2 წუთი წასაკითხად
47 ტონა შეგროვებული ელექტრონარჩენი: როგორ ჩაიარა ეკო-ფესტივალმა ლაგოდეხში
19 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
რა ბედი ეწევა ძველ მობილურ ტელეფონს, ყურსასმენებსა თუ სხვა მოწყობილობებს მას შემდეგ, რაც მათ გამოყენებას ვწყვეტთ? ხშირად ეს ნივთები ყოველდღიურ ნაგავში ხვდება და გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებს.
სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ასოციაცია ვეისთლესმა, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სპეციფიკური ნარჩენების მართვის პირველი, ფართომასშტაბიანი რეგიონული კამპანია – ეკომეგობრული კახეთი 2026 წამოიწყო. კამპანიამ მოლოდინს გადააჭარბა: რეგიონი 47 205 კგ ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა, 30 მაისს კი ლაგოდეხის პარკში ყველაფერი გრანდიოზული ეკო-ფესტივალით დაგვირგვინდა. მოდი, დეტალურად ვნახოთ, რა შედეგები მოიტანა ამ მასშტაბურმა ინიციატივამ.
1. ცოდნის გაზიარებიდან რეალურ მოქმედებამდე
ვეისთლესი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციაა, რომელიც 17 375-ზე მეტ ბიზნეს კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის მთავარი მიზანი კახეთის რეგიონში ნარჩენების მართვის მდგრადი სისტემის დანერგვა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა, რათა ისინი გარემოსდაცვით ინიციატივებში აქტიურად ჩაერთონ.
კამპანია ორი თვის განმავლობაში კახეთის 8-ვე მუნიციპალიტეტის (თელავი, ახმეტა, სიღნაღი, დედოფლისწყარო, საგარეჯო, ლაგოდეხი, ყვარელი და გურჯაანი) 35 შერჩეულ სკოლაში მიმდინარეობდა. ყველაფერი საგანმანათლებლო ინტერაქციული შეხვედრებით დაიწყო, სადაც მოსწავლეები ნარჩენების მართვის პრინციპებს გაეცნენ. ამის შემდეგ კი თეორია პრაქტიკაში გადაიზარდა: 35-ვე სკოლაში განთავსდა სპეციალური ყუთები და გამოცხადდა 14-დღიანი კონკურსი ელექტრონარჩენების შესაგროვებლად. მოსწავლეებს შეეძლოთ ჩაებარებინათ მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა თუ ყოველდღიური წვრილი მოწყობილობები.
2. გარემოს დაცვის სუპერგმირები: გამარჯვებული სკოლები
კონკურსის შედეგები მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 30 მაისს გამართულ ფესტივალზე ვეისთლესმა ფულადი პრიზებით ის სკოლები დააჯილდოვა, რომლებმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს გარემოს გასუფთავებაში:
- I ადგილი: ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლა (9 450 კგ) – 7 000 ლარი
- II ადგილი: სოფელ აფენის №1 საჯარო სკოლა (4 670 კგ) – 5 000 ლარი
- III ადგილი: ვარდისუბნის საჯარო სკოლა (4 475 კგ) – 3 000 ლარი
ეს თანხა გამარჯვებულ სკოლებში პირდაპირ ეკო-ინიციატივებსა და გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.
ამასთანავე, ასოციაციამ 1000-ლარიანი პრიზებით დააჯილდოვა ის სკოლებიც, რომლებმაც საკუთარ მუნიციპალიტეტებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. მათ შორისაა: სოფელ შილდის №1, საგარეჯოს №4, თელავის №9, დედოფლისწყაროს №2, სოფელ ბოდბის, ქვემო ალვანისა და გურჯაანის №2 საჯარო სკოლები.
3. TikTok კონკურსი და ახალგაზრდების ჩართულობა
ელექტრონარჩენების შეგროვებას საინფორმაციო მხარდაჭერას უწევდა TikTok კონკურსი. მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე 60-მდე შემეცნებითი და კრეატიული ვიდეო შექმნეს, რითაც ეკო-საკითხები თანატოლებისთვის ბევრად უფრო საინტერესო გახადეს.
4. როგორ ჩაიარა ეკო-ფესტივალმა?
კამპანია 30 მაისს, ლაგოდეხის პარკში საზეიმოდ შეჯამდა. ფესტივალმა ერთ სივრცეში გააერთიანა პროექტში ჩართული სკოლის მოსწავლეები, პარტნიორი კომპანიები და დაინტერესებული მოქალაქეები.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ეკო-მეწარმეების გამოფენას და ენახათ ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. პარტნიორმა კომპანიებმა მოაწყვეს ტექნოლოგიური ზონები, თემატური სივრცეები და თამაშები წრიული ეკონომიკისა და ნარჩენების მართვის შესახებ.
5. რა იქნება შემდეგი?
ვეისთლესის თავმჯდომარის, გიორგი გულიაშვილის განცხადებით, ახალგაზრდების მონდომებამ მოლოდინს გადააჭარბა და კახეთი 48 ტონამდე მავნე ნარჩენისგან სწორედ მათი დახმარებით გათავისუფლდა.
სწორედ ამიტომ, კამპანია სისტემურ და გრძელვადიან ხასიათს მიიღებს და ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში განხორციელდება, რათა ქვეყანაში ნარჩენების შეგროვების ევროპული პრაქტიკა დაინერგოს.
კახეთის ეკო-კამპანიამ ცხადყო, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია პოზიტიური ცვლილების ნაწილი გახდეს. ელექტრონარჩენების სწორად გადამუშავება არა მხოლოდ ბუნებაზე, არამედ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის აუცილებელი პირობაა.