, სადაც სპექტაკლებისთვის პოსტერებს ქმნის. ამ გზით, საკუთარ მთავარ პროფესიასთან – მსახიობობასთანაც არის ახლოს და ვიზუალურ ხელოვნებასთანაც.

“იქიდან გამომდინარე, რომ მსახიობი ვარ, მუდმივად ვცდილობ, დავუკავშირდე და თუნდაც მცირედით დავეხმარო თეატრს. მეორე წელია, რაც სამეფო უბნის თეატრში ვმუშაობ, როგორც გრაფიკული დიზაინერი და თეატრისთვის პოსტერებს, ფლაერებსა და სხვადასხვა ვიზუალებს ვქმნი. ვფქრობ, რომ სპექტაკლების პოსტერების კულტურა საქართველოში ნაკლებადაა განვითარებული. მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს ამ სფეროს, რაშიც ვცდილობ პატარა წვლილი მეც შევიტანო”.
მსახიობობის პარალელურად, ივას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ანიმაციასაც – დღემდე ძალიან უყვარს და ხშირად ადევნებს თვალს ახალ ნამუშევრებს. საკუთარი პერსონაჟების შექმნის დროსაც, შთაგონების წყარო ხშირად სწორედ ანიმაციური გმირები არიან. როგორც თავად აღნიშნავს, საკუთარი შინაგანი ბავშვის გამოღვიძება, შენთვის, როგორც ხელოვანისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთანავე, გეხმარება იმაშიც, რომ შენი შემოქმედება უფრო ახლოს მივიდეს სხვა ადამიანებთან.

“ანიმაციაში აუცილებელია, რომ მესიჯები ნათელი და მკაფიო იყოს, მოქმედებით უნდა გამოიხატოს მთავარი იდეა. ძალიან საინტერესოა იმაზე დაკვირვება, თუ როგორ იცვლებიან პერსონაჟები მოძრაობასთან ერთად და როგორ განსაზღვრავს ზოგადად რიტმი და დინამიკა მთელი ანიმაციის სტილსა და ხასიათს. მთელ ამ პროცესში ანიმაციის ავტორი ერთდროულად რეჟისორიც არის, მხატვარიც და ბევრი სხვა როლის შემსრულებელიც, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მართალია, საქმე საკმაოდ შრომატევადია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც, საბოლოოდ, შენს შექმნილ კადრებს უყურებ, თუნდაც ერთი და იგივე წამი ათასჯერ გქონდეს ნანახი მუშაობის პროცესში.”
როგორც ივა იხსენებს, მისთვის ეს გამარჯვება ძალიან მოულოდნელი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ უშუალოდ Art Direction-ის გამოცდილება არასდროს ჰქონია. საბოლოოდ, ის უნარები და ცოდნა, რაც მას ვიზუალურ ხელოვნებაში ჰქონდა დაგროვილი, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სტიპენდია მოეპოვებინა. ივა 2-წლიან სასწავლო პროგრამას Miami Ad School Euorope-ში სექტემბრიდან იწყებს.

“ამ სტიპენდიის შესახებ 3 წლის წინ გავიგე, თუმცა ამ დროის განმავლობაში, სერიოზულად არ მიფიქრია, რომ შესაძლებელი იყო ჩემი უნარები და ინტერესები ერთ რაღაცაში გამეერთიანებინა. მეგონა, Art Direction შორს იყო ჩემგან, თუმცა დედლაინამდე 2 კვირით ადრე მაინც მივიღე გადაწყვეტილება და ნაჩქარევად შეკრული პორტფოლიო გავგზავნე. ძალიან გამიხარდა და გამიკვირდა, როდესაც საბოლოო შედეგი შემატყობინეს, სიხარულისგან დიდხანს ვერ მოვდიოდი აზრზე.“


ივას პორტფოლიო, რომლის დამსახურებითაც Miami Ad School-ის სტიპენდიის მოპოვება შეძლო, საკმაოდ მრავალფეროვანია. გარდა თეატრისა, მუშაობდა კომპანია Ray 11-ში, სადაც ქართული მითოლოგიური გმირების მარველის სტილში გარდაქმნა მოუწია. როგორც თავად აღნიშნავს, ძალიან საინტერესო იყო მთელი ეს პროცესი – კვლევები და ოქროს შუალედის პოვნა მითოლოგიასა და თანამედროვეობას შორის. ამ პერსონაჟებზე დაყრდნობით, მოგვიანებით კომიქსიც შეიქმნა. გარდა შეკვეთებისა, თავისუფალ დროს, ივა ხშირად ქმნის სხვადასხვა პერსონაჟებსა თუ ანიმაციებს საკუთარი სიამოვნებისთვისაც.

