შემოდგომა თბილისში ლიტერატურულ დღესასწაულს აბრუნებს – 14, 15 და 16 ნოემბერს ექსპო ჯორჯია კვლავ უმასპინძლებს წიგნის მოყვარულებს თბილისის წიგნის დღეებზე. ეს არის წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გამომცემლების, ავტორებისა და, რაც მთავარია, მკითხველებისთვის, რომლებიც მოუთმენლად ელიან ახალ გამოცემებთან შეხვედრასა და საინტერესო ფასდაკლებებს.
ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდამჭერი უკვე მესამე წელია საქართველოს ბანკია. იმისთვის, რომ წიგნების მრავალფეროვნებაში გზის გაკვალვა გაგიადვილდეთ, ჩვენ შევადგინეთ რეკომენდაციების სია როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვებისთვის – წიგნები, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაუგოთ თქვენს შვილებს და მათთან ერთად იმოგზაუროთ ფანტაზიის სამყაროში.
წიგნები მშობლებისთვის
1. “ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ” – ფილიპა პერი
ეს წიგნი თანამედროვე მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრაქტიკული სახელმძღვანელოა. ცნობილი ფსიქოთერაპევტი, ფილიპა პერი, განიხილავს ფუნდამენტურ კითხვას: როგორ გავზარდოთ ბედნიერი შვილი?
ავტორი არ გვთავაზობს „სრულყოფილი“ გეგმის შემუშავებას, რაც ხშირად სტრესული და არარეალისტურია. ამის ნაცვლად, პერი გვირჩევს, შორიდან, მთლიანობაში შევხედოთ იმ დეტალებს, რომლებსაც საბოლოო ჯამში მშობლისა და შვილის კარგი ურთიერთობისკენ მივყავართ. ეს წიგნი გვახსენებს და გვეხმარება, გავიგოთ, როგორი გავლენა აქვს ჩვენსავე აღზრდას ჩვენი მშობლობის სტილზე. ის გვასწავლის, რომ შეცდომებს აუცილებლად დავუშვებთ, და რაც მთავარია, გვიჩვენებს გზებს, თუ როგორ გამოვასწოროთ ისინი.
ამ წიგნის წაკითხვას ყველა მშობელი ისურვებდა და ყველა შვილი იოცნებებდა, რომ მის მშობლებს წაეკითხათ.
2. “როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს ისე, რომ მოგვისმინონ და როგორ მოვუსმინოთ ბავშვებს ისე, რომ გველაპარაკონ” – ადელ ფაბერი და ელეინ მაზლიში
ოდესმე გიგრძვნია, რომ შენი სიტყვები ბავშვამდე უბრალოდ არ აღწევს, თითქოს უხილავ კედელს ესაუბრები? ადელ ფაბერისა და ელეინ მაზლიშის ეს მსოფლიო ბესტსელერი ამ კედლის დანგრევაში გეხმარება. წიგნი გვთავაზობს პატივისცემაზე დამყარებულ მიდგომას, რომელიც ამცირებს ყოველდღიურ სტრესს და ურთიერთობას უფრო ღრმასა და ღირებულს ხდის.
მისი მთავარი ხიბლი კი საყვარელი, მარტივი ნახატებია, რომლებიც რთულ ფსიქოლოგიურ ხერხებს მოქმედებაში გვიჩვენებს და მათ დამახსოვრებას აადვილებს. ეს არის პრაქტიკული ინსტრუმენტების კრებული, რომელიც გასწავლის, როგორ მოუსმინო ბავშვებს ისე, რომ მათ ლაპარაკი მოუნდეთ და, ამავდროულად, იყო უფრო ლოიალური საკუთარი თავის მიმართ.
3. “ჩუმად უნდა იჯდე” – თამარ გეგეშიძე
რა ვიცით სინამდვილეში მოზარდებზე, მათ პრობლემებსა და შეხედულებებზე? ეს წიგნი გვიწვევს, ჩავიხედოთ თოთხმეტი წლის ბიჭის სამყაროში – ბიჭის, რომელსაც თითქოს არაფერი იტაცებს, არ ჰყავს ავტორიტეტები და გულგრილობის ნიღბის მიღმა მხოლოდ იმას ნატრობს, რომ მისგან არაფერი მოითხოვონ.
მაგრამ ეს ამბის მხოლოდ ერთი მხარეა. მეორე მხარეს დგას ჩვეულებრივი მასწავლებელი, თავისი განცდებითა და ცხოვრებით. რომანი გვიჩვენებს, თუ რამდენად განსხვავებულად აღიქვამენ ერთსა და იმავე მოვლენას მოზარდები და ზრდასრულები და სად ეჯახება ერთმანეთს მათი ინტერესები. ეს არის წიგნი, რომელიც უფროს თაობასა და მოზარდებს შორის არსებულ უფსკრულს იკვლევს.
