Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ალექსანდრე ლორთქიფანიძის 5 რეკომენდაცია თბილისის წიგნის დღეებისთვის

თბილისის წიგნის დღეები დასრულდა? ალექსანდრე ლორთქიფანიძე 5 წიგნს გირჩევს, რომელთა წაკითხვაც არასდროსაა გვიან. აღმოაჩინე შენი შემდეგი ფავორიტი ახლავე!

14, 15 და 16 ნოემბერს თბილისის წიგნის დღეები ­გაიმართა. როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საქართველოს ბანკი უკვე მესამე წელია, რაც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების გენერალური სპონსორია.

ღონისძიება უკვე დასრულდა, თუმცა კარგი წიგნების აღმოჩენა და შეძენა არასდროს არის გვიან. თუ წიგნის დღეებზე დასწრება ვერ მოახერხე ან ახალი საკითხავის ძიებაში ხარ, გთავაზობთ ალექსანდრე ლორთქიფანიძის ბლოგს. აღმოაჩინე 5 წიგნი, რომელთა შეძენა წიგნის მაღაზიებში კვლავ შესაძლებელია.


14 თებერვლის გასაკრიტიკებლად რომ ამბობენ ხოლმე, განა ყველა დღე სიყვარულის არააო? ხომ გაგიგიათ? აი ეგრე, ჩემთვის ყველა დღე წიგნისაა, მაგრამ “წიგნის დღეები” მოდის და ყველაზე კარგი ამაში ისაა, რომ ახალი წიგნების შეძენაა შესაძლებელი, ანუ ახალ სამყაროებში შებიჯება და ახალ პერსონაჟებთან შინაგანი დიალოგის გაბმა. იფ.

ბევრი წიგნის ყიდვას ვაპირებ, მათ შორის კი ერთი აუცილებლად იქნება ჯეიმს ბოლდუინის “ჯოვანის ოთახი”. ან აქამდე როგორ არ გვქონდა ეს წიგნი ქართულად. ამერიკელი დევიდის პარიზული თავგადასავალი, რომლის დროსაც პარიზზე მეტად, პერსონაჟს საკუთარ თავსა და იდენტობაში უწევს ქექვა და მოგზაურობა. ეს კი მტკივნეულია, მით უფრო მაშინ, როცა არ სურს სიმართლეს თვალი გაუსწოროს, მიიღოს საკუთარი რეალობა და ამით ბედნიერების პოვნა. როგორ ანგრევს საზოგადოებრივი კონსტრუქციები ადამიანებს და მათ ბედნიერებას, ჯეიმს ბოლდუინმა იცოდა.

მე-20 საუკუნის ამერიკელებში კიდევ ერთი მაგარი მწერალი უნდა ვახსენო – შერვუდ ანდერსონი, თავისი წიგნით “უაინსბურგი, ოჰაიო”. პატარა ქალაქის პატარა გაზეთის ჟურნალისტი, შესაძლოა, ყველაზე უკეთ ხედავს და გრძნობს, რომ პატარა ქალაქის პატარა გაზეთის ჟურნალისტია. ჯორჯ უილარდის მარტოობა და ერთგვარად ჩაკეტილი სივრციდან გაღწევის ძლიერი სურვილი ამერიკული მოდერნიზმის ერთ-ერთ საუკეთესო რომანს უყრის საფუძველს.

ახლა საქართველოსა და დრამატურგიაზე ვისაუბროთ. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა მოვლენა ჩემთვის ნამდვილად არის თემო რეხვიაშვილის “პათეტიკური მონოლოგები”, რომელნიც ამჯერად უკვე წიგნად გამოიცა და შესაბამისად, შეგვიძლია წავიკითხოთ. თემო “კურიერის ამბებით” შეამჩნია საზოგადოებამ, თუმცა თეატრში ის კიდევ უფრო შესამჩნევია, თანამედროვე პრობლემებსა თუ ჩვენი ყოფის თავისებურებებზე ხალასი იუმორით სავსე ეს ტექსტები არ უნდა გამოგრჩეთ.

კიდევ ერთი, საქართველოსა და, ამჯერად, პოეზიაზე. წილად მხვდა ბედნიერება წინასწარ გავცნობოდი კიდევ ერთი თანამედროვე ქართველი ავტორის, პოეტ ნატო ინგოროყვას ახალ პოეტურ კრებულს “Memento Memorias” და ახლა ერთი სული მაქვს, შევიძინო კიდეც ეს წიგნი. პოეზიის მოყვარულებს კრებული თავბრუს დაახვევს, ბავშვობაშიც გადაისვრის, საკუთარ თავშიც ჩაახედებს და დიდ ემოციურ ატრაქციონსაც შესთავაზებს. ღვედები კარგად გადაიჭირეთ, მსუბუქი მოგზაურობა არ იქნება.

ბოლოს კი, ლიტერატურულადაც და ყოველსხვაგვარადაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომ წიგნის დღეებზე შეგვეძლება შევიძინოთ ახალი და ძალიან საჭირო კრებული – “თანამედროვე სომხური პროზა”. გარდა იმისა, რომ საჭიროა მეზობლებს უკეთ ვიცნობდეთ, ვფიქრობ ეს კრებული შინაარსითაც განსაკუთრებულად საინტერესო იქნება ქართველი მკითხველისთვის. 24 თანამედროვე ავტორის ნაწარმოებები სომხური რეალობის, პრობლემატიკისა თუ ხედვების ფართო სპექტრს წარმოგვიდგენს. რაღა დაგიმალოთ და მოშოპინგების მერე, მგონი კითხვასაც ამით დავიწყებ.

აბა, წარმატებულ თავგადასავალს გისურვებთ “წიგნის დღეებზე”.

ავტორი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს