5 წუთი წასაკითხად
ხელოვნების კოლექციონერობა დამწყებთათვის: მითები, ინტუიცია და პრაქტიკული რჩევები – ერიკ შლოსერის გზამკვლევი
19 მაი. 2026
5 წუთი წასაკითხად
დამკვიდრებული მოსაზრებით, შეიძლება ხელოვნების ნიმუშით ბევრი ტკბებოდეს, მაგრამ მისი ფლობა მხოლოდ ერთეულების ხვედრია – კოლექციონერობა მათთვისაა, ვისაც დიდი მატერიალური და სოციალური კაპიტალი აქვს. თბილისის ხელოვნების ბაზრობის (TAF) არტ-დირექტორი, კურატორი და ხელოვნების დილერი, ერიკ შლოსერი, ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
მისი აზრით, კოლექციონერობისთვის უპირველესად ვნებაა საჭირო. ვნება ხელოვნების, კულტურის, ცხოვრების, შემოქმედების, ემოციების, ადამიანების თუ ისტორიის მიმართ.
ბლოგში ერიკ შლოსერთან ინტერვიუს წაიკითხავთ, სადაც შეიტყობთ, რა არის მითი და რეალობა არტკოლექციონერობის შესახებ, როგორ უნდა იზრუნოთ კულტურულ ინტუიციაზე და შეარჩიოთ პირველი ნამუშევარი.
კოლექციონერები ხშირად შეუმჩნევლები რჩებიან კულტურულ დისკუსიებში, თუმცა მათ გარეშე კულტურული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი უბრალოდ გაქრებოდა. რა როლს ასრულებს კოლექციონერი კულტურული დინამიკის ფორმირებასა დაშენარჩუნებაში და რა მაგალითები არსებობს ამის?
ძალიან სწორად ჩამოაყალიბეთ. კოლექციონერები არიან და ყოველთვის იყვნენ იმის მცველები, რაც უნდა გადარჩეს და მომავალ თაობებს გადაეცეს.
რა არის პირველი სამიზნე ავტორიტარული მთავრობისთვის? კულტურა. კულტურის გარეშე ჩვენ ვკარგავთ ისტორიას, იდენტობას, ღირებულებებს; ვიქცევით ცარიელ გარსებად, რომლებიც მარტივად ივსება პროპაგანდისტული რიტორიკით.
იმის გადაწყვეტით, თუ რა არის მნიშვნელოვანი, კოლექციონერი მნიშვნელობას სძენს და აყალიბებს კულტურას. ისტორიის მანძილზე ამის უამრავი მაგალითი არსებობს. თუ მხოლოდ ცნობილ სახელებს ჩამოვთვლით, მე-13 საუკუნის მედიჩებიდან დაწყებული: ბარნსის, პეგი გუგენჰაიმის, უიტნის, პოლ გეტის, რობერტ და ეთელ სკალების, ბერნარ არნოს ჩათვლით.
თუმცა, ასევე არსებობს უამრავი ნაკლებად ცნობილი ადამიანი, რომლებმაც საკვანძო როლი ითამაშეს 80-იან წლებში და ჩამოაყალიბეს თანამედროვე ხელოვნების სამყარო, აღმოაჩინეს და ისტორიას შემოუნახეს ისეთი ხელოვანები, როგორებიც არიან ბასკია, კიფერი, კრეგი, შერმანი, პოლკე…
რა არის ყველაზე დიდი მითი ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობის შესახებ და, თქვენი აზრით, საიდან იღებს ის სათავეს?
საზოგადოებაში დამკვიდრებული მოსაზრებით, კოლექციონერი აუცილებლად შეძლებული ადამიანია, რომელიც ქონების გასაზრდელად სხვადასხვა სპეკულაციას მიმართავს. რეალურად, ადამიანებს, რომლებიც ხელოვნებას მორიგ ფინანსურ ინსტრუმენტად აღიქვამენ, ინვესტორები უნდა ვუწოდოთ. სწორედ ხელოვნების ამგვარმა კომერციულმა აღქმამ განაპირობა NFT-ების პოპულარობა და 2019 წელს მაურიციო კატელანის კრიტიკული ნამუშევრის, „კომედიანტის“ (რომელიც საზოგადოებისთვის „ბანანის“ სახელითაა ცნობილი) მასშტაბური ცნობადობა.
