Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

რეზო გაბრიაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა - ლეო გაბრიაძე მამის არქივის შესახებ

ფაქტობრივად შეუძლებელია, რამე ტიპის შეხება გქონდეს თანამედროვე ქართულ კულტურასთან და რეზო გაბრიაძის მემკვიდრეობას ცნობიერად თუ გაუაზრებლად არ გადააწყდე. ხელოვანმა შეძლო, შეექმნა ქართული პოეტური სულის საუკეთესო განსახიერება: თავისუფლების, მსუბუქი შეშლილობისა და თავდაუვიწყარი სიყვარულის სამყარო, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე აქტუალობას არ კარგავს.

წელს გაბრიაძის თეატრის სპონსორია SOLO, პარტნიორობის ფარგლებში SOLO ბუტიკის ვიტრინები დამშვენდა ესკიზებით გაბრიაძის სამყაროდან, თეატრის სცენაზე კი შერეკილები გაცოცხლდნენ. სპექტაკლის ახალ სიცოცხლესთან ერთად, ჩვენ რეზო გაბრიაძის იმ ნამუშევრებით დავინტერესდით, რომლებსაც მზის შუქი ჯერ არ უნახავს და თეატრის არქივში საიმედოდ ინახება.

გაბრიაძის არქივში მიმალული მარგალიტების შესახებ ხელოვანი ლევან გაბრიაძე გვიამბობს, რომელიც უკვე 25 წელია, მამის მიერ დატოვებულ მემკვიდრეობას იკვლევს.

რეზოს უცნობი მემკვიდრეობა

არქივის კვლევა საკმაოდ ფაქიზი და დეტალური პროცესია, რომელსაც ლევანი ბოლო ორი წლის განმავლობაში არქივარიუსის დახმარებით უძღვება. კვლევის პარალელურად მიმდინარეობს მასალის კატეგორიზაცია და გაციფრულება. ლევანის თქმით, არქივში რეზოს ყველაზე ინტიმური და თავისუფალი ნამუშევრებია თავმოყრილი. 

ამ მასალებზე მუშაობისას დავრწმუნდი, რომ რეზო, როგორც მხატვარი, გაცილებით თავისუფალი და ბედნიერი იყო, ვიდრე როგორც მწერალი თუ რეჟისორი. როდესაც ამ ყველაფერს ერთიანობაში ხედავ, აცნობიერებ, რომ მხატვრობა მისი ერთგვარი თავშესაფარი იყო, ის ფარული და სათუთი სამყარო, რომელსაც ყველაზე მეტად უფრთხილდებოდა და რომელშიც თავს ყველაზე შეუზღუდავად გრძნობდა. აქ ის განსაკუთრებულად გაბედული და უკომპრომისო იყო. რეზო გაბრიაძის შემოქმედების ამ ყველაზე პირადული მხარის გარეშე, მისი, როგორც ხელოვანის სრულყოფილად გაგება, უბრალოდ შეუძლებელია.

არქივის დამუშავებასთან ერთად, თეატრის შენობაში მუზეუმის დაარსებაც იგეგმება, სადაც სხვადასხვა გამოფენა თუ ღონისძიება გაიმართება. დამთვალიერებელს კი ექნება შესაძლებლობა, ავტორის ამ სათუთ სამყაროს თავად ეზიაროს.

მუზეუმის გახსნასთან ერთად, გაგრძელდება როგორც თეატრალური, ისე საგამომცემლო საქმიანობაც. სცენაზე გაცოცხლდება რეზოს დრამატურგიული ნაწარმოებები, მათ შორის ის პიესაც, რომელიც აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო. გეგმაშია რამდენიმე წიგნის, მათ შორის – ავტობიოგრაფიულის გამოცემაც. შემოქმედებითი გუნდი სამომავლოდ ანიმაციური ფილმების წარმოებასაც განიხილავს.

რეზო გაბრიაძის პირველი სიყვარული 

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება რეზოს, ძირითადად, ტექსტებითა და სპექტაკლებით იცნობს, თავად ხელოვანი მიიჩნევდა, რომ ის პირველ რიგში მხატვარი იყო, რომელსაც წერაც შეეძლო. მისი შეხება ხელოვნებასთან ჯერ კიდევ ბავშვობაში, მოქანდაკე ვალიკო მიზანდარის სახელოსნოში დაიწყო. სწორედ იქ შეისწავლა ძერწვა თუ ხატვა და, რაც მთავარია, ეზიარა ხელოვნების უსაზღვრო სიყვარულს.

საკუთარი სამუშაო სივრცის არქონის მიუხედავად, ის ხატავდა ყოველთვის და ყველგან. 1981 წელს გაბრიაძის თეატრის დაარსებამ რეზოს მისცა საშუალება, მთელი არსებით დაბრუნებოდა მხატვრობას. თეატრის შექმნის მიზანიც, თურმე, ნაწილობრივ სწორედ ამ სურვილს უკავშირდებოდა.

ბედნიერება კი იმ ორ ოთახში იყო. ერთში თეატრალური სახელოსნო მოვაწყვე, მეორეში კი – ჩემი. ასე დავუბრუნდი ჩემი დანიშნულების ნავსაყუდელს. გამოვიგონე ჩემთვის პატარა თეატრი, იმის იმედით, რომ იქ, ჩემს სახელოსნოში მემუშავა. ჩემი ოცნება ასრულდა, მე დავუბრუნდი ფერწერასა და ქანდაკებას. უკვე სამუდამოდ. მადლობელი ვარ ბედის, თოჯინების და იმ პატარა კოლექტივის, რომელიც დაშარიშურობს ძველი თეატრის კუნჭულებში, – ვკითხულობთ თავად რეზო გაბრიაძის ჩანაწერებში

გაბრიაძის მემკვიდრეობის მომავალი

ლევანის თქმით, მსოფლიოში სხვადასხვა თეატრალური სკოლა არსებობს, მუშაობის საკუთარი მეთოდიკითა და ფილოსოფიით. რეზომაც თავის თეატრში არა მხოლოდ სპექტაკლები, არამედ საავტორო შემოქმედებითი მეთოდიკაც შექმნა. 

მე მთელი ცხოვრება ამ სივრცეში ვარსებობ და შეიძლება ითქვას, რომ მეც და ჩვენი თეატრის გუნდიც მისი მუშაობის მეთოდის მიმდევრები ვართ. ეს უბრალოდ თეატრი არ არის, ეს არის რეზოს დატოვებული საავტორო მიდგომა და ფილოსოფიური სამყარო. თეატრში ამ მეთოდით იზრდება ახალი თაობა, ვატარებთ საერთაშორისო კოლაბორაციებს. ჩემი მიზანია რეზოს მუშაობის ამ მეთოდის შენარჩუნება და პოპულარიზაცია.  

ფართო საზოგადოებისთვის რეზოს მემკვიდრეობის გაცნობა ეტაპობრივად მოხდება. პროექტები მათი რეზონანსულობისა და აქტუალობის მიხედვით შეირჩევა. ლევანის თქმით, ამ ეტაპზე მისთვის ყველაზე საინტერესო რეზოს უცნობ მხატვრულ ნამუშევრებზე მუშაობაა. იმისთვის, რომ ეს ნამუშევრები მსოფლიოს გააცნონ, ლევანი და მისი გუნდი გაბრიაძის თეატრში სპეციალურ გამოფენას გეგმავენ.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს

თაგები