3 წუთი წასაკითხად
AI, ინოვაციები და 500 Global-ის 13 სტარტაპი, რომელიც მომავალს შეცვლის
2 ოქტ. 2025
3 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ბოლო დროს თითქმის ყველა საუბარში ხელოვნური ინტელექტი ისმის – მაგრამ რა ხდება საუბარს მიღმა? რა პრობლემებს აგვარებს AI დღეს და რა შესაძლებლობებს ქმნის ჩვენს რეგიონში?
რეალურ ცხოვრებაში AI არ არის მხოლოდ ჩატბოტი, რომელიც ესეებს წერს. ის ცვლის ბიზნეს მოდელებს, ქმნის სრულიად ახალ პროფესიებს და ჭრის ისეთ პრობლემებს, რომელთა გადაჭრაზე ადრე ვერც კი ვიფიქრებდით.
500 Global-ის აქსელერატორი ამის ნათელი მაგალითია. საქართველოს ბანკი GITA-სთან ერთად უკვე წლებია მხარს უჭერს ამ პროგრამას, სადაც რეგიონის ყველაზე ინოვაციური სტარტაპები იკრიბებიან. ისინი 12-კვირიან ინტენსიურ პროგრამას გადიან მსოფლიო დონის ექსპერტებთან და სწავლობენ, როგორ აქციონ თავიანთი იდეები წარმატებულ ბიზნესად.
ახლახან 500 Global in Eurasia-ს მეცხრე ნაკადის 13 გუნდი გამოვლინდა. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ თითქმის ყველა მათგანი AI-ს იყენებს რეალური პრობლემების გადასაჭრელად. გავიცნოთ ისინი:
სტარტაპები მარკეტინგსა და ელექტრონულ კომერციაში
AdMagica.ai – ეს პლატფორმა პროდუქტის ჩვეულებრივ ფოტოსა და აღწერას წამებში აქცევს ეფექტურ სარეკლამო ვიზუალად. რაც მთავარია, ის იყენებს Meta-ს (Facebook/Instagram) რეალურ მონაცემებს და კრეატიულ ჩარჩოებს, რაც მაქსიმალურ კონვერსიას უზრუნველყოფს.

Callsy AI – ონლაინ შოპინგისას ბევრი მომხმარებელი პროდუქტს კალათაში ამატებს, მაგრამ ყიდვას არ ასრულებს. Callsy-ს AI აგენტი ასეთ მომხმარებლებს 40-ზე მეტ ენაზე უკავშირდება, სთავაზობს ფასდაკლებას და დაუსრულებელ პროცესს წარმატებულ გაყიდვად აქცევს.

Adsmom – გინდა იცოდე, რას აკეთებენ შენი კონკურენტები? Adsmom რეალურ დროში აანალიზებს და გაჩვენებს მათ Meta რეკლამებს. ის გაძლევს სრულ სურათს, თუ რა მუშაობს და რა – არა შენს ინდუსტრიაში.

Spotwise – ეს არის AI გაყიდვების აგენტი, რომელიც კონკურენტების სარეკლამო აქტივობების მონიტორინგს რეალურ დროში ახორციელებს და ამ მონაცემებს მომგებიან სტრატეგიებად აქცევს.

სტარტაპები ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციაში
FashionLab – ტანსაცმლის ბრენდებისთვის ფოტოსესიები დიდ ხარჯებთან და ლოგისტიკასთანაა დაკავშირებული. ეს პლატფორმა ქმნის ფოტორეალისტურ ვირტუალურ მოდელებს და პროდუქტს ნებისმიერი გარეგნობის მოდელს არგებს. შედეგად, პროცესი გაცილებით სწრაფი და ხელმისაწვდომი ხდება.

Stackbooster – კომპანიები, რომლებიც Cloud სერვისებს იყენებენ, ხშირად იმაზე მეტს იხდიან, ვიდრე რეალურად სჭირდებათ. ეს სტარტაპი ავტომატურად არეგულირებს რესურსებს, რითაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს.

Quantum Neuron, Inc – ეს არ არის უბრალოდ ჩატ-ბოტი. ეს არის AI-პერსონების მთელი გუნდი, რომელსაც ერთი მენეჯერი მართავს. ისინი მუშაობენ WhatsApp-ში, Instagram-სა თუ მეილზე, პასუხობენ კითხვებს და ყიდიან პროდუქტს.

Rebookify – ეხმარება ტურისტულ სააგენტოებს, გაზარდონ მოგება. მისი სისტემა ავტომატურად აკონტროლებს უკვე გაკეთებული სასტუმროს ჯავშნის ფასს. თუ იმავე სასტუმროში ზუსტად იგივე კატეგორიის ნომერზე ფასი დაიკლებს, Rebookify აგენტს ამის შესახებ ატყობინებს, რათა მან ჯავშანი ხელახლა, უფრო დაბალ ფასად გააკეთოს და სხვაობა მოგების სახით დაიტოვოს.

Neolink – No-Code (ანუ, კოდის დაწერა რომ არ სჭირდება) პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ამარტივებს და ავტომატიზებულს ხდის შესყიდვების რთულ პროცესს კომპანიებისთვის.

სტარტაპები მედიცინასა და სერვისებში
Hi Doctor – კლინიკური სიმულატორი მომავალი ექიმებისთვის. სტუდენტებს შეუძლიათ, ვირტუალურ პაციენტებზე ივარჯიშონ, დასვან დიაგნოზი და უსაფრთხო გარემოში დახვეწონ თავიანთი უნარები.

Defect ai – სამედიცინო აუდიტის სისტემა, რომელიც ამოწმებს კლინიკის ჩანაწერებს და ეხმარება მათ, მნიშვნელოვნად შეამცირონ სადაზღვევო კომპანიების მიერ უარყოფილი გადახდები. ასევე აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს უახლესი კლინიკური პროტოკოლებისა და რეკომენდაციების საფუძველზე.

DataCall – პატარა და საშუალო კლინიკებისთვის სატელეფონო ზარების ავტომატიზაცია. AI პასუხობს პაციენტებს, ამცირებს ლოდინის დროს და ეხმარება პერსონალს, მნიშვნელოვან საქმეებზე კონცენტრირდნენ.

Talk Labs – ქმნის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ხმოვან სიმულაციებს, რომელთა დანიშნულებაც მომხმარებელთა მხარდაჭერის პერსონალის გადამზადებაა.

რატომ უნდა გაინტერესებდეს 500 Global?
ეს 13 სტარტაპი მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც დღეს ტექნოლოგიების სამყაროში ხდება. 500 Global-ის აქსელერატორი, საქართველოს ბანკისა და GITA-ს მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონის ტექნოლოგიურ ჰაბად აქცევს.
თუ გაქვს იდეა, რომელიც პრობლემას ჭრის, ან უბრალოდ გატაცებული ხარ ტექნოლოგიებით, დააკვირდი ამ პროცესს. შთაგონებისთვის კი ნახე, რა ისწავლეს 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაზე წინა მონაწილეებმა. შენი შემდეგი დიდი ამბავი შეიძლება სწორედ აქ დაიბადოს.
მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლია ეწვიო 500 Global in Eurasia-ს ვებგვერდს.