„კომედიანტის“ შემთხვევა ამ მიდგომის საუკეთესო ილუსტრაციაა. 2019 წელს ნამუშევარი 120,000 დოლარად გაიყიდა, თუმცა რეალურად გასხვისდა არა ფიზიკური ობიექტი, არამედ სერტიფიკატი. ეს დოკუმენტი მყიდველს ანიჭებდა უფლებას, წებოვანი ლენტით მიეკრა ბანანი კედელზე და მისთვის კატელანის ნამუშევარი ეწოდებინა. მაშინ საზოგადოება მხოლოდ ბანანზე საუბრობდა და სწორედ ეს დეტალი ჩაიბეჭდა ხალხის გონებაში, თუმცა კონცეპტუალურად მას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ხელოვნების კომერციალიზაცია სწორედ ასეთ ფუნდამენტურ გაუგებრობებს იწვევს.
რა სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ ხელოვნების კოლექციონერი გახდეს – ფულის გარდა?
მოდი, იქიდან დავიწყოთ, რომ არც ფულია გარდაუვალი საჭიროება კოლექციონერისთვის. ეს პირველი მითია, რომელიც აუცილებლად უნდა დავამსხვრიოთ. ყველაზე გავლენიანი ხელოვნების კოლექციონერები, რომლებმაც დღევანდელი ხელოვნების სცენა მნიშვნელოვნად განსაზღვრეს, სულაც არ იყვნენ მდიდრები.
მათ ჰქონდათ ვნება.
მთავარი ვალუტაა – ძლიერი ინტერესი ხელოვნების, შემოქმედების, ემოციების, ადამიანების, ისტორიისა და ცხოვრების მიმართ.
გემოვნების გამომუშავება შესაძლებელია, კულტურული ინტუიცია კი უფრო მეტად მოუხელთებელი, კომპლექსური და, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი უნარია კოლექციონერისთვის. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ამ ინტუიციის გამომუშავება?
საინტერესო კითხვაა. ვფიქრობ, თუ ადამიანს ბავშვობიდან არ ჰქონია უშუალო შეხება ხელოვნებასთან, ფერწერასთან, თეატრთან, წიგნებთან თუ მუსიკასთან (მოგეხსენებათ, ხელოვნების სხვადასხვა დარგი მუდმივად კვებავს ერთმანეთს), მოკლედ, თუ მისი ყურადღება კულტურისკენ არ იყო მიმართული, ზრდასრულ ასაკში თვითგანათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება.
თვითგანათლება აქტიური პროცესიც შეიძლება იყოს, მაგალითად: გამოფენებზე სიარული, კითხვა, ყურება – ზიარება ისეთ ხელოვნების ნიმუშებთან, რომლებმაც დროს გაუძლეს და კაცობრიობისთვის მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ მემკვიდრეობად იქცნენ. და პასიურიც: თქვენს გემოვნებას აყალიბებს ყველაფერი, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ისმენთ, ხედავთ, აგემოვნებთ ან ამბობთ.
რაც არ უნდა იყოს, მინდა მკითხველს ვუთხრა, რომ ყოველთვის, უპირველეს ყოვლისა, ინტუიციას ენდოს. მიუხედავად იმისა, რომ ინტუიცია რთულად ასახსნელი ფენომენია, ის მხოლოდ თქვენია. როდესაც საქმე ხელოვნების ნიმუშის შეძენას ეხება, მთავარი კრიტერიუმი სწორედ ეს უნდა იყოს – ნამუშევარი შინაგანად უნდა გავსებდეთ და თქვენს ემოციებს ეხმიანებოდეს.
როგორ მივხვდეთ, რომ კონკრეტული ხელოვნების ნამუშევარი არის ის ერთადერთი? თქვენი აზრით, გადაწყვეტილება უფრო მეტად ინსტინქტური უნდა იყოს თუ რაციონალური?
ვფიქრობ, „იმ ერთადერთის“ ძებნა ძალიან რთული ამოცანაა. თუმცა, ხანდახან ისეც ხდება ხოლმე, რომ ნამუშევარი განსაკუთრებით და ამოუხსნელად გვხიბლავს. ამ დროს რაციონალურობა უნდა დავივიწყოთ. თუ ნამუშევარი მოგწონთ, ეს მრავალი სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული. რაღაც ნამუშევარში მისტიკური ან სრულიად გასაგები მიზეზით განსაკუთრებით შეგეხოთ. ეს შეიძლება გარკვეული ჟესტი იყოს, ფერთა კომბინაცია ან თემატიკა – ნებისმიერი რამ, რაც ამ ნამუშევრის საზღვრებს შიგნით ხდება.
საინტერესოა. ვთქვათ, ვენდეთ ინტუიციას, ახლა გალერეაში ნამუშევრის წინ ვდგავართ და პირველად ცხოვრებაში სერიოზულად ვფიქრობთ შენაძენის გაკეთებაზე – რა არის ის კითხვები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავუსვათ გალერისტს ან ხელოვანს გადაწყვეტილების მიღებამდე?
