2 წუთი წასაკითხად
“მასწავლებელი” დღემდე მუდმივ მაძიებლობას გულისხმობს | გაიცანი ნესტან კუბლაშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი
23 სექ. 2025
2 წუთი წასაკითხად
საუკეთესო მასწავლებელი ისაა, ვინც მოსწავლეებში ცოდნის მიღებისა და სამყაროს შეცნობის ჟინს აღვიძებს, არ უშინდება სიახლეებს, არ ჩერდება და ეძებს ახალ გამოწვევებს. სწორედ ასეთი მასწავლებლებისთვის შეიქმნა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომლის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
წლევანდელი კონკურსის ფინალისტებს შორისაა ნესტან კუბლაშვილი, თბილისის 172-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. ნესტანმა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში გააგრძელა, აღმზრდელობით დარგში. მასწავლებლობაზე არასდროს უოცნებია – კვლევითი საქმიანობა აინტერესებდა, თუმცა მოსწავლეებთან ურთიერთობამ მისი გეგმები სრულიად შეცვალა და უკვე 29-ე წელია, ახალ თაობებს საკუთარი გზის პოვნაში ეხმარება.
დროის ცვალებადობასთან ერთად, ბევრმა ცნებამ შეიცვალა მნიშვნელობა, მაგრამ სიტყვა “მასწავლებელი” დღემდე მუდმივ მაძიებლობას გულისხმობს. უწყვეტ პროფესიულ ზრდასთან ერთად, ჩემი პედაგოგიური ფილოსოფიაც ერთ მთავარ პრინციპს ემყარება: კვარცხლბეკიდან ქადაგების ნაცვლად, თითოეულ მოსწავლეს შევუქმნა გარემო, სადაც თვითრეალიზაციისა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას შეძლებენ. როცა ეხმარები ერთ მოსწავლეს, რომ იპოვოს საკუთარი გზა, ქმნი უკეთეს მომავალს მთელი საზოგადოებისთვის
როგორც გვიყვება, კონკურსში მონაწილეობა ყოფილი მოსწავლეების წარდგენამ გადააწყვეტინა. მის მოსწავლეებს შორის ერთ-ერთი დათო გორგილაძეა:
“ნესტან კუბლაშვილის გაკვეთილებზე საკლასო ოთახში ნამდვილი გაზაფხული დგებოდა ხოლმე” – ასე იხსენებს ის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს.
ბლოგი: დათო გორგილაძის რჩეული მასწავლებელი
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტობამ სიხარულთან ერთად, პასუხისმგებლობა გამიორმაგა – განვაგრძო მაძიებლობა, არ შევწყვიტო პროფესიული ზრდა, რათა სამყაროში, სადაც ღირებულებები, იდენტობები სწრაფად იცვლება, შევძლო დავრჩე უაღრესად თანამედროვე და ახალი თაობებისთვის საინტერესო მასწავლებლად. ეს კონკურსი საშუალებას მომცემს, გავიცნო განსაკუთრებული მასწავლებლები, გავიზიარო მათი გამოცდილება, მეთოდოლოგია და თავადაც შევთავაზო ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელება
ნესტანისთვის ქართული ენა და ლიტერატურა მხოლოდ აკადემიური საგანი არ არის, იგი ესთეტიკურ სიამოვნებასთან ერთად მოზარდებს აზროვნებისკენაც უბიძგებს და საკუთარი თავის უკეთ შემეცნებაშიც ეხმარება. ყოველთვის ცდილობს, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების აქტიურობა წაახალისოს, შეუქმნას კარგი განწყობა და გამოიყენოს სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები:
მოსწავლის ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა – შეიცნოს სამყარო, რომელშიც ცხოვრობს, პედაგოგისგან ხელოვანის მსგავს შემოქმედებითობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ვცდილობ, სასწავლო აქტივობები მოსწავლეების ინტერესებსა და მისწრაფებებს მოვარგო, შევუქმნა გარემო, რომელშიც შეიძლება შეცდომების დაშვება, არასტანდარტული აზროვნება, საკუთარი გზის ძიება, ექსპერიმენტის ჩატარება. ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვები მეტს სწავლობენ იმის შესახებ, რაც მოსწონთ და მოსწონთ ის, რის შესახებაც მეტს სწავლობენ
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტმა დამწყებ მასწავლებლებს რჩევებიც გაუზიარა:
დამწყებ მასწავლებელს ვურჩევ, არ გაჩერდეს და მუდმივად მზად იყოს ახალი ცოდნის მისაღებად; ენდოს საკუთარ ინტუიციას, შეინარჩუნოს სიმშვიდე; მოსწავლეებთან ურთიერთობისას იყოს გულწრფელი და თავდაჯერებული; აღიაროს თავისი შეცდომა ან რამის არცოდნა; კლასში შექმნას ისეთი მხარდამჭერი გარემო, სადაც მოსწავლეები ყოველგვარი შიშის, გაუცხოების, საკუთარი თავის მიმართ ანტიპათიის გარეშე მოახერხებენ საუბარს
ინფორმაციისთვის, ამ კონკურსის ისტორია საქართველოში 2017 წლის 13 მაისიდან იწყება. ინიციატივა გლობალურ კამპანიას, The Global Teacher Prize-ს ეკუთვნის, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ბანკი – მთავარი მხარდამჭერი; გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი – გენერალური სპონსორი.
ნახე, რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი: ganatleba.bog.ge