3 წუთი წასაკითხად
ქართული მუსიკის ახალი სიცოცხლე ფირფიტებზე
საქართველოს ბანკი და GML ქართულ მუსიკას ახალ სიცოცხლეს სძენენ! გაიგეთ, როგორ იბრუნებს ფირფიტებზე წარსულის მელოდიები ახალ მსმენელს და რა სიურპრიზები გელოდებათ.
26 აპრ. 2024
3 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
საქართველოს ბანკი და „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ [GEORGIAN MUSIC LEGACY] დამეგობრდნენ. ესაა პროექტი, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი საქართველოს მუსიკალურ სივრცეში შექმნილი მუსიკისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა და მათი ფირფიტებზე გადატანაა.
უფრო ვრცლად პროექტის შესახებ GML-ის თანადამფუძნებლები, ნასტია სართანია და ჯაბა შავიშვილი გვიყვებიან:
„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” დასაწყისი
ნასტია სართანია: როგორც ყველა კარგი საქმის დასაწყისი სიყვარულია, დიდი სიყვარული მუსიკის, რაც მთელი ცხოვრება ჩემი გზამკვლევია. მუსიკოსი ვარ პროფესიითაც და სხვადასხვა პროფილით მუსიკაში ვტრიალებ 5 წლის ასაკიდან. ბოლო 14 წლის განმავლობაში არაფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში შევტოპე და დავაფუძნე სკოლა „შემოქმედებითი განათლების სტუდია“ [CES], რომელიც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდ მუსიკალურ კომუნას წარმოადგენს. შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს ურთიერთობა, მეგობრობა და პასუხისმგებლობა ახალი თაობის მუსიკოსებთან თუ მუსიკის ენთუზიასტებთან, ცხადი იყო ჩემთვის, რომ ბევრმა მათგანმა უკვე აღარ იცოდა ის უმნიშვნელოვანესი ფიგურები ჩვენი მუსიკალური წარსულიდან, ვინც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა.
„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ სახელიც, არსიც და კონცეფციაც სრულიად ორგანულად და ლოგიკურად მოვიდა. ვისაც პირველად ჩემი იდეა გავუზიარე, ჯაბა შავიშვილი იყო – ადამიანი, რომელსაც თავდავიწყებით უყვარს მუსიკა და ქართული მუსიკის ინდუსტრიაში დიდი ღვაწლი მიუძღვის, პატარა ასაკის მიუხედავად. ასე დავიწყეთ ენთუზიაზმით ანთებულებმა და სულ მალე მხარდამჭერიც ვიპოვეთ და შევუდექით იდეის განხორციელებას.
ჯაბა შავიშვილი: იდეა ნასტიას გაუჩნდა, ვინაიდან ის 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენის უშუალო მონაწილეც იყო. მე ჩემი ქართული მუსიკისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და ინტერესის გამო, მსგავსი იდეა არაერთხელ მომსვლია, თუმცა საინტერესოა, როდესაც ამ ყველაფერს გუნდურად ვაკეთებთ. ასე დაიბადა იდეა, რომ ძველი ქართული ჩანაწერები, განსაკუთრებით კი 90-2000-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის ალბომები და შემსრულებლები ფირფიტის ფორმატზე გამოგვეშვა.
ფირფიტა იმიტომ, რომ ამ მედიუმს დღემდე განსაკუთრებული, ნოსტალგიური დატვირთვა აქვს, მეორე მხრივ კი, დღეს პოპულარულია დასავლეთშიც მსგავს ფორმატში ძველი, ხშირად მივიწყებული ჩანაწერების გაცოცხლება. ამის განხორციელება კი „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ სახელის ქვეშ გადავწყვიტეთ – ამ სახელდების თითოეული სიტყვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
განხორციელებული პროექტები
ჯაბა შავიშვილი: აქამდე 6 მუსიკალური ფირფიტა გამოვუშვით. ჩვენი იდეა მარტივია – არ ვართ შეზღუდული ჟანრებში, მაქსიმალურად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ჩანაწერების პირვანდელი სახე – როგორც აუდიო, ისე ვიზუალური ნაწილი, რადგან მუსიკასთან ერთად, მნიშვნელოვანია იმ დროისა და კონტექსტის გაცოცხლებაც, როცა ისინი იქმნებოდნენ – ჩანაწერებს ყოველ 3 თვეში ერთხელ ვუშვებთ. მაგალითისთვის, აქამდე გამოვეცით ქართული ალტერნატიული როკის, ელექტრონიკისა და ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი პირველადი ალბომები, რომლებმაც შემდგომი თაობის მუსიკალურ მიმართულებაზეც მნიშვნელოვნად იმოქმედეს. მიზანი გვქონდა, რომ ძველ თაობას გაეხსენებინა ის დრო და თავის მხრივ ჩანაწერებსაც ახალი მსმენელი ეპოვა. ვფიქრობ, მოლოდინთან მიმართებით უკეთესი შედეგი გვაქვს. ჩვენმა პატარა წამოწყებამ, მალევე მიიპყრო მუსიკის ენთუზიასტების ინტერესი, რაც გამოცემებს შორის მუდამ იზრდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა დაიწყონ ამ კოლექციის შეგროვება, რომელიც წლების შემდეგ მოცულობითი იქნება – საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს, ვინც ამ კოლექციას უკვე აგროვებს და მოუთმენლად ელოდება შემდეგ ჩანაწერსაც.
