4 წუთი წასაკითხად
როგორ მოხვდა საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Le Pub-ში?
17 იან. 2024
4 წუთი წასაკითხად
4 წუთი წასაკითხად
გაიგე, როგორ მოხვდა ანანო გაბუნია Miami Ad School-ის სტიპენდიატი Le Pub-ში და რა გამოცდილება მიიღო მილანის წამყვან სარეკლამო სააგენტოში.
17 იან. 2024
4 წუთი წასაკითხად
უკვე მე-5 წელია, რაც საქართველოს ბანკმა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია შექმნა და შემოქმედებითი ნიჭის მქონე ქართველ სტუდენტებს Miami Ad School Europe-ში სწავლის შესაძლებლობა გაუჩინა. ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიატები Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის ან Copywriting-ის პროგრამაზე სწავლას სრულიად უფასოდ აგრძელებენ, ახალი შესაძლებლობები და თავგადასავლები კი სწორედ სწავლის პერიოდს ახლავს თან.
ანანო გაბუნიამ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია 2022 წელს მოიპოვა და Miami Ad School Europe-ში სწავლა Copywriting-ის მიმართულებით დაიწყო. ანანოს წარმატების ისტორია ისევ გრძელდება და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატმა ცნობილ სააგენტო Le Pub-ში დაიწყო სტაჟირება. Miami Ad School Euorope-ში სწავლისა და მილანის Le Pub-ში სტაჟირების ისტორიის შესახებ ანანო გაბუნია ვრცლად გვესაუბრა.
Miami Ad School ჩემთვის უწყვეტ ფიქრთან და შემოქმედებასთან ასოცირდება, რომელსაც ერთი სულის შებერვა სჭირდება დასაწყებად, გაჩერებით რომ აღარასდროს გაჩერდეს. თითქოს, კრეატიული სკოლისგანაც სწორედ ამას უნდა მოელოდე, არა? – მუდმივ შემოქმედებასა და იდეების კორიანტელს. თუმცა ყველაზე მეტად რაც აქ ვისწავლე, ამ კორიანტელისა და აურზაურის დალაგება იყო. Miami Ad School-ის თითოეული ლექცია სრულად პრაქტიკაზეა დაფუძნებული და იმასაც ვიტყვი, რომ ოფიციალური სახელმძღვანელო არცერთ კურსზე არ გვქონია. შესაბამისად, პრაქტიკულად სწავლობ შენს იდეებს თავი როგორ მოუყარო და რეალობად აქციო. რეჟიმი კი, რომელშიც სკოლა გსვამს, წამითაც არ გაძლევს ამოსუნთქვის საშუალებას და შენც სხვანაირად იწყებ ფიქრს, ყველაფერს აკვირდები და სადღაც, გონების რომელიღაც კუნჭულში ინახავ, რადგან იცი, რომ ამ სფეროში ყველაფერი, რაც კი შენს მეხსიერებას უგროვებია, აუცილებლად გამოგადგება.
Le Pub, უმეტესობისთვის ცნობილი, როგორც Publicis Italy, ჩემი და ალბათ, ამ სფეროში მყოფი ძალიან ბევრი ადამიანის საოცნებო სამუშაო ადგილია. დაუჯერებელი რაოდენობის ჯილდოები და წლების მანძილზე საუკეთესო სააგენტოთა შორის ყოფნა Le Pub-ისთვის ჩვეულებრივი ამბავია. აქ თითქმის ყველა ბრიფი კანის ლომებისკენ მიდის და მეც სწორედ ამ ფესტივალიდან გავიგე პირველად, წლების წინ, სარეკლამო ინდუსტრიაში ახალფეხადგმულმა, რომ სადღაც შორს, მიუწვდომელ ადგილას იყო სააგენტო საოცარი იდეებით. მაშინ სააგენტო Diesel-ის პროექტებზე მუშაობდა და მეც რამდენიმე კამპანია განსაკუთრებით მიყვარდა. ჰოდა, ალბათ, Francesca-ს მეასედ ყურებისას იყო თავში რომ გამიელვა, რომ ძალიან ბევრს თუ ვიოცნებებდი, იქნებ ამომეყო კიდეც თავი სადმე, შორიახლოს.
ნიკას სტიპენდიის მიღებისა და Miami Ad School-ში მოხვედრისთანავე ვიცოდი, რომ პირველ სტაჟირებას Le Pub-ში გავაკეთებდი. პროცესი ასეთია – ერთწლიანი სწავლის შემდეგ კურსს სტაჟირებებით აგრძელებ. სკოლის ფარგლებში სამი სხვადასხვა სტაჟირების გავლა შეგიძლია, სადაც სააგენტოს შენ არჩევ. მოხვდები თუ არა, ეგ მთლიანად შენს პორტფოლიოზეა დამოკიდებული, რადგან დამსაქმებელი მხოლოდ ამით გიცნობს და სხვა უამრავ აპლიკანტს შორისაც პორტფოლიოს საფუძველზე გარჩევს. კარგია, თუ აპლიკაციას კრეატიულ წყვილთან ერთად გააგზავნი, რადგან უკვე მზა გუნდი ხართ სამუშაოდ და ბევრად ეფექტურად შეძლებთ ბრიფების ამოხსნას. მოლოცვის მეილი, რომელიც აპლიკაციის გაგზავნიდან ერთ კვირაში მოვიდა, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მეილი იყო, რომელიც ჩემს ინბოქსში შემოფრენილა.
