2 წუთი წასაკითხად
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა Fulbright-ის სტიპენდიანტისგან
24 აგვ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
აშშ-ში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა სრული დაფინანსებით ისეთი წარმოუდგენელი რეალობა სულაც არ არის, როგორიც წლების წინ იყო. ამის ერთ-ერთი საუკეთესო გზა Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაა, რომლის პარტნიორიც საქართველოს ბანკია და შერჩეული სტუდენტების ორწლიან სამაგისტრო პროგრამას სრულად აფინანსებს.
ამ პროცესის გავლაში ელიზბარ ხვიჩიას გამოცდილება დაგეხმარება – ის თავად არის Fulbright-ის, FLEX-ისა და Erasmus+-ის სტიპენდიატი და ამჟამად კანზასის უნივერსიტეტის დოქტორანტია.
1. არ მოგერიდოს!
თუ უცხოეთში სწავლას განიხილავ, პირველი და მთავარი რჩევაა, არ მოგერიდოს კითხვების დასმა. მიწერე ყველას, ვინც გგონია, რომ ინფორმაციის მოძიებაში ან გამოცდილების გაზიარებაში დაგეხმარება.
ეს შეიძლება იყოს პროფესორი, რომელთან მუშაობაზეც ოცნებობ, ბიბლიოთეკარი, ან თუნდაც ფიზმომზადების მწვრთნელი. გამოიყენე ყველა პლატფორმა და გააგზავნე იმეილი ყველასთან, ვინც შეიძლება შენს კითხვებს უპასუხოს.
2. ნაკლები „მე“ და მეტი „ჩვენ“
ხშირად გვგონია, რომ აპლიკაციაში გამუდმებით საკუთარ განუმეორებლობაზე უნდა ვისაუბროთ. სინამდვილეში, პირიქითაა.
შემფასებლებს უყვართ და სიამოვნებთ, როცა კანდიდატი აჩვენებს განვითარების ღერძს – პროგრესის პოტენციალს და მონდომების უშრეტ ძალას, რომელსაც პოტენციურად არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა შეუძლია.
ამიტომ, ფოკუსირდი იმაზე, თუ როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას და არა მხოლოდ პირად მიღწევებზე.
3. ყოველდღიური გამოწვევები ნორმალურია
უცხო ენაზე, რომელსაც დიდი ხანია სწავლობ, შეიძლება სიტყვა დაგავიწყდეს. შეიძლება საცხოვრებლის პოვნაც გაგიჭირდეს. ეს ნორმალურია და არ ნიშნავს, რომ პრობლემებს ვერ უმკლავდები. ელიზბარი გირჩევს, ღიმილით შეხედე ასეთ გამოწვევებს, რადგან ყველა, ვინც საზღვარგარეთ სწავლობს, ამ გზას გადის. მთავარია, წინასწარ მოემზადო – შეისწავლო კლიმატი, საცხოვრებლის ბაზარი და ადგილობრივი მხარდაჭერის რესურსები.
4. წინასწარ შეისწავლე პროგრამა
სანამ აპლიკაციას გაგზავნი, დეტალურად გაეცანი პროგრამის კრიტერიუმებს, წესებსა და პროცედურებს. შემდეგ კი ჩაუღრმავდი მის არსს – როდის დაარსდა, რა მიზნით და როგორ კანდიდატებს ეძებს. ელიზბარის თქმით, „ეს ზარივითაა – წაიკითხავთ თუ არა თუნდაც ძალიან მშრალ ინფორმაციას პროგრამის შესახებ, შიგნიდან დარეკავს ზარი, რომ ეს თქვენთვისაა“.
გაეცანი კურსდამთავრებულების ისტორიებსაც, ეს სამოტივაციო წერილისთვის შთაგონების წყაროც შეიძლება გახდეს.
5. სამოტივაციო წერილი ყრუ რეზიუმე არ უნდა იყოს
ეს არის შენი აპლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი, წონადი და კრეატიული ნაწილი. სამოტივაციო წერილი ერთადერთი ფორმაა, სადაც შეგიძლია, თავი ისე გამოხატო, როგორც თავად გსურს, რომ სხვამ გაგიგოს.
ფურცელზე უნდა იმღერო ისე, რომ მკითხველს მისი წაკითხვა არ მობეზრდეს.
დაიმახსოვრე, რომ ბევრის დაწერის საშუალება არ გექნება – როგორც წესი, ორი გვერდი მაქსიმუმია. ამიტომ, წერე მკაფიოდ, რელევანტურად და გულწრფელად.
საზღვარგარეთ სწავლა ბევრ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს.
განათლების გზაზე არ გაჩერდე.