3 წუთი წასაკითხად
როგორ იქმნება პროდუქტი, რომელიც 1.7 მლნ-ზე მეტ ადამიანს ყოველდღიურობას უმარტივებს
25 სექ. 2025
3 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფინანსური გამოცემისგან, Global Finance-ისგან, 34 ჯილდო მიიღო – აღიარება, რომელიც მის ციფრულ ლიდერობას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ ერთხელ ადასტურებს.
მაგრამ „საუკეთესო მობილბანკის” თუ „ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის” შთამბეჭდავი ტიტულების მიღმა, კიდევ უფრო საინტერესო ამბავი იმალება: როგორ იქმნება პროდუქტი, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ადამიანს ყოველდღიურობას უმარტივებს?
ამ კითხვაზე პასუხის საძიებლად, საქართველოს ბანკის ციფრული გუნდიდან ორ ადამიანს ვესაუბრეთ: გიორგი ვახტანგიშვილს, ბანკის Chief Digital Officer-ს, და ანა სარალიძეს, UX-ის (მომხმარებლის გამოცდილების) მიმართულების ხელმძღვანელს.

როგორ იქცა მობილბანკი ფინანსურ Super App-ად?
წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, როგორც გიორგი ვახტანგიშვილი განმარტავს, მობილბანკის ფუნდამენტური ტრანსფორმაცია იყო. გუნდმა დაისახა მიზნად, შეექმნა არა უბრალოდ საბანკო აპლიკაცია, არამედ სუპერაპი, სადაც მომხმარებელი ფინანსურ და ცხოვრებისეულ საჭიროებებს ერთ სივრცეში დაიკმაყოფილებდა.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება, რომელმაც ჩვენი წარმატება განაპირობა, იყო მობილბანკის ტრანსფორმაცია სრულფასოვან ფინანსურ Super-App-ად. დღეს მომხმარებელი აპლიკაციაში უკვე არამხოლოდ საბანკო სერვისებს იღებს, არამედ ბევრ სხვა შესაძლებლობასაც, რომელიც ყოველდღიურობას ამარტივებს
„სხვა შესაძლებლობები” დღეს უკვე აპლიკაციის განუყოფელი ნაწილია: სადაზღვევო პაკეტის შეძენა, ამერიკულ კომპანიებში ინვესტირება, სასაჩუქრე ბარათის მართვა თუ სახელმწიფო სერვისებზე წვდომა – ყველაფერი ერთ აპლიკაციაშია თავმოყრილი. შედეგად, მობილბანკი კლასიკური აპიდან ყოველდღიურობის დამხმარედ იქცა.
სიმარტივის ხელოვნება: როგორ მუშაობს ატომური დიზაინი
როდესაც ერთ აპლიკაციაში ამდენი ფუნქცია იყრის თავს, ჩნდება მთავარი გამოწვევა: როგორ შევინარჩუნოთ სიმარტივე და არ დავკარგოთ ინტუიციურობა? სწორედ აქ შემოდის User Experience, ანუ მომხმარებლის გამოცდილებაზე ზრუნვა, რაც საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების საფუძველია.
ანა სარალიძე გვიხსნის, რომ ამ ბალანსის საიდუმლო დიზაინსისტემაა – წესებისა და კომპონენტების ერთიანი ბიბლიოთეკა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ აპლიკაციის ყველა ნაწილი ერთმანეთთან ჰარმონიაში მუშაობდეს.
2021 წლიდან ჩვენი ციფრული არხები დიზაინსისტემით იქმნება, რომელიც ატომური დიზაინის პრინციპებზეა აგებული. დიზაინსისტემა თანმიმდევრული გამოცდილების შექმნის საშუალებას გვაძლევს საქართველოს ბანკის ყველა ციფრულ არხში

რას ნიშნავს ატომური მიდგომა?
წარმოიდგინე დიზაინი, როგორც LEGO-ს კონსტრუქტორი. დიზაინის უმცირესი, განუყოფელი ელემენტები – ღილაკები, ტექსტის ველები, აიკონები – განიხილება როგორც ატომები. ატომების ერთიანობა კი ქმნის უფრო დიდ კომპონენტებს, ანუ მოლეკულებს (მაგალითად, საძიებო ველი, რომელიც ღილაკისა და ტექსტის ველისგან შედგება). მოლეკულები, თავის მხრივ, ერთიანდებიან უფრო რთულ ორგანიზმებად, როგორიცაა, მაგალითად, საიტის ზედა ნაწილი (ჰედერი). საბოლოოდ, სწორედ ეს ორგანიზმები ქმნიან აპლიკაციის სრულყოფილ გვერდებს.