Le Pub-ზე ერთს ვიტყვი – აქ მუშაობა მარტივი არაა. არა, ასე ჯობია – აქ მუშაობა საკმაოდ რთულია. სააგენტოში ფეხის შედგმისთანავე ხვდები, რომ გარშემო ყველაფერი სულ სხვა რიტმში მუშაობს. აურაც კი სხვანაირია. ყველა საქმეშია ჩაფლული. ყველას, ვინც კი გხვდება, რამდენიმე კანის ლომი მაინც უდევს ჯიბეში და ამით გაჩერებას არ აპირებს. სტაჟირების პირველივე დღეს 3 ბრიფი მივიღეთ მხოლოდ რამდენიმესაათიანი დედლაინებით. თავიდან კი შევშფოთდი, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავი, ამ საქმისთვის სხვა სააგენტოში ალბათ ერთ კვირას მაინც მომცემდნენ, თუმცა რიტმში მალევე ჩავჯექი და სხვანაირად მუშაობა აღარც წარმომედგინა. Le Pub-მა მიმახვედრა, თუ რამდენად მეტის კეთება ყოფილა შესაძლებელი თუნდაც ძალიან მცირე დროში და ყველა სამომავლო დავალებასაც სხვანაირად შემახედა.
ბრიფებს რაც შეეხება, ასეთ ამოცანებზე ალბათ, ვერც კი ვიოცნებებდი. პირველივე დღეს Toblerone-ის, Heineken-ის და Adidas-ის ბრიფები მივიღეთ ერთი საერთო ამოცანით – ისეთი პროექტი შევქმნათ, რომ კანის ლომების სცენაზე აგვიყვანოსო. ამ პროექტებზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, მითუმეტეს იმ ტემპითა და ხარისხით, რასაც Le Pub ითხოვდა. მგონია, რომ სამ თვეში ასე სწრაფად სხვაგან ვერსად გავიზრდებოდი. ასე მგონია, ამ ინთერნშიფის შემდეგ დაუძლეველი აღარაფერი მომეჩვენება. სააგენტოშიც ყველა ამას ამბობდა – მეგობრებო, აქ მუშაობის შემდეგ ყველაფერი თამაშად მოგეჩვენებათო და ალბათ, ასეც იქნება. თუმცა არ დავმალავ, რომ მუშაობა საკმაოდ სტრესული იყო. ალბათ, იმიტომაც რომ გარშემო ყველა სტრესშია. მაგრამ ეს უჩვეულო ამბავი კი არა, უბრალო ყოველდღიურობაა, რომელზეც სააგენტოს თითოეული იდეა დგას. თუმცა სტრესი ყველაფერს უფრო საინტერესოს ხდის, როცა ისეთი ადამიანებით ხარ გარშემორტყმული, ვისგანაც ძალიან ბევრის სწავლა შეგიძლია.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ახლაც Le Pub-ში ვარ, ოღონდ ამსტერდამის ფილიალში. აქ შედარებით სხვა გარემო და ამოცანებია და სწორედ ამის გამოცდა იყო ჩემი ამჟამინდელი მიზანი. ვმუშაობდე იმავე ბრენდებზე, მაგრამ სულ სხვა ადგილიდან, სულ სხვა ადამიანებთან ერთად, სულ სხვა რეალობაში. მინდა, რომ სკოლის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის სააგენტოს ყოველდღიურობა გამოვცადო, რადგან უფრო დარწმუნებით ვიცოდე, სამომავლოდ საით უფრო გამიწევს გული. მგონია, რომ Miami Ad School-ის საუკეთესო ნაწილიც სწორედ ესაა – მოგცეს თავისუფლება სინჯო ყველაფერი და უფრო დარწმუნებით დაადგე სამომავლო გზას.
2 წუთი წასაკითხად
8 ივნ. 2026
ქართველი ბლოგერი და იუთუბერი H1Ta თავის 19 წლის ვერსიას გამოცდილებას უზიარებს. გაიგე მისი რჩევები ინტუიციის, უწყვეტი სწავლის, დროის ფასისა და მარცხის, როგორც ძვირფასი გაკვეთილის შესახებ
2 წუთი წასაკითხად
3 ივნ. 2026
ოცნებობ საზღვარგარეთ სწავლაზე? აღმოაჩინე Chevening-ის სტიპენდიატის გამოცდილება ლონდონში, მიიღე პრაქტიკული რჩევები და გადადგი პირველი ნაბიჯი შენი მიზნისკენ
2 წუთი წასაკითხად
28 მაი. 2026
გსურს მსოფლიოს საუკეთესო კრეატიულ სკოლაში სწავლა? გაიგე 7 მიზეზი, თუ რატომ არის Miami Ad School შენთვის. მოიპოვე სრული დაფინანსება და აქციე იდეები კარიერად
3 წუთი წასაკითხად
27 მაი. 2026
ემზადები Miami Ad School-ისთვის? აღმოაჩინე საუკეთესო რჩევები შთამბეჭდავი პორტფოლიოს შესაქმნელად. გაზარდე შანსები ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიის მოსაპოვებლად!
2 წუთი წასაკითხად
8 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
3 ივნ. 2026