“ხშირად, წინასწარ არ მაქვს განსაზღვრული, თუ რა შედეგის მიღება მინდა. ხდება ისეც, რომ რაღაცის დახატვა ვიწყებ, მაგრამ საბოლოოდ, ნამუშევარი სახეს იცვლის და სულ სხვა რამ გამოდის. ხშირად მიჭირს სტილის არჩევაც, რადგან ერთდროულად ბევრი რამ მომწონს და კონკრეტულ მათგანზე ჩამოყალიბება რთულია. როგორც წესი, საბოლოო შედეგამდე ხატვის პროცესში ბუნებრივად მივდივარ ხოლმე.”
როგორც ივა აღნიშნავს, ერთბაშად არასდროს მოსდის იდეები, ნელ-ნელა იხარშება ბევრი მათგანი თავში და საბოლოოდ, როდესაც ერთ კონკრეტულ იდეამდე ჩამოყალიბდება, შემდეგ ეძებს შესაფერის მედიუმს, თავისი სათქმელის გადმოსაცემად. ივასთვის ხელოვნების ყველა მიმდინარეობა, იქნება ეს მსახიობობა, ხატვა თუ რაიმე სხვა, თანაბრად მნიშვნელოვანი და ძვირფასია.
,,ყველა შემოქმედებითი სფერო ერთმანეთს აძლიერებს და ავსებს. აქამდე მუდმივად მქონდა იმის შეგრძნება, თითქოს ცოტ-ცოტას ყველაფერს ვაკეთებ, თუმცა ამას მნიშვნელოვანი შედეგი ნაკლებად მოჰქონდა. ამ გამარჯვებამ სწორედ ის მასწავლა, რომ ტყუილად არაფერი ხდება. მთავარია ინტერესი გქონდეს და მუდმივად ეცადო ამ ინტერესების დაკმაყოფილებას. თუ ამას შეძლებ, ეს გზა აუცილებლად მიგიყვანს საინტერესო შედეგამდე. ვფიქრობ, რომ ჩემი ყველა ინტერესი ერთმანეთს აძლიერებს – ერთ რაღაცაში რომ პატარა ნაბიჯს გადადგამ, ის ნაბიჯი შემდეგ გეხმარება, რომ სხვა სფეროშიც წაიწიო წინ და განვითარდე.”
2 წუთი წასაკითხად
7 აპრ. 2026
გეგმავ აშშ-ში სწავლას? აღმოაჩინე, როგორ შეავსო ფულბრაიტის აპლიკაცია, რა შეცდომებს უნდა მოერიდო და როგორ მიიღო სრული დაფინანსება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.
1 წუთი წასაკითხად
7 აპრ. 2026
ოცნებობ აშშ-ში სწავლაზე? ნახე, როგორ მოიპოვო საქართველოს ბანკისა და Fulbright-ის სტიპენდია. მიიღე 5 პრაქტიკული რჩევა და გახდი წარმატებული აპლიკანტი.
2 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
გაიგე, როგორ მოხვდნენ ქართველი სტუდენტები ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ფულბრაიტის სრული დაფინანსებით. აღმოაჩინე მათი გამოცდილება და მიიღე პრაქტიკული რჩევები განაცხადის შესავსებად.
3 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
გაიგე, როგორ შეავსო ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის აპლიკაცია. მარიამ ჟორჟოლიანი გიზიარებს Personal Statement-ის, Study Plan-ის და უნივერსიტეტის შერჩევის საიდუმლოებებს.
1 წუთი წასაკითხად
7 აპრ. 2026
3 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026