საქართველოს ბანკისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება.
ინიციატივის ფარგლებში, ნებისმიერ მოტივირებულ, ნიჭიერ და აქტიურ ახალგაზრდას, რომელმაც ბაკალავრის საფეხურზე სწავლა დაასრულა, აქვს შესაძლებლობა, შეავსოს განაცხადი, გაიმარჯვოს და გაემგზავროს ამერიკაში მსოფლიოში აღიარებულ უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად.
„განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ საუკეთესო განათლება. ამ მიზნით ბანკი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, აქტიურად არის ჩართული სასტიპენდიო თუ საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერაში. აშშ მთავრობასთან ერთად ფულბრაიტის სტიპენდიის დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა ყოველწლიურად ნიჭიერ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე მიიღონ დაფინანსება. ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშშ-ში უკვე გაემგზავრა 6 საუკეთესო სტუდენტი. გვინდა ყველა სტუდენტს ვუსურვოთ წარმატებები“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას აშშ-ს საელჩო უწევს. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას მთელს მსოფლიოში. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა აშშ-ში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე, მათ შორის, ბიზნესის ადმინისტრირებაზე, სურს. პროგრამის კურსდამთავრებულებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, სახელმწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.