Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ისწავლე AI სრული დაფინანსებით: სტიპენდია გოგოებისთვის | ინტერვიუ მარიამ ლეკვეიშვილთან

AI სტიპენდია გოგოებისთვის: ისწავლე სრულად დაფინანსებით! გაიგე, რატომ არის ქალების როლი AI-ში კრიტიკული და შეცვალე შენი მომავალი. შეიტყვე მეტი.

ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე ყველა ინდუსტრიაში ამარტივებს რთულ პროცესებს, თუმცა ამ დიდ ტრანსფორმაციაში ქალების ჩართულობა კვლავ კრიტიკულად დაბალია.

სწორედ ამ რეალობის შესაცვლელად და ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) და Mastercard-თან ერთად ახალი ინიციატივით გამოდის.

AI სტიპენდიით გოგოებს შეუძლიათ 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საქართველოს 6 წამყვან აკადემიაში. თუ გაინტერესებს AI, უბრალოდ არ იცი, საიდან დაიწყო, ეს სტიპენდია შენთვისაა.

და იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, რატომ არის ქალების როლი AI-ში ასეთი მნიშვნელოვანი, ჩვენ მარიამ ლეკვეიშვილს – ინოვაციების მენეჯერს ვესაუბრეთ, რომელმაც მაგისტრის ხარისხი ლონდონის გოლდსმითის უნივერსიტეტში მდგრადი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით დაიცვა და ყოველდღიურად იღებს მონაწილეობას AI პროდუქტების შექმნასა და განვითარებაში.

როგორც მარიამი გვეუბნება, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სფეროში მუშაობ, AI-ს ეფექტური გამოყენება ზრდის პროდუქტიულობას და კონკურენტუნარიან კადრად გაქცევს.

ამისათვის არ არის საჭირო კოდის წერა შეგეძლოს, მთავარია იცოდე, როგორ გამოიყენო ბაზარზე არსებული უამრავი ხელსაწყო შენი მიზნების მისაღწევად

ზოგჯერ, გარე ფაქტორებზე არანაკლებ ხელისშემშლელი შინაგანი ბარიერებია. მარიამის დაკვირვებით, ქალები ხშირად მეტად ფრთხილობენ და მხოლოდ მაშინ აგზავნიან განაცხადს, როცა თავს 100%-ით მზად გრძნობენ. ამიტომ, საჭიროა მეტი სითამამე და სისწრაფე, რადგან:

AI ძალიან სწრაფად ვითარდება და მასთან ერთად მრავალი დარგიც, შეუძლებელია გქონდეს აბსოლუტური მზაობა, მთავარია, სცადო ამ პროცესს ფეხი აუწყო

გარდა პირადი კარიერული წინსვლისა, ქალების ჩართულობა ტექნოლოგიების სფეროსთვისაც კრიტიკულია. ბევრს ჰგონია, რომ ხელოვნური ინტელექტი ობიექტურია, თუმცა რეალობა სხვაგვარია:

AI სწავლობს იმ მონაცემებზე, რომლებსაც ვაწვდით და ხშირად ირეკლავს შემქმნელის ცნობიერ თუ არაცნობიერ სტერეოტიპებს. ამიტომ არსებითია, რომ მოდელზე მუშაობისას მრავალი პერსპექტივა იყოს გათვალისწინებული, არა მხოლოდ გენდერული, არამედ კულტურული მრავალფეროვნებაც, რათა არ მივიღოთ რეალობა, რომელშიც მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის ხედვაა პრიორიტეტული და დომინანტური

მარიამის თქმით, ქალებისთვის დაწესებული სტიპენდიები ბარიერების შესამცირებლად და  გენდერული ბალანსის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია:

სტიპენდიის დაწესება ამცირებს ფინანსურ ბარიერს და რისკს კარიერის ადრეულ სტადიაზე მყოფი და დაბალი შემოსავლის მქონე ქალებისთვის, მათ ხელს უწყობს უნარების განვითარებასა და ახალი ცოდნის შეძენაში, ეს კი საბოლოოდ სფეროში ქალი მენტორების რიცხვის ზრდასაც განაპირობებს

მისაბაძი მაგალითები საუკეთესო სტიმულია. მიუხედავად იმისა, რომ ტექ-გიგანტების სათავეში ძირითადად კაცები დგანან, OpenAI-ს ტექნოლოგიური დირექტორი, რომელმაც მსოფლიოს ChatGPT გააცნო, ალბანელი ქალი – მირა მურატი იყო.

როდესაც რომელიმე დარგში გარკვეული ჯგუფი მეტად არის წარმოდგენილი, ეს თანდათან ნორმალიზდება და ჯგუფის წევრებს ბუნებრივად უძლიერებს მოტივაციას, ძალას და თავდაჯერებას, რომ გაბედონ და შესაბამისად მიაღწიონ წარმატებას ამ დარგში. AI ყველა სფეროშია ინტეგრირებული და ჩვენს ყოველდღიურობას გარდაქმნის, შესაბამისად, არსებითია, რომ აქ ქალების ხმა ხმამაღლა ჟღერდეს

მოკლედ, თუ გაინტერესებს ხელოვნური ინტელექტი და გინდა გახდე პროფესიონალი შენს სფეროში, გაიმარტივო სამუშაო პროცესები, გაქვს შანსი, მოიპოვო 100%-იანი დაფინანსება პარტნიორ 6 წამყვან აკადემიაში.

არ გადადო განვითარება, შეარჩიე შენთვის სასურველი აკადემია და გახდი იმ მომავლის ნაწილი, რომელსაც ერთად ვქმნით.

გაიგე მეტი AI სტიპენდიის შესახებ.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს