2 წუთი წასაკითხად
როგორ უნდა დააბანდო თანხა საფონდო ბირჟაზე - სტრატეგიები
დაინტერესებული ხარ ინვესტიციებით? აღმოაჩინე გალტ & თაგარტის ანალიტიკოსის რჩევები, თუ როგორ ივაჭრო ჭკვიანურად საფონდო ბირჟაზე, დივერსიფიკაციისა და სწორი სტრატეგიების გამოყენებით.
14 ივნ. 2023
2 წუთი წასაკითხად
რადგან ახლა ამას კითხულობ, ინვესტიციებით დაინტერესებული უნდა იყო. შეიძლება უკვე საინვესტიციო ანგარიშიც გაქვს საქართველოს ბანკის მობილურ აპლიკაციაში. საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დასაწყებად უბრალოდ ძებნის ველში ჩაწერე “ინვესტიციები”, შემდეგ კი მარტივი რეგისტრაცია გაიარე. ეგ არის და ეგ. შეგიძლია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების აქციებით ვაჭრობა დაიწყო.
მაგრამ ჩნდება კითხვა – როგორ უნდა ივაჭრო გონივრულად?
გალტ & თაგარტის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მაზანაშვილი, ამბობს, რომ საფონდო ბირჟებზე ურიცხვი შესაძლებლობებია. თუმცა, არსებობს აქციის ყიდვის ორი ძირითადი საშუალება – რაოდენობრივი და თანხის შესაბამისი (მაგალითად, $100-ის ღირებულების აქციები).
ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ნიკოლოზი გვირჩევს, ინდექს-ფონდს, იმავე ETF-ს, მივმართოთ. აქ საშუალება გექნება, ერთდროულად შეიძინო რამდენიმე აქცია და ფულიც რამდენიმე კომპანიაში დააბანდო. ასე დანაკარგის რისკიც მცირდება, რადგან დაბანდებული თანხა დივერსიფიცირებულ დასახელებებზე ნაწილდება. ამასთან, არ მოგიწევს ცალკეული კომპანიის პერსპექტიულობის შესწავლაც.
„აქციების კალათის“ ყიდვის ყველაზე გავრცელებულ სტრატეგიას Dollar cost averaging-ს უწოდებენ. ამ შემთხვევაში შენ დროდადრო, თუნდაც ყოველთვიურად – ხელფასის ჩარიცხვის დღეს – ყიდულობ გარკვეული ღირებულების აქციებს. ნიკოლოზის თქმით, აჯობებს, არჩევანი დივერსიფიცირებულ ნაკრებზე გავაკეთოთ, მაგალითად, S&P 500-ზე, რომელიც აშშ-ის ყველაზე წარმატებულ და მომგებიან 500 კომპანიას უყრის თავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინვესტირება გრძელვადიანი იყოს და პორტფელიც პერიოდულად განაახლო ხოლმე.
თუმცა, შეიძლება აქციების კალათის ყიდვა არ გსურდეს და გინდოდეს, რომელიმე კონკრეტული კომპანიის წარმატებაში დააბანდო ფული. ან, როგორც ნიკოლოზი ამბობს, მისი „წარმატების მოტივი“ გახდე. მით უმეტეს, რომ საფონდო ბირჟებზე ისეთი დიდი კომპანიების აქციები ივაჭრება, როგორებიც არიან Apple, Google, Microsoft, Amazon, Coca-Cola, McDonald’s და კიდევ ბევრი სხვა გლობალური ბრენდი.
ამ კომპანიებს აქვთ ყველაზე დიდი წვდომა კაპიტალზე, საუკეთესო ტალანტზე. ისტორიულად საფონდო ბირჟებიც უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ყველა სხვა აქტივი
– ნიკოლოზ მაზანაშვილი
ნიკოლოზი იმასაც გვირჩევს, რომ ცალკეული კომპანიის აქციების ყიდვისას არჩევანი ისეთ ბრენდზე შევაჩეროთ, რომლისაც „გვჯერა“, ან, უბრალოდ, რომლის პროდუქციასაც თავად მოვიხმართ.