2 წუთი წასაკითხად
ტრიუმფის 80 წელი: სუხიშვილების ლეგენდარული მემკვიდრეობა
15 ოქტ. 2025
2 წუთი წასაკითხად
სუხიშვილების ცეკვის ხილვისას განცდილ სიამაყეს, ალბათ, ყველა ქართველი იცნობს. ეს არის ენერგია, ისტორია და ხასიათი, რომელიც სცენიდან გადმოდის და გულში აღწევს.
ახლა კი გეძლევათ უნიკალური შანსი, ამ ლეგენდის კულისებში შეაბიჯოთ, გაეცნოთ მისი შექმნის ისტორიას და ახლოდან იხილოთ კოსტიუმები, რომლებმაც მსოფლიოს უდიდესი სცენები დაიპყრეს.

სწორედ ამ მიზნით, ქართული ნაციონალური ბალეტის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით, გიწვევთ გამოფენაზე „ტრიუმფის 80 წელი“.
რა გელით სუხიშვილების გამოფენაზე?
მუზეუმში მოსულ დამთვალიერებელს ნამდვილი დროში მოგზაურობა ელის. უნიკალური ფოტოარქივი აცოცხლებს ანსამბლის ისტორიას.
ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის პორტრეტები, მათი საოჯახო მომენტები და წარმატების პირველი წამები მოგვითხრობს, როგორ იქცა დასი ქართული კულტურის ელჩად, დაიპყრო პირველად ფინეთი, დანია, ინგლისი, იტალია და როგორ იმართებოდა კონცერტები სრული ანშლაგით მსოფლიოს უდიდეს სცენებზე – ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერასა“ და მილანის „ლა სკალაში“.

გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი ისტორიული აფიშების კედელია, რომელიც ანსამბლის 80-წლიანი გზის ცოცხალ ქრონიკას წარმოადგენს. თითოეული მათგანი, თავისი უნიკალური დიზაინითა და სტილით, იმ ეპოქის სულისკვეთებას ასახავს, რომელშიც შეიქმნა.
განსაკუთრებით ემოციურია საბჭოთა პერიოდის იმ აფიშების ხილვა, სადაც ამაყი წარწერა გვამცნობს – „ანსამბლი საქართველოდან“ და არა საბჭოთა კავშირიდან.

სოლიკო ვირსალაძის გენიალურობა და შემოქმედებითი ჟინი გამოფენაზე წარმოდგენილ კოსტიუმებში ყველაზე კარგად ჩანს. მისი მთავარი მიზანი იყო, შეექმნა ის, რასაც ანალოგი არ ექნებოდა.
სწორედ ამიტომ, ის არ იყენებდა მზა ქსოვილებს, ირჩევდა თეთრ აბრეშუმს და უნიკალურ ფერებს თავად, ხელით ქმნიდა. შედეგად, მის ხელწერად ქცეული შაბიაბნისფერი, წითელი, შავი და ოქროფერი სამოსი იქმნებოდა. ამის საუკეთესო მაგალითია ლეგენდარული „სამაიას“ თვლებით მოჭედილი კოსტიუმი, რომელიც დღეს უკვე სამუზეუმო ექსპონატია.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება უმცროსი ნინო სუხიშვილის მიერ შექმნილი კოსტიუმები. როგორც იცით, ბოლო 25 წელია, ის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია და ვირსალაძის შთაგონებით გამორჩეულად მსუბუქ, ჭრელ და ჰაეროვან სამოსს ქმნის.
ვიზიტორებს საშუალება ექნებათ იხილონ ნინოს მიერ შექმნილი ჯუთას, ცეკვა-თამაშის, ნანილას, ქალების სამანისა და ხორუმის კოსტიუმები.

სუხიშვილებს მთავარ სპონსორებთან, საქართველოს ბანკთან და SOLO-სთან სწორედ ეს სულისკვეთება – მუდმივი განახლება, დაუოკებელი ჟინი და წინსვლა აერთიანებს. ჩვენი პარტნიორობა უზრუნველყოფს, რომ ქართული ცეკვის უნიკალური ტრადიცია კვლავ ცოცხლობდეს და მსოფლიო არენაზე საქართველოს სახელი ღირსეულად იყოს წარმოდგენილი.
ამიტომ, არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, ეწვიოთ ამ უნიკალურ გამოფენას და თავად გახდეთ 80-წლიანი ტრიუმფის ნაწილი. ეს არის ისტორია, რომელმაც მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა და ქართული კულტურის სიდიადე დაანახა.