Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

აიღე ტელეფონი, გადაიღე ფინტი და გახდი PS5-ის მფლობელი | sCoolApp-ის და GUPSPORT-ის ვიდეოკონკურსი

წარმოიდგინე, ის ეფექტური ფინტი, რომელსაც მეგობრებს დღემდე ახსენებ, ზუსტი პასი, რომელმაც ოდესღაც თამაშის ბედი შეცვალა, ან ის შთამბეჭდავი გოლი, რომელიც შენს ეზოში ლეგენდად იქცა, კადრად რომ გექცია. და მერე ამ კადრებით სანატრელი პრიზიც მოგეგო.

წარმოიდგინე? ახლა შეიძლება ეს წარმოდგენა რეალობადაც იქცეს, რადგან sCoolApp-ისა და GUPSPORT-ის ერთობლივი ვიდეოკონკურსი იწყება, სადაც შენი საფეხბურთო ოსტატობა შეიძლება ყველასთვის საოცნებო პრიზით, Sony PlayStation 5-ით დაჯილდოვდეს.

როგორ ჩაერთო კონკურსში?

კონკურსში მონაწილეობის მიღება ძალიან მარტივია, ამისთვის:

  • ჯერ გადმოწერე GUPSPORT-ის აპლიკაცია და გაიარე რეგისტრაცია.
  • სრულად შეავსე შენი პროფილი: მიუთითე სახელი, გვარი, ასაკი და აუცილებლად ატვირთე შენი რეალური ფოტო.
  • ატვირთე შენი საფეხბურთო ვიდეო 15 ივლისის ჩათვლით აპლიკაციაში და აღწერაში არ დაგავიწყდეს ჰეშთეგის #sCoolApp მითითება.

შესარჩევი პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

  • 16-დან 20 ივლისამდე სპეციალური ჟიური შეაფასებს ატვირთულ ვიდეოებს და მათგან საუკეთესოებს შეარჩევს.
  • 21 ივლისს ცნობილი გახდება კონკურსის 10 ფინალისტი.
  • 21-დან 31 ივლისის ჩათვლით GUPSPORT-ის პლატფორმაზე დაიწყება ხმის მიცემა ფინალისტი ტოპ-10 ვიდეოსთვის. გამარჯვებულს კი, თქვენ, მომხმარებლები გამოავლენთ.
  • დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 1 აგვისტოს გაიმართება და გამარჯვებულს მთავარი პრიზი, PlayStation 5 გადაეცემა.

რას მიაქცევს ყურადღებას ჟიური?

ფინალისტების შერჩევისას ჟიური რამდენიმე მთავარი კრიტერიუმით იხელმძღვანელებს. პირველ რიგში, შეფასდება შენი საფეხბურთო უნარები, ცხადია, შენი ასაკის პროპორციულად. ასევე, დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ვიდეოს კრეატიულობას, მასში აღბეჭდილი საფეხბურთო ემოციის გულწრფელობას, გამარჯვების ჟინსა და თავად კადრის ტექნიკურ ხარისხსაც.

ეს საბაზისო წესებიც გაითვალისწინე:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 6-დან 16 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს.
  • აუცილებელია, რომ ვიდეოში მონაწილე პირი ზუსტად შეესაბამებოდეს GUPSPORT-ის პროფილზე შევსებულ მონაცემებს (ორგანიზატორებს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს მოგთხოვონ იდენტობის დადასტურება).
  • ვიდეო უნდა იყოს შენი გადაღებული.
  • კონტენტი უნდა იყოს ორიგინალური.
  • ვიდეოში ნაჩვენები ილეთი, ფინტი თუ გოლი ნამდვილი უნდა იყოს. არ გამოიყენო სპეცეფექტები, ვიდეოს აჩქარება ან სხვა ტექნიკური ხრიკები ილეთის გასაყალბებლად.
  • შეურაცხმყოფელი შინაარსის გამოყენებაც, ცხადია, დაუშვებელია.

როგორი ვიდეო უნდა გადაიღო?

აქ სრული თავისუფლება გაქვს! მთავარია, ვიდეო ფეხბურთს უკავშირდებოდეს. მაგრამ დაიმახსოვრე, რომ კრეატიული და სახალისო იდეები კონკურსში განსაკუთრებულად ფასდება. შეგიძლია გადაიღო შენი ტექნიკის ან ვარჯიშის ამსახველი კადრები ან გვაჩვენო ნებისმიერი ეფექტური მომენტი თამაშიდან: გოლი, დრიბლინგი ან მეკარის შთამბეჭდავი სეივი.

როგორ გადავიღოთ კარგი ვიდეო მობილურით?

შთამბეჭდავი ვიდეოს გადასაღებად სულაც არ გჭირდება პროფესიონალური აპარატი, ტელეფონითაც შეძლებ. მთავარია, ეს რჩევები გაითვალისწინო:

  • ჩართე „თვითმფრინავის რეჟიმი“ (Airplane Mode), კადრი რომ მოულოდნელმა ზარმა ან შეტყობინებამ არ გაგიფუჭოს;
  • შეამოწმე მეხსიერება და ელემენტი. ვიდეოებს დიდი ადგილი და ენერგია მიაქვს;
  • დააფიქსირე კამერა მყარად, გამოიყენე სელფის ჯოხი/შტატივი ან ტელეფონი რაიმე მყარ საგანს (მაგალითად, წყლის ბოთლს) მიაყრდენი, რომ კადრი სტატიკური იყოს;
  • მოერიდე ზუმს (Zoom). მობილურის კამერით ზუმის გამოყენება კადრის ხარისხს აფუჭებს. თუ გინდა, რომ ობიექტი ახლოდან გამოჩნდეს, აჯობებს, კამერა მოწიო (ან შენ თავად მიხვიდე მასთან უფრო ახლოს);
  • შეარჩიე ადგილი კარგი განათებით. ვიდეოს გადაღებისას ყველაზე კარგად ბუნებრივი შუქი მუშაობს, ამიტომ ჯობს, დღისით, ეზოში ან მოედანზე გადაიღო;
  • იმასაც მიაქციე ყურადღება, რომ მთავარი მოქმედება კადრის ცენტრში ხდებოდეს;
  • აუცილებლად გამოიყენე ფოკუსი. გადაღების დაწყებამდე ეკრანზე თითის დაჭერით დააფიქსირე ფოკუსი მთავარ ობიექტზე, რომ შენი მოძრაობები კადრში მკვეთრად გამოჩნდეს;

სულ ეს არის! აიღე მობილური, გახდი ერთდროულად რეჟისორიც და მთავარი გმირიც, აჩვენე ყველას შენი საფეხბურთო უნარები და მოიგე PS 5!

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს