საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, იდეათეკის პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდა და ამჯერად, გამონაკლისის სახით, ახალი სივრცე დაბა მანგლისში, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაში გაიხსნა.
იდეათეკაში ახალგაზრდებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაში განთავსებული 3000-მდე წიგნით, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით – კომპიუტერებითა და პროექტორებით. ახალ სივრცეში მოწყობილია STEM კუთხეც, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ გაეცნონ მომავლის პროფესიების საფუძვლებსა და STEM მეცნიერების ბაზისებს.
“წლებია, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 10 რეგიონის 22 სკოლის 12 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეზე. ახლა კი იდეათეკა მანგლისში, საჯარო ბილბიოთეკის შენობაში გავხსენით. გვჯერა, მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე ადგილობრივ ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, ყოველდღიურად შეიმეცნონ რაღაც ახალი და შეიქმნან ბაზისი მომავალი კარიერული თუ პიროვნული განვითარებისთვის. საქართველოს ბანკში კარგად გვესმის განათლების მნიშვნელობა და გვჯერა, რომ სწორედ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან უკეთეს მომავალს. ამ მიზნით, ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ საქართველოს მასშტაბით იდეათეკების გახსნას და ამით ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას“, – აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.