სისტემური მიდგომა აძლევს გუნდს საშუალებას, იმუშაოს ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ გამოცდილებისთვის გადამწყვეტ დეტალებზე. ასეთი დეტალებია, მაგალითად, ფერთა პალიტრის დახვეწა უკეთესი აღქმისთვის, შრიფტის ზომის გაზრდა, ან სულაც ჰეპტიკების (ვიბრაციული უკუკავშირი) დამატება. ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება: აპლიკაციის გამოყენება ინტუიციური და სასიამოვნო იყოს მომხმარებლისთვის.
კულტურა: როგორ ინარჩუნებს დიდი ბანკი ინოვაციურ სულისკვეთებას
ინოვაცია მხოლოდ ტექნოლოგია არაა, ის კულტურის ნაწილია. Global Finance-ის ჯილდო, „ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი” სწორედ ამ კულტურის აღიარებაა. როგორ ახერხებს ასეთი მასშტაბური ორგანიზაცია, შეინარჩუნოს მოქნილობა და მუდმივად ეძებოს სიახლეები?
ბევრს შეიძლება ეგონოს, რომ დიდი ორგანიზაცია ყოველთვის მძიმე და ნაკლებად მოქნილია, მაგრამ ჩვენთვის სწორედ ამ სტერეოტიპის გატეხვაა მნიშვნელოვანი. სტარტაპის სულისკვეთებას ინარჩუნებს არა ზომა, არამედ კულტურა, სადაც ინოვაცია ყოველთვის პირველ ადგილზეა – გიორგი ვახტანგიშვილი, Chief Digital Officer
ეს კულტურა პრაქტიკაში იდეების სწრაფად ტესტირებას, ექსპერიმენტებისადმი ღიაობას და მომხმარებლისგან უკუკავშირის მუდმივ რეჟიმში მიღებას გულისხმობს. თუ იდეა ამართლებს, ის სწრაფად ინერგება და ფართო მასებისთვის ხდება ხელმისაწვდომი.
მომავლის პერსპექტივა: პერსონალიზაცია ხელოვნური ინტელექტით
მომავალი კიდევ უფრო პერსონალიზებულია. როგორც ანა, ისე გიორგი თანხმდებიან, რომ ხელოვნური ინტელექტი (AI) ამ პროცესში გადამწყვეტ როლს შეასრულებს – ის დაეხმარება ბანკს, შესთავაზოს მომხმარებელს ზუსტად ის, რაც მას კონკრეტულ მომენტში სჭირდება. თუმცა, AI-ს როლი მხოლოდ შეთავაზებებით არ შემოიფარგლება.
ხელოვნური ინტელექტის სამუშაო პროცესში გამოყენება გვაჩქარებს, ვიყენებთ სხვადასხვა ეტაპზე, იქნება ეს ბაზრის მოკვლევა, მომხმარებლების უკუკავშირის გენერაცია, იდეაცია თუ გარკვეული სცენარების სიმულაცია, კვლევაზე დაფუძნებული პერსონების, სხვადასხვა ფსიქოტიპების მომხმარებლის პერსპექტივიდან ფუნქციონალის დანახვა – ანა სარალიძე, UX-ის ჰედი
34 ჯილდო, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი აღიარებაა, თუმცა, როგორც გიორგი ვახტანგიშვილი ამბობს, არსებობს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საზომი:
დღეს 1.7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყოველთვიურად სარგებლობს ჩვენი ციფრული არხებით, მათი კმაყოფილება კი 93 ქულაზე მეტია. ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდოა – იმის დამადასტურებელი, რომ სწორად მივდივართ და ციფრული ბანკინგი მართლაც მომხმარებელზე მორგებულ მომავალს ქმნის
საბოლოო ჯამში, საქართველოს ბანკის ციფრული წარმატების ფორმულა მარტივი და ამავდროულად რთული კომპონენტებისგან შედგება: თამამი ხედვა, დეტალებზე ზრუნვა, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და, რა თქმა უნდა, ინოვაციური ჟინი, რომელიც ამ ყველაფერს შეგაძლებინებს.