ყველა ნამუშევარი ვიღაცის ნაწილია, ცხოვრების მონაკვეთს, ფიქრებს, გრძნობებსა და ხელოვანის ოსტატობას ასახავს. არის შემთხვევები, როცა მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რომ ნამუშევარმა მიგიზიდათ. მისი შექმნის, ტექნიკის თუ ხელოვანის სხვა ნამუშევრების შესახებ დეტალები მეორეხარისხოვანია და ინფორმაციის ფლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ხანდახან ინფორმაციაში გარკვევა, თუ როგორ, რატომ და რანაირად შექმნა ხელოვანმა ნამუშევარი, შესაძლოა, სასარგებლო იყოს.
არსებობს ბიოგრაფიული და ტექნიკური კითხვები. კარგია, თუ გაიგებთ ხელოვანის, თავად ნამუშევრისა და ტექნიკის ისტორიას; ასევე მნიშვნელოვანია ხელოვანის სხვა ნამუშევრების ნახვაც, რათა მიხვდეთ, რამდენად მოგწონთ მისი შემოქმედება. რაც შეეხება ტექნიკურ ასპექტებს, მნიშვნელოვანია იკითხოთ, თუ როგორ განისაზღვრა ფასი: როგორია გამოფენებისა და გაყიდვების ისტორია, არის თუ არა ხელოვანის ნამუშევრები ცნობილ კოლექციებსა თუ მუზეუმებში, ადგილობრივად თუ საზღვარგარეთ.
თუ საქმე ეხება ახალგაზრდა ან შედარებით ახალბედა ხელოვანს, მისი ბიოგრაფია მოკლე იქნება, თუმცა ფასიც ამას უნდა ასახავდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ფასი თვითნებურად არ უნდა იყოს დადგენილი. ბოლოს, რჩევა უნდა იკითხოთ იმის შესახებაც, თუ სად და როგორ უნდა დაკიდოთ ნამუშევარი. მაგალითად, სჭირდება თუ არა მას მზის პირდაპირი სხივებისგან ან ჭარბი ტენიანობისგან დაცვა და სხვა მსგავსი დეტალები.
კოლექციონერთა წრეებში ღიად ავთენტურობაზე იშვიათად საუბრობენ. როგორ შეიძლება ნამდვილი ნამუშევრის ყალბისგან გარჩევა – რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
კარგი შეკითხვაა და სანამ გიპასუხებთ, უნდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოს ყველა მუზეუმსა თუ კოლექციონერის კოლექციაში მოიპოვება ყალბი ნამუშევრები. როდესაც არ არსებობს კონკრეტული ხელოვანის მკვლევართა ოფიციალური კომიტეტი თუ ფონდი, ავთენტურობის დადგენა ძალიან რთულდება. ამ დროს უნდა ეცადოთ და რაც შეიძლება მეტი დოკუმენტი შეაგროვოთ ნამუშევრის ნამდვილობის დასამტკიცებლად. მათგან უმნიშვნელოვანესია კატალოგები, სადაც ნიმუშის წარმომავლობისა და მისი მფლობელების შესახებ ინფორმაციაა შეტანილი.
თანამედროვე ხელოვნების შეძენის შემთხვევაში, როგორც წესი, ავტორი ცოცხალია, ამიტომ გადამოწმება უფრო მარტივია. TAF თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაა, მოდერნის მცირე სექციით, სადაც ასეთ ბევრ ნამუშევარს ნახავთ.
თანამედროვე ხელოვნებასთან და ცოცხალ ავტორთან დაკავშირებით ერთი ისტორია მახსენდება. რამდენიმე წლის წინ ერთ უკვე საკმაოდ ხანდაზმულ ხელოვანთან ნამუშევრის ავთენტურობის დასადასტურებლად მისივე ნახატი მივიტანე. ეჭვი არ მეპარებოდა იმაში, რომ ნახატი ნამდვილი იყო. ხელოვანმა ნახატს შეხედა და მითხრა, რომ ის მას არ ეკუთვნოდა. გავოგნდი. იქაურობა სიცარიელის განცდით დავტოვე. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ავტორი მართლაც აღნიშნული ხელოვანი იყო, თურმე, საკუთარი ნამუშევარი აღარ მოსწონდა და აღარანაირი სურვილი აღარ ჰქონდა, მასთან რაიმე კავშირი ჰქონოდა!
თუ თქვენშიც არსებობს კოლექციონერობის ვნება თბილისის ხელოვნების ბაზრობა (TAF) ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. TAF უნიკალური ღონისძიებაა კავკასიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელოვნებო პროცესებზე დასაკვირვებლად და სფეროს წარმომადგენლებთან შესახვედრად.
წელს TAF-ის მთავარი მხარდამჭერია SOLO. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებ გვერდს.