ნასტია სართანია: მთავარი არსი პროექტის გახლავთ არქივიზაცია ქართული მუსიკალური პროდუქტის, სივრცის და დროის აღწერა, რომელშიც ის გახლავთ შექმნილი და მისი შემქმნელების არსი, მოტივაციები და ჩვენი მხრივ კი მათი პატივისცემა და დაფასება. ჩვენი არსებული 6 პროექტით უკვე ნათელია, რომ მიზანს ვაღწევთ და დღითიდღე მსმენელის ყურადღებას ვიპყრობთ. ახალგაზრდებს კი ვაძლევთ შანს, გაეცნონ მათ წინამორბედებს. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის.
განსახორციელებელი პროექტები
ნასტია სართანია: ყოველი ჩვენი გამოცემა სიურპრიზად მოდის მსმენელამდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის მთელი წლის (4 გამოცემა) გეგმა ცნობილი და დაწყობილია, ვერ გაგიმხელთ არტისტებისა და ბენდების ჩამონათვალს. დარწმუნებული კი ვარ იმაში, რომ თქვენს გაოცებას უსათუოდ შევძლებთ.
ჯაბა შავიშვილი: ამ მხრივ წელს თითქმის ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს, ერთიანად ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე და მალე ძალიან საინტერესო ფირფიტებს შევთავაზებთ მსმენელს. ამ ეტაპზე წელს გამოსაცემი ფირფიტების სახელებს სიურპრიზად დავტოვებ, თუმცა კი ერთ-ერთი მათგანის გამოცემის თარიღი უკვე ცნობილია – Nikakoi-ის ალბომი “შენтыmental” 21 წლის შემდეგ ფირფიტაზე 18 აპრილს გამოვა!
GMLC X საქართველოს ბანკი
ნასტია სართანია: ჩვენი მუსიკალური გამომცემლობა არ გახლავთ კომერციული პროექტი, მისი შემქმნელები მასზე ენთუზიაზმითა და სიყვარულით ვმუშაობთ, რწმენით, რომ მისი არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქართული მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ძლიერი მხარდამჭერი, რომელსაც დღეს ჩვენთვის საქართველოს ბანკი წარმოადგენს. მასთან ერთად ჩვენს 4 გამოცემას წარგიდგენთ.
ჯაბა შავიშვილი: მსგავსი არაკომერციული იდეის განხორციელება რთულია ძლიერი მხარდამჭერის გარეშე. გვიხარია, რომ საქართველოს ბანკის გუნდიც მალევე მიხვდა ამ იდეის საჭიროებას და მნიშვნელობას და წელს მათთან პარტნიორობით 4 მუსიკალური ფირფიტა გამოვა. გარდა ფირფიტებისა, მსმენელს საინტერესო მოკლე ვიდეო კომპილაციები ელოდება, რომლებიც მუსიკისა და იმ დროის შეგრძნებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
თაგები
გააზიარე
შეიძლება დაგაინტერესოს
5 წუთი წასაკითხად
17 აპრ. 2026
შერეკილები გაბრიაძის თეატრში – SOLO-სთან ერთად
ამ ამბავზე ავტორი ვერ დაიჟინებს, რომ რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული, თუმცა მისი გმირები იმდენად ახლობლები არიან, ისტორია კი იმდენად უნივერსალურად ადამიანური, რომ მის სინამდვილეში ეჭვის შეტანა ძალიან რთულია; ან, როგორც რეზო გაბრიაძე მოთხრობაში უცხო ჩიტი ამბობს: „ნამდვილზე უფრო ნამდვილია”. თავდაპირველად ბუხრის პირას მოსმენილი მიზანასა და არისტოს, ერთაოზისა და მარგალიტას, ქრისტეფორესა და თამუნიას ამბავი ეკრანიდან, ოპერის სცენიდან
3 წუთი წასაკითხად
16 აპრ. 2026
გაბრიაძის ჯადოსნური სამყარო SOLO-ს ვიტრინებში
ერთაოზისა და მარგალიტას, ნიჭიერი მოქანდაკე აგული ერისთავის, ალფრედისა და ვიოლეტას, ფეოლას, მიმინოს, შავთელის ქუჩაზე მდებარე, ზომიერად დახრილი კოშკისა და სიყვარულის უნიკალური ფორმულის გარეშე დღეს ქართული ყოველდღიურობა, ალბათ, სულ მციერე ბევრად უღიმღამო იქნებოდა. რეზო გაბრიაძის მრავალფეროვან ნამუშევრებად ქცეული, თუმცა მაინც ამოუცნობი და ამოუწურავი შემოქმედებითი ენერგია, დღეს მის ნახატებში, წიგნებში, თოჯინებში, სცენარებში, პიესებში, სპექტაკლებსა და ფილმებში აგრძელებს
4 წუთი წასაკითხად
18 მარ. 2026
SITUATIONIST by Irakli Rusadze – წარმატებისა და ოსტატობის ისტორია
აღმოაჩინეთ Situationist-ის გზა მილანიდან პარიზის მოდის კვირეულამდე. გაიგეთ, როგორ იქცა ირაკლი რუსაძის ბრენდი საერთაშორისო ფენომენად და რას ურჩევს ის დამწყებ დიზაინერებს.
2 წუთი წასაკითხად
5 მარ. 2026
SOLO x BEKA Paris: სარვამარტო კამპანია პარიზში
გაიგეთ, როგორ აღნიშნავს SOLO რვა მარტს პარიზში. აღმოაჩინეთ BEKA Paris-ის ისტორია და უნიკალური კოლაბორაცია, რომელმაც ქართული კულტურა და ემოცია საფრანგეთში ჩაიტანა