წიგნები ბავშვებისთვის
1. “პეპი გრძელწინდა” – ასტრიდ ლინდგრენი
ყველაფერი ერთი თხოვნით დაიწყო, როცა ასტრიდ ლინდგრენს შვილმა პეპი გრძელწინდას ამბების მოყოლა სთხოვა. ასე დაიბადა პერსონაჟი, რომელიც ათწლეულების შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას და თაობების საყვარელ, დაუმორჩილებელ გმირად რჩება.
ცხრა წლის პეპი – პეპილოტა დელიკატესა ჟალუზინა რუკოლპიტნა გრძელწინდა – ცხენთან და მაიმუნთან ერთად ცხოვრობს, არც სკოლაში დადის და არც მოქცევის წესები იცის, მაგრამ მერე რა! სამაგიეროდ, მას ოქროს გული აქვს: დაუფიქრებლად ეხმარება გასაჭირში ჩავარდნილებს, რისხვად ევლინება პატარებისა და ცხოველების მჩაგვრელებს და ყველაზე მოწყენილ ადამიანსაც კი ღიმილს გვრის.
ის არის ლაღი, კეთილი და თავისუფალი სულის სიმბოლო. ეს ის კლასიკაა, რომელიც ყველა ბავშვის წიგნის თაროს უნდა ამშვენებდეს, რათა მათაც ისწავლონ, რომ ყველაზე დიდი ძალა სიკეთესა და თავისუფალ სულშია.
2. “მოკლე კატოს თავგადასავალი” – ზაირა არსენიშვილი
ზაირა არსენიშვილის ეს ლიტერატურული ზღაპარი არის ამბავი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთი ჩვეულებრივი გოგონას ცხოვრება მოულოდნელად ჯადოსნურ მოგზაურობად იქცეს. მთავარი გმირი კატო დიდ ქალაქში ცხოვრობს, ბაღში დადის და, როგორც ბევრ ბავშვს, ნაყინი უყვარს, რაც მას საოცარ თავგადასავალში ჩაითრევს და უკვდავების წყაროს საძებნელად გაამგზავრებს.
გზად ის შეხვდება მზეთუნახავ კისკისას, ბერ ქედანს, კატა შავრას და ოქროს ვერძსაც კი, რომელიც ცაში ააფრენს. ეს სიბრძნით, იუმორითა და სიკეთით გამორჩეული ქართული ზღაპარია, რომელსაც თათია ნადარეიშვილის შთამბეჭდავი ილუსტრაციები განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ეს წიგნი თქვენს პატარებს ასწავლის მეგობრობისა და სიკეთის ნამდვილ ძალას.
3. “პატარა პრინცი” – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცი“ ლიტერატურული ფენომენია, რომელიც ყველა ასაკში სხვადასხვანაირად იკითხება და არასდროს კარგავს თავის ჯადოსნურ ძალას. ეს არის ყველა დროის ბესტსელერი, რომელშიც ავტორმა, სამხედრო პილოტმა, საკუთარი საავიაციო გამოცდილება და ცხოვრებისეული ფიქრები ჩააქსოვა.
ნაწარმოები გვიყვება გულისამაჩუყებელ ამბავს მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც მწერალი დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით გადმოგვცემს. ეს არ არის უბრალოდ ზღაპარი, ეს არის საუბრის დასაწყისი თქვენსა და თქვენს შვილს შორის ცხოვრებაში ყველაზე მთავარზე – იმაზე, რასაც თვალით ვერ ვხედავთ და რაც მხოლოდ გულით შეიგრძნობა.
4. “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” – მარკ ტვენი
მარკ ტვენის ეს კლასიკური ნაწარმოები, „ტომ სოიერის თავგადასავლის“ გაგრძელება, იდეალური საკითხავია ყველა ბავშვისთვის, ვისაც თავგადასავლების დაუოკებელი სურვილი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჰეკლბერი ფინს ქვრივი დუგლასი შეიფარებს, ის ვერ ეგუება „ცივილიზებულ“ ცხოვრებას – ხელების დაბანასა და სუფთა ლოგინში ძილს. მას ისევ თავის ძველ კასრში ურჩევნია ცხოვრება.
ეს არის ნაწარმოები, რომელიც თქვენს შვილს საკუთარი ღირებულებების ერთგულებას, მეგობრობასა და საკუთარი გზის ძიების მნიშვნელობას ასწავლის.
და იმისთვის, რომ ეს ლიტერატურული თავგადასავალი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, საქართველოს ბანკი სპეციალურ შეთავაზებებს გთავაზობს:
- PLUS ბარათით გადახდისას დააგროვებ 10-ჯერ მეტ PLUS ქულას (მაქსიმუმ 20 000 PLUS ქულა)
- sCool Card-ის მფლობელები კი მიიღებენ 20%-იან ქეშბექს (მაქსიმუმ 20 ლარის ოდენობით)
გაითვალისწინე, რომ sCool Card-ის შეთავაზების მისაღებად, ის sCoolApp-ში უნდა გაააქტიურო.
ესტუმრე თბილისის წიგნის დღეებს და გაამდიდრე შენი ოჯახის ბიბლიოთეკა.